Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძიმე სარკინიგზო ავარია ესპანეთში


სარკინიგზო ავარიის შემდეგ
სარკინიგზო ავარიის შემდეგ
ესპანეთში, სულ ცოტა, 80 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის უმძიმესი სარკინიგზო ავარიის შედეგად. ინციდენტი ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21 საათზე მოხდა ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში მდებარე ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელაში.

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა პატივსაცემად. პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ხუთშაბათს მოინახულა ავარიის ადგილი ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელას ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში, შეხვდა დაშავებულებს ადგილობრივ საავადმყოფოში.

ესპანეთის მედიის ცნობით, მადრიდიდან ქალაქ ფეროლისაკენ მიმავალი მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა, როცა დაშვებულზე მაღალი სიჩქარით - საათში მაქსიმუმ 80 კილომეტრის ნაცვლად 180 კილომეტრამდე სიჩქარით - შევიდა მოსახვევში. ავარია ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 20:42 საათზე მოხდა ქალაქ სანტიაგო დე კომპოსტელაში და, სულ ცოტა, 80 ადამიანი იმსხვერპლა. დაშავებულია 140-ზე მეტი. ესპანეთის ტელევიზიამ მალევე აჩვენა კადრები: გვერდზე გადატრიალებული ოთხი ვაგონი და ერთი - შუაზე გახლეჩილი.

ინციდენტის ადგილთან ახლოს მყოფი თვითმხილველი ასე აღწერს ვითარებას უშუალოდ ავარიის შემდეგ:

„აფეთქების ხმა გავიგე და ადგილზე რომ მივედი, ერთ-ერთი ვაგონი უკვე გადმოსული იყო გზაზე, აქეთ რომ მოდის. მეზობლებიც, ყველანი მოვიდნენ, მაგრამ მერე შეგვეშინდა, რადგან ერთ-ერთმა მეხანძრემ გვითხრა, ვაგონი შეიძლება აფეთქდესო. ამიტომ უკან დავიხიეთ, მაგრამ როცა საფრთხე მოიხსნა, ისევ დავბრუნდით“.
სარკინიგზო ავარიის შემდეგ
სარკინიგზო ავარიის შემდეგ

კატასტროფა მოხდა სანტიაგო დე კომპოსტელას სარკინიგზო სადგურთან, ქალაქ ფეროლის სამხრეთით, 95-მდე კილომეტრში. ორივე ქალაქი ჩრდილო-დასავლეთში მდებარე გალისიის რეგიონში მდებარეობს.

ჟურნალისტებთან საუბარში გალისიის რეგიონალური მთავრობის წარმომადგენელმა, სამუელ ხუარესმა, მოიყვანა ინციდენტის რამდენიმე დეტალი:

„როგორც იცით, საღამოს დაახლოებით 9 საათზე ლიანდაგიდან გადავარდა მადრიდიდან კორუნისა და ფეროლის მიმართულებით მიმავალი სწრაფი მატარებელი, როცა ის სანტიაგო დე კომპოსტელას უახლოვდებოდა, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში. ჩვენი მონაცემებით, მატარებელში 247-მდე მგზავრი იმყოფებოდა“.

ვარაუდობენ, რომ ინციდენტი არ გამოუწვევია ტერორისტულ აქტს.

კატასტროფა მოხდა ერთი დღით ადრე, ვიდრე, გეგმით, სატნიაგო დე კომპოსტელაში ქალაქის მთავარ დღესასწაულს იზეიმებდნენ. კათოლიკე ქრისტიანებს ხუთშაბათს, 25 ივლისს, უნდა აღენიშნათ მოციქულ იაკობ ზებედესის სახელთან დაკავშირებული ზეიმი. გადმოცემით, მოციქული იაკობი სწორედ სანტიაგო დე კომპოსტელაშია დაკრძალული.

ავარიის შემდეგ ქალაქის მერმა ანხელ კურას ფერნანდესმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა და მთელი ძალისხმევა დაღუპულთა ოჯახებისა და დაშავებულების დასახმარებლად არის მიმართული.
XS
SM
MD
LG