თბილისში შეხვედრებს მართავს ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი, რომელიც საქართველოს 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით 9 იანვარს ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თუმცა ორი ქვეყნის საერთო ინტერესების ჭრილში საგანგებოდ აღინიშნა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობა. პოლიტოლოგთა წრეში ლაპარაკობენ ორი ქვეყნის ტრადიციულად ახლო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, თუმცა იხსენებენ, ასევე, დაძაბულობის პერიოდს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში.
„ჩვენს ერებს შორის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის, ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლის შესრულდება წელს... მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ისრაელის სახელმწიფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის. მთელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ებრაელი მეგობრები ჩვენ გვერდით იდგნენ“ - ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში წარმოთქვა, როდესაც ის, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას მართავდა.
გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და აქ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ტურიზმისა თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებები, თუმცა საერთო გეგმების ხაზი, უპირველეს ყოვლისა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადის. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „საქართველო საიმედო პარტნიორი და კონტრიბუტორია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული და ჩვენი მოსახლეობის 15 % დევნილი და იძულებით გადაადგილებულია”. გიორგი მარგველაშვილი გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ლაპარაკობს:
„გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, რომელიც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას, მიგვიყვანს ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე, როგორც კონკრეტული ტერორისტული აქტებისა, რომლებიც ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ასევე იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც ISIS-ის პრობლემა ჰქვია და რომელიც კაცობრიობის კეთილი ნებისა და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ“.
ტერორიზმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის თემა ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა ისრაელის პრეზიდენტის გამოსვლაშიც. რუვენ რივლინმა ამავე ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „ტერორიზმი ვერასოდეს გაიმარჯვებს“ და რომ ისრაელს საქართველო ყოველთვის ერთგულ თანამებრძოლთა და მხარდამჭერთა რიგებში ეგულება. ითქვა, რომ მშვიდობიანობის ჟამს შესაძლებელია თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, რაშიც ისრაელს საქართველოსთვის წარმატებული გამოცდილების გაზიარება შეუძლია. მაგრამ თუ არ იქნება მშვიდობა, ყველაფერი აზრს კარგავს:
„დღეს უმნიშვნელოვანესი საჭიროებაა, რომ უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და დაცულობა ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის. მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად, ჩვენ საერთო საფრთხის წინაშე ვდგავართ და ეს არის ფუნდამენტალიზმი. ეს საფრთხე არსებობს ჩვენი ქვეყნებისა და ქალაქების ქუჩებში... ჩვენ ვგმობთ ტერორიზმის ყველანაირ გამოვლინებას, ჩვენ ვგმობთ სიძულვილის ყველანაირ გამოვლინებას... და ჩვენ ვდგავართ ერთად ამ საფრთხეებთან საბრძოლველად“.
ჩვენ გვყავს იქ ძალიან ბევრი ჩვენი ყოფილი თანამემამულე და გარკვეული ქართული ლობი არსებობს... ასევე გეოგრაფიულად საკმაოდ ახლოს არის ისრაელი საქართველოსთან და ამ ქვეყნის განვითარების მოდელი მრავალმხრივ საინტერესოა საქართველოსთვის...კორნელი კაკაჩია
უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემა წამყვანი იყო ისრაელის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროსაც. პრეზიდენტ მარგველაშვილის მსგავსად, სტუმრის წინაშე მწუხარება გამოხატა პრემიერმა კვირიკაშვილმაც 8 იანვარს იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო.
„ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. თქვენი მასპინძლობა ჩვენთვის დიდი პატივია. ნება მომეცით, გამოგიცხადოთ სამძიმარი ისრაელში ახლახან მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ოთხი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი და საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით დგას. ჩვენ შოკირებული ვართ ამ შემაძრწუნებელი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტით. ტერორისტების მიზანია შეცვალონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ამ პროცესში ერთად უნდა ვიდგეთ", - ასეთი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის სიტყვები.
დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიანი პრაქტიკის ფარგლებში, საქართველო რეგიონში ისრაელს ყოველთვის განიხილავდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ. ორი ქვეყნის დასაახლოებლად ის მტკიცე საყრდენს ხედავს:
„ჩვენ გვყავს იქ ძალიან ბევრი ჩვენი ყოფილი თანამემამულე და გარკვეული ქართული ლობი არსებობს... ასევე გეოგრაფიულად საკმაოდ ახლოს არის ისრაელი საქართველოსთან და ამ ქვეყნის განვითარების მოდელი მრავალმხრივ საინტერესოა საქართველოსთვის - ვთქვათ, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თუ სამხედრო მიმართულებებით. ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები მართლაც გადაიდგა - განსაკუთრებით, სააკაშვილის ადმინისტრაციის პერიოდში - და ჩვენ გვახსოვს, რომ ურთიერთობები საკმაოდ მაღალ პოლიტიკურ დონეზე იყო ასული... თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა გარკვეული მოვლენები, როდესაც ქართული მხარე, ფაქტობრივად, ფლუსტრირებული აღმოჩნდა ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით“.
მოვლენები, რომლებზეც კორნელი კაკაჩია ლაპარაკობს, უკავშირდება ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის მიერ წარმოებულ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობდა ისრაელისგან. სწორედ ასეთი უპილოტო საფრენი აპარატების რამდენიმე ერთეული ჩამოუგდო რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტოს ომის წინ, 2008 წლის გაზაფხულზე. ამას მოჰყვა Elbit Systems-თან საქართველოს მთავრობის ხანგრძლივი უთანხმოება ანგარიშსწორების საკითხის გარშემო, რაც, ბოლოს, ურთიერთხელსაყრელი გარიგებით დასრულდა.
ოდნავ მოგვიანებით საქართველომ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება თავად დაიწყო და, ამ აპარატების გამოცდის ღონისძიების ფარგლებში, 2012 წლის 10 აპრილს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ ადგილობრივი წარმოებაა სანდო, რადგანაც „როცა უცხოეთში ყიდულობ, შეიძლება გამყიდველმა ბოლომდე არ მოგცეს ტექნოლოგია ანდა, პირიქით, შენი ტექნოლოგია გაუზიაროს მოწინააღმდეგეს“. მიხეილ სააკაშვილს ამ კომენტარში ისრაელი არ უხსენებია, თუმცა კორნელი კაკაჩია დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ სიტყვებს სწორედ ისრაელის მხარეზე განაწყენებული წარმოთქვამდა, რადგანაც სჯეროდა, რომ, საგანგებო გარიგების ფარგლებში, სწორედ ისრაელის მხარემ გადასცა რუსეთს საქართველოსთვის მიყიდული უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალური კოდები. სხვათა შორის, გარიგებასთან დაკავშირებულ ეჭვს ადასტურებდა ოდნავ მოგვიანებით ვიკილიქსის (WikiLeaks) მიერ გამოქვეყნებული მასალები.
უპილოტო საფრენი აპარატების მალულ სკანდალს 2010 წელს დაემატა ქართული მხარის მიერ ისრაელის მოქალაქე ორი ბიზნესმენის დაკავების ფაქტიც, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება და საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიდრე იმდროინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ბიზნესმენებს 2011 წლის დეკემბერში შეიწყალებდა, 2011 წლის გაზაფხულზე ისრაელის ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ ისრაელის იმჟამინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ უარი თქვა იმჟამინდელი ქართველი კოლეგის, დავით ბაქრაძის, მასპინძლობაზე. იმხანად ქნესეთის თავმჯდომარე რუვენ რივლინი იყო, ამჟამინდელი პრეზიდენტი და საქართველოს ამჟამინდელი სტუმარი.
კორნელი კაკაჩიას შეფასებით, მართალია, ბოლო წლებში ურთიერთობები დათბა, არაერთი მაღალი დონის ვიზიტიც შედგა და უვიზო მიმოსვლაც ამოქმედდა, მაგრამ პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული ის რესურსი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით არსებობს და რასაც თავის დროზე დიდი მოლოდინი უკავშირდებოდა.