Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო მუსიკა


25 დეკემბერს ქრისტიანთა უმრავლესობა შობის დღესასწაულს აღნიშნავს, რომლის უმთავრესი და განუყოფელი ნაწილი მუსიკაცაა. მუსიკამ, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს რელიგიურ-მუსიკალური ფენომენიდან - გოსპელ-სპირიჩუელსიდან - აღმოცენდა, დროთა განმავლობაში ფერი იცვალა და დამოუკიდებელ ჟანრადაც ჩამოყალიბდა. დღესდღეობით ხსენებულ მიმდინარეობაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ამერიკის შეერთებულ შტატებშია და, შესაბამისად, ის ხელის მოთბობის იდეალური საშუალებაცაა. იმ არტისტებს ვგულისხმობ, მთელი წელი ღირებულს რომ ვერაფერს ქმნიან, ახალი წლის დღეებში კი სანტა კლაუსის ქუდს იხდენენ და დამტკბარი, ყალბი შემართებით ცდილობენ მსმენელისთვის თავის შეხსენებას. თუმცა ამ ჟანრს მუსიკალურად ღირებული, კლასიკად ქცეული ნაწარმოებებიც ახსოვს და დღევანდელ სიუჟეტშიც რამდენიმე მათგანს გავიხსენებ.

Jingle Bells-ის ავტორობა მე-19 საუკუნის ამერიკელ კომპოზიტორს ჯეიმს ლორდ პიერპონტს მიეწერება. ის ბაპტისტური ეკლესიის მოძღვრის ოჯახში გაიზარდა. როცა მამამისი ქადაგებდა, თავად ორღანზე უკრავდა, გოსპელსა თუ სპირიჩუელსს უწევდა აკომპანირებას. ზემოხსენებული სიმღერის იდეა კი ჯეელობაში ეწვია, თუმცა, ორღანის რთული ბუნებიდან გამომდინარე, ინსტრუმენტზე გადატანა ვერ მოახერხა. მელოდია რომ არ დავიწყებოდა, ქალთა პანსიონში გაიქცა, სადაც მთელ ქალაქში ერთადერთი ფორტეპიანო ეგულებოდა. გადმოცემის თანახმად, იქაური ქალები მეტად აღფრთოვანებულან მოსმენილით, მარხილის ეჟვანთა ჟღარუნს გვაგონებსო. ჰოდა, სიმღერასაც ასევე დაარქვა: One Horse Open Sleigh. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საშობაო სიმღერის ტექსტიც იცვლებოდა და მუსიკალური სხეულიც იცვლიდა ფორმებს. დღეს კი მის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ინსტრუმენტულ ვერსიას გთავაზობთ, რომელიც მესაყვირე უინტონ მარსალისსა და ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრის“ ჯაზ-ორკესტრს ეკუთვნის.



ამერიკელი კომპოზიტორის ირვინგ ბერლინის „White Christmas“-აც გავიხსენებ, რომელიც პირველად 1941 წელს მსახიობმა და მომღერალმა ბინგ კროსბიმ შეასრულა. მომდევნო წელს სიმღერა მხატვრული ფილმის „Holiday Inn“-ის საუნდტრეკის მთავარ თემად იქცა და ამერიკის კინოაკადემიის პრიზი „ოსკარი“ დაიმსახურა. როგორც მუსიკათმცოდნენი აღნიშნავდნენ, „White Christmas“ განსაკუთრებული პოპულარობით ნაცისტებთან მებრძოლ ამერიკელ ჯარისკაცებში სარგებლობდა, სევდიანი მელოდია თუ ლირიკა მათთვის ტკბილ მოგონებებთან, მშობლიურ მხარესა და ოჯახურ იდილიასთან ასოცირდებოდა. 900-მდე თხზულებისა თუ 19 მიუზიკლის ავტორისათვის „თეთრი შობა“ ფინანსურად ყველაზე მომგებიანი ნაწარმოები გამოდგა, რადგან, საერთო ჯამში, 50 მილიონიანი ტირაჟით გაეყიდა. მხოლოდ ერთხელ ინერვიულა, როცა ელვის პრესლის ქავერი მოისმინა - „როკენროლის მეფის“ ვერსიას ვულგარული უწოდა.



დაბოლოს, კიდევ ერთ სიმღერასაც ვახსენებ, რომელზეც სასიყვარულო ბალადა უფრო ითქმის, ვიდრე საშობაო თხზულება. მას Baby It’s Сold Outside ჰქვია და ამერიკელ კომპოზიტორს ფრენკ ლოსერს ეკუთვნის. პირველად ცოლთან ერთად საახალწლო წვეულებაზე იმღერა და ისიც მეგობრების ვიწრო წრეში, მოგვიანებით კი საავტორო უფლებები მედიაკომპანია „მეტრო-გოლდვინ-მეიერს“ მიჰყიდა. ამბობენ, რომ ამის გამო მეუღლე ლამის გაეყარა, რადგან თხზულებას თავიანთ ინტიმურ, სამიჯნურო ბალადად თვლიდა და სახალხოდ არ ემეტებოდა. მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა და დღესაც ყოველი შობა-ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. ამჯერად კი მას რეი ჩარლზისა და ბეტი კარტერის დუეტი შეასრულებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG