31 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ დამფუძნებელი, ბექა წიქარიშვილი ნარკოდანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო და, სასჯელის სახით, 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. წიქარიშვილს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თუმცა, ოთხწლიანი ბრძოლის, ქუჩის აქციებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობისა და კანონის ცვლილების შედეგად, მისი დანაშაული გადაკვალიფიცირდა და ის მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის შეცვლილი კანონით გასამართლდა. ამ ოთხ წელში, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით, „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ არაერთი მშვიდობიანი აქცია გამართა. კანონი – ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა, როგორც ბექა წიქარიშვილი ამბობს, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს ძალიან მკაცრი ნარკოპოლიტიკა. რეფორმის საპარლამენტო განხილვა საშემოდგომო სესიებზე იგეგმება. რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაიწყო კამპანია „ბექა კრიმინალი არ არის“ და რას მიაღწია „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“, რის შეცვლას გეგმავს სახელმწიფო და რას მოითხოვენ აქტივისტები – ამ საკითხებზე რადიო „თავისუფლება“ ბექა წიქარიშვილს ესაუბრა.