„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიას რეკლამის შესახებ კანონის დარღვევაში ამხელს და სასამართლოს გზით მოითხოვს, მასთან ერთად დაჯარიმდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და შსს პოლიციის აკადემია. რატომ ფიქრობს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომ თანამდებობის პირები ალიანსში არიან თამბაქოს მწარმოებლებთან?
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განმარტა, რომ შსს-ს აკადემიაში, თამბაქოს მწარმოებელ კომპანია „ბრითიშ-ამერიკან თობაქოს“ მონაწილეობით, ქველმოქმედების საფარქვეშ გაიმართა ღონისძიება, რომელზეც სოციალურად დაუცველ და დევნილ სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატები გაიცა.
„უშუალოდ ამ კომპანიის დირექტორი ესწრებოდა ამ ღონისძიებას, ასევე ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს პოლიციის აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ასევე თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელს, რათა მომხდარიყო რეკლამირება. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობა ყველამ თანაბრად უნდა გაინაწილოს“,- აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.
ჩვენ მივმართეთ შსს-ს და მოვთხოვეთ ინფორმაცია და მოვთხოვეთ ქმედების განხორციელება, რომ ეს ფოტომასალა აეღო ფეისბუკის გვერდიდან და ამ კანონით აკრძალულ ქმედებაში მონაწილე პირების დაჯარიმებაც მოვთხოვეთ...ეკა ლომიძე
ამავე ორგანიზაციის იურისტის, ეკა ლომიძის, თქმით, სამედიცინო და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარებისას თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლის მიერ თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნისა და ლოგოტიპის დემონსტრირება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ისჯება, შსს პოლიციის აკადემიაში ჩატარებულ ღონისძიებაზე კი თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ლოგოებიანი ბანერი იყო განთავსებული და, როგორც ეკა ლომიძე ამბობს, ამის დამადასტურებელი ფოტომასალა აკადემიის ფეისბუკის გვერდზე დღემდე დევს.
„რა თქმა უნდა, სპონსორობა თავისთავად არ გულისხმობს რაიმე მომსახურების მიწოდებას კონკრეტული ორგანიზაციისთვის ან ფულადი თანხის გადაცემას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც, მისი საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. ჩვენ მივმართეთ შსს-ს და მოვთხოვეთ ინფორმაცია და მოვთხოვეთ ქმედების განხორციელება, რომ ეს ფოტომასალა აეღო ფეისბუკის გვერდიდან და ამ კანონით აკრძალულ ქმედებაში მონაწილე პირების დაჯარიმებაც მოვთხოვეთ“.
ამ შემთხვევაში მხოლოდ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს, მიიჩნევს ეკა ლომიძე, ვინაიდან, მისი თქმით, სახელმწიფო უწყებების მონაწილეობის გარეშე ეს ქმედება ვერ განხორციელდებოდა. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადაინაწილოს.
იმ მოტივით, რომ სარჩელის შინაარსს არ იცნობს, „ბრითიშ-ამერიკან თობაქოში“ რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პოზიციას იცნობენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გვითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში თავად გაავრცელებენ განცხადებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამ საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა თავად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტ ეკა ლომიძისთვის სამინისტროს პოზიცია ცნობილია. სამინისტრო თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ფინანსურ დახმარებას ქველმოქმედებას უწოდებს და არა სპონსორობას და, შესაბამისად, კანონდარღვევას ვერ ხედავს.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია პრობლემის მოსაგვარებლად, ვინაიდან ყველანაირ ინიციატივას ბლოკავს, რომელიც არასამთავრობო სექტორიდანაა ინიცირებული. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლის მტკიცებით, ამ გზით მთავრობა ცდილობს ლობირება გაუწიოს თამბაქოს ინდუსტრიას. მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის სახელზე დაწერილი მიმართვა გიორგი ბახტურიძემ პრესკონფერენციაზეც წაიკითხა:
„შემუშავებული ცვლილებების კანონპროექტმა მთავრობის სხდომაზე განსახილველად ვერ მიაღწია, ეკონომიკურმა საბჭომ დაბლოკა. 2016 წლის 11 მარტს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მივმართეთ, კანონპროექტი წარდგენილიყო და თამბაქოს კონტროლის მხრივ არსებული უკიდურესად მძიმე სიტუაციის განსახილველად სამთავრობო კომისია შეკრებილიყო. საკითხი განსახილველად კვლავ ეკონომიკური საბჭოს აპარატს გადაეცა, სადაც პროცესი კვლავ შეფერხდა და კვლავ უძრავია“.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ სარჩელი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეტანილია. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ითხოვს, თამბაქოს მწარმოებელი კომპანია და თანამდებობის პირები, კანონის თანახმად, მინიმალური - სამასლარიანი - თანხით დაჯარიმდნენ, რასაც, ცენტრის ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის, თქმით, გაცილებით მეტი სიმბოლური დატვირთვა ექნება, ვიდრე ფინანსური.