Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალისა და სოხუმის უარი არაფერს ნიშნავს, ხალხია მთავარი


საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილი
საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები დავით ვანიშვილი

„მორიგი მოუქნელი პროპაგანდისტული აქცია, რომელიც სერიოზულად არ უნდა იყოს განხილული“ - ასე შეაფასა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4 აპრილის ინიციატივა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან უფრო მჭიდრო სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას ისახავს მიზნად. ცხინვალში ამ სვლას წინასწარ განწირულ „სატყუარად“ მიიჩნევენ და ამ კონტექსტში ევროპულ ფასეულობებსაც უპირისპირდებიან. ასევე მკვეთრად უარყოფითია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების პოზიციაც, თუმცა, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით მომუშავე ექსპერტები აღნიშნავენ, ე.წ. ოფიციალური პირების მკვეთრად უარყოფითი შეფასებები არაფერს ნიშნავს და მთავარია ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია, რომელიც მთელი რიგი შემთხვევების ჭრილში საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება.

ცხინვალისა და სოხუმის უარი არაფერს ნიშნავს

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, ოკუპირებულ რეგიონებთან უფრო მჭიდრო სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
  • სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრი მედოევს, საქართველო იმ ძველ პატეფონს აგონებს, რომელიც მარგარეტ ტეტჩერის დროინდელ ფირფიტებს ატრიალებს.
  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ამ სვლას „ანგარებიანი პოლიტიკური ამბიციებისთვის მაამებლური სიცრუე“ უწოდა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრი მედოევს, საქართველო იმ ძველ პატეფონს აგონებს, რომელიც მარგარეტ ტეტჩერის დროინდელ ფირფიტებს ატრიალებს, ხოლო ეს ფირები „შორს, დასავლეთშია“ დამზადებული. ასეთი შთაბეჭდილება მედოევმა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, კორესპონდენტს 5 აპრილს გაუზიარა, გიორგი კვირიკაშვილის 4-პუნქტიანი სამშვიდობო ინიციატივის შეფასებისას. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი გაღიზიანებას ვერ მალავს და ევროპულ ფასეულობებსაც რუსეთის მიერ მრავალგზის დეკლარირებული მიდგომებით უტევს:

„სამხრეთ ოსეთში ასეთი ნომრები არ გაჭრის, ისევე როგორც არ გაჭრა სააკაშვილის დაყვავებებმა 2003 წელს და მისმა „სამშვიდობო ინიციატივებმა“ 2008 წელს. აქ არავინაა მსურველი გაცვალოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მაძღარ ცხოვრებაზე და ასევე არავინ იზიარებს ე. წ. „ევროპულ ღირებულებებს“... ერთსქესიანთა ქორწინებისა და მარიხუანის ლეგალიზება, ქართული მიწების ტოტალური გაყიდვა უცხოელ „ინვესტორებზე“ - ეს არის საფასური, რასაც საქართველო იხდის (უფრო სწორად, ის, რაც მისგან დარჩა) საეჭვო თავისუფლებისა და ვირტუალური სახელმწიფოებრიობისთვის. ეს ჩვენი გზა არ არის“.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილს გაახმაურა და რომელსაც სწრაფად მოჰყვა ევროკავშირისა და აშშ-ის დადებითი შეფასებები, 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  1. გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;
  2. ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
  3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან.
  4. დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემისა და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.
გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

ცხინვალში ფიქრობენ, რომ ეს არის მორიგი მოუქნელი პიარსვლა, სატყუარა და წინასწარვე დამარცხებისთვის განწირული მცდელობა. „საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს სამხედრო გზით „დაიბრუნოს“ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ამიტომ შეცვალა ტაქტიკა“, - იუწყება ადგილობრივი ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რესი“, ე.წ. საგარეო უწყების კომენტარზე დაყრდნობით.

საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას 4 აპრილსვე მოჰყვა სოხუმის მკვეთრად უარყოფითი შეფასება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ ამ სვლას „ანგარებიანი პოლიტიკური ამბიციებისთვის მაამებლური სიცრუე“ უწოდა. მისი თქმით, საქართველომ ამოწურა აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსი და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენოს აფხაზეთის მიმართ „რაღაც გულითადობის მსგავსი“ და ამ ინიციატვით შენიღბოს რეალური ზრახვები. დაურ კოვესავე განცხადებით, აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და „უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი“.

საოკუპაციო ზოლი ენგურის ხიდთან
საოკუპაციო ზოლი ენგურის ხიდთან

ცხინვალისა და სოხუმის უარყოფითი რეაქციები არავის გაჰკვირვებია და მათ შორის არც იმ ქართველ ექსპერტებს, რომელთა საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. ისინი ფიქრობენ, რომ ცხინვალისა და სოხუმის პოზიცია და პროგნოზები არცთუ იშვიათად განსხვავდება ადგილობრივი მოსახლეობის რეალური მიდგომებისგან.

ასეთივე ნეგატიური და სკეპტიკური დამოკიდებულება იყო ჯანდაცვის რეფერალური პროგრამის მიმართაც, მაგრამ ეს პროგრამა დღემდე წარმატებით მუშაობს. არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ ურთიერთობებში მკვეთრი გარღვევა მოხდება, მაგრამ შეიქმნება ღია დერეფნები...
ზურაბ ბენდიანიშვილი

მაგალითად, "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ - საქართველოს" ხელმძღვანელი ლევან გერაძე შეგვახსენებს, რომ, ადგილობრივი ლიდერების აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, წლიდან წლამდე მაინც იზრდება აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების იმ მკვიდრთა რიცხვი, რომლებიც სამედიცინო მომსახურებით სწორედ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სარგებლობენ. გერაძე დარწმუნებულია, რომ არა მყისიერად, მაგრამ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები თანდათან აუცილებლად ისარგებლებენ თბილისის მიერ შეთავაზებული სიკეთეებით:

„დარწმუნებული ვარ, რომ, ჯანდაცვის პროგრამების მსგავსად, ოკუპირებული აფხაზეთის ადგილობრივი მოსახლეობა ასევე მიიღებს ყველა შესაძლებლობას, რომლებიც მათ, მაგალითად, საგანმანათლებლო პერსპექტივებს გაუხსნის, რადგან ეს მათთვისვე იქნება კარგი... მათთვის თანდათან სულ უფრო მომხიბვლელი იქნება ასევე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა და ეს შეთავაზება თავის შედეგს ამ მიმართულებითაც აუცილებლად გამოიღებს. ასევე შეგვიძლია ვთქვათ თბილისის მიერ შეთავაზებულ სხვა ყველა სერვისთან მიმართებითაც. ეს არის ქართული მხარის ძალიან სწორი ინიციატივა“.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ცხინვალსა და სოხუმს ძალიან გაუჭირდებათ სიმართლის დამალვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის და, შესაბამისად, ადამიანები თავიანთი შვილების ჯანმრთელობისთვის, განათლებისა და უკეთესი მომავლისთვის ახალი შანსების გამოყენებას დაიწყებენ...

ცხადია, არა მყისიერად, მაგრამ გარკვეულ პოზიტიურ ძვრებსა და ურთიერთობების გაღრმავებას პროგნოზირებს ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მთავრობის მიერ 4 აპრილს წარმოდგენილმა გეგმამ შექმნა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თავისთავად უკვე ჩამოყალიბებული ბიზნესურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს მიერ თბილისის მიერ კონტროლირებად ნაწილს შორის.

ასეთივე ნეგატიური და სკეპტიკური დამოკიდებულება იყო ჯანდაცვის რეფერალური პროგრამის მიმართაც, მაგრამ ეს პროგრამა დღემდე წარმატებით მუშაობს. არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ ურთიერთობებში მკვეთრი გარღვევა მოხდება, მაგრამ შეიქმნება ღია დერეფნები, რომლებითაც ისარგებლებენ ის ადამიანები, რომლებიც აქამდეც სარგებლობდნენ, და, შესაძლოა, მათ სხვებიც დაემატონ, - უთხრა ზურაბ ბენდიანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

საიმედო პროგნოზების გაკეთების საშუალებას ექსპერტებს ის ფაქტიც აძლევს, რომ თავის დროზე საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული 2004 წლამდე მოქმედი ერგნეთის ბაზრობის გაუქმებამ. ერგნეთის ბაზრობას ბევრი განიხილავდა სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ, რომელმაც შერიგებისა და თანამშრომლობის არაერთი მაგალითი წარმოაჩინა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ცხინვალსა და სოხუმს ძალიან გაუჭირდებათ სიმართლის დამალვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის და, შესაბამისად, ადამიანები თავიანთი შვილების ჯანმრთელობისთვის, განათლებისა და უკეთესი მომავლისთვის ახალი შანსების გამოყენებას დაიწყებენ, მით უმეტეს, რომ ეს პროცესები მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მსხვილი მოთამაშეების მიერ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG