მსოფლიოში ცნობილ საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარიში დასასრულს უახლოვდება საერთაშორისო კინოფესტივალი - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფორუმი. შაბათს, 8 ივლისს, გამოაცხადებენ გამარჯვებულების, პრიზიორების ვინაობას და, იმედია, მათ შორის იქნებიან ქართველი კინემატოგრაფისტებიც. ჩეხეთის ამ კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იქნა ნაჩვენები გიორგი ოვაშვილის ფილმი „ხიბულა“. გიორგი ოვაშვილი უკვე არაერთხელ იყო ჩვენი რადიოს რესპონდენტი, სულ რამდენიმე დღის წინ ახალ ფილმზე, "ხიბულაზეც", ისაუბრა. ახლა კი შემოგთავაზებთ ინტერვიუს მარიამ ხაჭვანთან - რეჟისორთან, რომლის ფილმი „დედეც“ ნაჩვენები იქნა კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში "დასავლეთის აღმოსავლეთი". ეს ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. მარიამ ხაჭვანი პრაღაში, რადიო თავისუფლების "მეათე სტუდიაში" მოვიწვიეთ და ვთხოვეთ, გაეზიარებინა შთაბეჭდილება: როგორ მიიღო მაყურებელმა მისი ფილმი.