„მარტივად არის აქ საქმე. ჩვენ არ გვაქვს 100 მანდატი პარლამენტში, შესაბამისად, პრაქტიკულ აზრს არის მოკლებული იმპიჩმენტის პროცედურა. მეორე, ისედაც ეწურება [ვადა] ოთხ კვირაში, ერთ თვეში მას უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, არანაირი აქტუალობა იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
თითქმის ორი თვის წინ, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ხელახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით. სარჩელი სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა შესულიყო.
„ზურაბიშვილმა კონსტიტუციის უხეში დარღვევა განაგრძო. ის მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის გასულ კვირას იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ 7 ოქტომბერს.
საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 2023 წლის 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენა (ცხრა მოსამართლიდან ექვსის თანხმობა).
2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
იმპიჩმენტი არ შედგა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, 2023 წლის 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, პარლამენტში ვერ მოგროვდა დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა, ასი დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 86-მა წევრმა.
ფორუმი