Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასულიერო პირების გადადებული სასამართლო


17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ორი სასულიერო პირის - მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილისა და მამა იოთამ ბასილაიას - წინასასამართლო სხდომა, საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი პირის გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო. სასულიერო პირებს ბრალი ედებათ 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, მანიფესტანტების უფლების ხელყოფასა და უკანონოდ ძალადობრივ ხელშეშლაში. წინასასამართლო პროცესი ხმაურიანად, რამდენიმეხნიანი დაგვიანებით დაიწყო. პროცესს ათეულობით სასულიერო პირიც ესწრებოდა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში ორი სასულიერო პირის - მამა ანთიმოზისა და იოთამის - მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა და უფლებადამცველებმა დაიწყეს შეკრება. სასულიერო პირების გარდა, დღევანდელ პროცესს კიდევ ორი ბრალდებული ახალგაზრდაც ესწრებოდა. ყოველ მათგანს სისხლის სამართლის 161-ე მუხლით ედება ბრალი, რაც მანიფესტაციების უფლების ხელყოფასა და უკანონოდ ძალადობრივ ხელშეშლას გულისხმობს - კერძოდ, იმას, რომ მათ 17 მაისს ხელი შეუშალეს ტრანსფობიისა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებული ფლეშ- მობის გამართვას.

თუმცა სასამართლოს ეზოში შეკრებილი სასულიერო პირების მხარდამჭერები მათ ბრალეულობას გამორიცხავდნენ. დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილიც და განაცხადა, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში სასულიერო პირების მონაწილეობა საკითხს გარკვეულ სენსიტიურობას სძენს:
„თუ შესაძლო დანაშაული ჩაიდინა პირმა, ის ამისათვის უნდა იქნეს გასამართლებული - არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია თუ საერო მოღვაწე. რა თქმა უნდა, ვგრძნობთ სიმძიმეს იმისა, რომ როდესაც ბრალდება არის წარდგენილი სასულიერო პირის მიმართ, სენსიტიურობა მატულობს, მაგრამ ამის ხარჯზე არ შეიძლება სტანდარტის დარღვევა და უთანასწორო პოზიციის დამკვიდრება. აქედან გამომდინარე, რაც დადგინდება ღია, გამჭვირვალე სასამართლო განხილვის შედეგად, აი, ის შედეგი იქნება ყველას მიერ გაზიარებული“.

ბრალდება არის არამოტივირებული, ანუ ის ბრალდება, რომელსაც ედავებიან არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზს, რომელიც არის სამების ეკლესიის მსახური, ჩვენ ვთვლით და მიგვაჩნია, რომ არის არასწორი, არამართებული და არასამართლიანი და ვთვლით, რომ დარღვეულია ძალიან ბევრი საპროცესო მოთხოვნა, რომელიც აღნიშნულ მტკიცებულებებს, ჩვენ ვთვლით და მიგვაჩნია...
ბესარიონ ქარცივაძე
სასამართლო დარბაზამდე მიღწევა ძალიან გართულდა. მრევლის წარმომადგენელი ახალგაზრდები გზას ღობავდნენ და მხოლოდ სასულიერო პირებს ატარებდნენ. მათ გამო სასამართლო დარბაზში, ისიც მანდატურების დახმარებით, მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტმა მოახერხა შეღწევა. სასულიერო პირების მხარდამჭერები ხმამაღალი შეძახილებით მოითხოვდნენ პროცესის გაცილებით დიდ დარბაზში გამართვას და ირწმუნებოდნენ, რომ პროცესი მცირე დარბაზში იმიტომ დაინიშნა, რომ მრევლის შეღწევას შეშლოდა ხელი.

სასამართლო პროცესი, საბოლოოდ, ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. სასამართლოს მანდატურები მათ, ვისაც ადგილი არ ეყო, სთხოვდნენ დარბაზი დაეტოვებინათ. მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობდა, ფეხზე მხოლოდ ერთ-ერთი სასულიერო პირის თხოვნის შემდეგ წამოდგა.

თუმცა ლოდინი ამაო აღმოჩნდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის - ტიტან დავრიშიანის - გამოუცხადებლობის გამო, რომელიც სხვა საქმესთან დაკავშირებით ციხეში იმყოფება, პროცესი 23 ივლისისთვის გადაიდო.

როგორც პროცესიდან გამოსულმა ანთიმოზ ბიჩინაშვილის ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს 103 მოწმე ჰყავს და ათობით ვიდეოფირი აქვს, ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობას მაინც ვერ ამტკიცებს:

„ბრალდება არის არამოტივირებული, ანუ ის ბრალდება, რომელსაც ედავებიან არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზს, რომელიც არის სამების ეკლესიის მსახური, ჩვენ ვთვლით და მიგვაჩნია, რომ არის არასწორი, არამართებული და არასამართლიანი და ვთვლით, რომ დარღვეულია ძალიან ბევრი საპროცესო მოთხოვნა, რომელიც აღნიშნულ მტკიცებულებებს, ჩვენ ვთვლით და მიგვაჩნია, რომ სასამართლოზე მათი სრულყოფილად წარმოდგენა-შესწავლის შემთხვევაში - და ეს მოხდება შემდეგ სასამართლო პროცესზე - ჩვენ ამ შუამდგომლობას დავაყენებთ და ერთმნიშვნელოვნად დავადასტურებთ, რომ ეს მტკიცებულებები არ არსებობს, აი, რომელზეც ამბობენ, რომ ბილწსიტყვაობსო, არც ბილწსიტყვაობს, არანაირი ექსპერტიზა არ არსებობს, რომ მისი ხმა, მისი მოქმედება ერთი იდენტობისაა“.

ერთი რამ მაინტერესებს, ფარული კამერით რომ მომსდევს, ტელეფონით გინება რომ ისმის, რა, და შემდეგ ის მასალა, რომელიც დაიდო ინტერნეტში და შემდეგ იმ საღამოს ორმა ჟურნალისტმა ქალბატონმა თავისი მოწვეული სტუმრებითურთ უმოწყალოდ რომ გადამიარეს, ჩემი უფლებები არ დაირღვა იმ დღეს?...
ანთიმოზ ბიჩინაშვილი
პროცესიდან გამოსულმა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა კი განაცხადა, რომ როცა მის ბრალეულობაზეა საუბარი, მაშინ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზეც უნდა ისაუბრონ. ის სახალხო დამცველს და ადამიანის უფლებადამცველებს მიმართავს:

„ერთი რამ მაინტერესებს, ფარული კამერით რომ მომსდევს, ტელეფონით გინება რომ ისმის, რა, და შემდეგ ის მასალა, რომელიც დაიდო ინტერნეტში და შემდეგ იმ საღამოს ორმა ჟურნალისტმა ქალბატონმა თავისი მოწვეული სტუმრებითურთ უმოწყალოდ რომ გადამიარეს, ჩემი უფლებები არ დაირღვა იმ დღეს? სახალხო დამცველს მივმართე და ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მაინტერესებს, ჩემი უფლებები დაირღვა თუ არა? საკითხავი, აი, ეს არის“.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრებად იყო მოსული „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი, თუმცა ის პროცესზე ვერ შევიდა. მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან აღნიშა, რომ სწორედ მისი ორგანიზაციის დამფუძნებლები ისხდნენ 17 მაისს იმ ყვითელ ავტობუსში, რომელიც ვაჩნაძის ქუჩაზე იყო და რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. 23 საქმის დოკუმენტირებაც მოახდინეს ომბუდსმენთან და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან ერთად და პროკურატურას გაუგზავნეს, შემდგომში ყველა დაკითხვაზეც დაიბარეს, მაგრამ დაზარალებულად ცნობის პროცესი შეჩერდა.

ეკა აღდგომელაშვილის სიტყვებით, ამ სასამართლო პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ბოლო დროს საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რა არის უზენაესი - სამართლის ნორმები თუ რელიგიური დოგმები:
„სად გადის ზღვარი რელიგიის თავისუფლებასა და სხვა ადამიანის უფლებებს შორის, ძალიამ მკვეთრად უნდა იყოს გავლებული და კანონის წინაშე ყველა თანაბრად უნდა აგებდეს პასუხს“.

სასულიერო პირების და მათთან ერთად კიდევ 3 ბრალდებულის წინასასამართლო პროცესი 23 ივლისს 12 საათზე ჩაინიშნა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG