Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილს ბრალი ვერ დაუმტკიცდა


თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ხუთი პირის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხუთი ბრალდებულიდან ოთხის საქმე არსებით განხილვას დაექვემდებარება.

სასამართლოს წინაშე წარდგნენ ბრალდებულები: მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი, მამა იოთამ ბასილაია, ასევე ბექა სალუქვაძე, გიორგი ბასიაშვილი და ტიტან დავრიშიანი.

ყოველ მათგანს სისხლის სამართლის 161-ე მუხლით ედება ბრალი, რაც მანიფესტაციების უფლების ხელყოფასა და უკანონოდ ძალადობრივ ხელშეშლას გულისხმობს - კერძოდ, იმას, რომ მათ 17 მაისს ხელი შეუშალეს ტრანსფობიისა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებული ფლეშ-მობის გამართვას.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა საქმე არსებით განხილვას გადასცემოდა. პროკურორის თქმით, მის მიერ წარმოდგენილი მასალები ამის შესაძლებლობას იძლეოდა.

ნივთმტკიცებებად აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილი იყო ვიდეოფირები და მოწმეთა ჩვენებები. ბრალდების მხარის მტკიცებულებით, ბრალდებულებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი, დაიკავეს თავისუფლების მოედანი, შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს.

ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არის ავთენტური და რელევანტური. დაცვის მხარე ამას არ ეთანხმება. ბრალდება არის უსუსური, არამტკიცებადი ფორმატის...
ბესარიონ ქარცივაძე
საქმის არსებითი განხილვის წინააღმდეგ წავიდნენ ბრალდებულთა ადვოკატები. მათ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყვეტილიყო.
ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე, რომელიც მამა ანთიმოზს (ბიჩინაშვილი) იცავს, აცხადებს, რომ ბრალდება უსუსურია:

„ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არის ავთენტური და რელევანტური. დაცვის მხარე ამას არ ეთანხმება. ბრალდება არის უსუსური, არამტკიცებადი ფორმატის. ეს არის უფრო მოწადინება, რომ სასამართლომ თავისი ვერდიქტით ბრალი დაადასტუროს“.

ბესარიონ ქარცივაძე ასევე ამბობს, რომ ნივთმტკიცებად წარმოდგენილი ფირები წინააღმდეგობრივია და მათ სათანადო ექსპერტიზა არ ჩასტარებია.
„არ არის ხმის ექსპერტიზები. არ არის დადასტურებულად ცნობილი, ეს ფირები მანიპულირების გარეშე არის თუ არა, ვის ხელში გაიარა ამ მასალამ... ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია პირდაპირ წერს, რომ ეს არის დამონტაჟებული მასალა. სასამართლო ამბობს, რომ დამონტაჟებული მასალა არის სტანდარტი. როგორ შეიძლება დამონტაჟებული მასალა სტანდარტი იყოს?“

ძალიან ბევრი (ას სამი) მოწმეა დაკითხული. არც ერთი მოწმე კონკრეტულად არავის ადანაშაულებს. ზოგადად ამბობენ, რომ დაირღვა რაღაც უფლება, ვისი უფლება დაირღვა, არავინ იცის...
გელა შავიძე
მამა იოთამის (ბასილაია) ადვოკატი გელა შავიძე აცხადებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ მამა იოთამმა რამე დანაშაული ჩაიდინა:

„ძალიან ბევრი (ას სამი) მოწმეა დაკითხული. არც ერთი მოწმე კონკრეტულად არავის ადანაშაულებს. ზოგადად ამბობენ, რომ დაირღვა რაღაც უფლება, ვისი უფლება დაირღვა, არავინ იცის. არავინ ადებს ხელს კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ მამა იოთამს, რომ უშუალოდ მან დაარღვია ვინმეს უფლება. ასევე მას ბრალი ედება ორგანიზატორობაში, რაც მამა იოთამისგან ყოვლად გამორიცხულია“.

საბოლოოდ, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვა გაიმართება მხოლოდ ოთხ ბრალდებულთან დაკავშირებით. რაც შეეხება მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილს, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო მის მიმართ სასამართლომ სისხლის სამართლებლივი დევნა შეწყვიტა.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG