Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეალობის გაფართოების მცდელობა“


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, მყისიერად გამოეხმაურნენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო უწყებები.

„რეალობის გაფართოების მცდელობა“

  • ოფიციალური ვაშინგტონი მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილ წინადადებათა პაკეტს, რომელიც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებას.
  • ფედერიკა მოგერინის შეფასებით, საქართველოს მთავრობის წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.
  • სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს განსახილველად, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ოფიციალური ვაშინგტონი მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილ წინადადებათა პაკეტს, რომელიც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებას.

„ეს ღონისძიებები დაეხმარება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას და უზრუნველყოფს მობილობის შესაძლებლობების ზრდას, საარსებო სახსრების გაუმჯობესებასა და განათლების ხელმისაწვდომობას. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას დიალოგისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი“.

საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის, პრესმდივანმა, რომლის შეფასებითაც, საქართველოს მთავრობის წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით.

„ეს წინადადებები სრულიად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელთა მიზანია გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავება. ინტერესით ველით საქართველოს პარლამენტში მოსალოდნელ დისკუსიებს და პროცესის საბოლოო შედეგს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს განსახილველად, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: 1. გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; 2. ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; 3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. 4. დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.

წესით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულმა რეჟიმებმა ამ ინიციატივაში ვერ უნდა დაინახონ რამე სახიფათო. ინიციატივით გათვალისწინებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას, ეკონომიკურ ინტეგრაციას...
კახა გოგოლაშვილი

საქართველოს მთავრობის ინიციატივა მნიშვნელოვნად მიაჩნია კახა გოგოლაშვილს, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რომლის თქმითაც, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი 25 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ პირველად წარმოადგინა გეგმა.

„რაღაც ცალკეული ინიციატივები ყოველთვის იყო, მაგალითად, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებებით, მაგრამ ასეთი სისტემური მიდგომა არასოდეს ყოფილა“, ამბობს კახა გოგოლაშვილი, რომლის თქმით, ასევე ხაზგასასმელია ის, რომ დოკუმენტის სულისკვეთება აბსოლუტურად პოზიტიურია.

„წესით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულმა რეჟიმებმა ამ ინიციატივაში ვერ უნდა დაინახონ რამე სახიფათო. ინიციატივით გათვალისწინებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას, ეკონომიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ვხედავთ, რომ კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა ძალიან გრძელვადიანი საკითხია და ძალიან რთული გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ ეკონომიკური ინტეგრაციისთვის გზების ძიება და ყველა საშუალების გამოყენება აუცილებელია“, ამბობს კახა გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განმარტებით, მთავრობის ინიციატივა შესაძლებელს გახდის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქციის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (სავაჭრო ქსელებში) განთავსებას სტატუს-ნეიტრალური მარკირების გამოყენებით. საკმარისი იქნება პროდუქციაზე განთავსდეს მწარმოებლის სახელი, წარმოების ქალაქი ან დასახლება (მაგალითად, სოხუმი, გაგრა და ა.შ.).

არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული ტრაგიკული ამბიდან მთელმა საქართველომ შეიტყო, რომ არსებობდა სავაჭრო ურთიერთობები ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის. აფხაზეთთან კიდევ უფრო ფართო კავშირები და სავაჭრო ურთიერთობებია...
ზურაბ ბენდიანიშვილი

კონცეფციაში ნათქვამია ასევე, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული საქონლის ექსპორტი შესაძლებელია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით, საქართველოს წარმოშობის სერტიფიკატის თანხლებით და პროდუქტის სათანადო მარკირებით.

ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, ამბობს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილმა დოკუმენტმა ასახა უკვე შექმნილი რეალობა: ბიზნესურთიერთობები, რომელთა განვითარებასაც მთავრობის ინიციატივამ უნდა შეუწყოს ხელი, მხარეებს შორის თავისით ჩამოყალიბდა და განვითარდა.

„არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული ტრაგიკული ამბიდან მთელმა საქართველომ შეიტყო, რომ არსებობდა სავაჭრო ურთიერთობები ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის. აფხაზეთთან კიდევ უფრო ფართო კავშირები და სავაჭრო ურთიერთობებია. ეს ინიციატივაც არის რეალობის გაღრმავებისა და გაფართოების მცდელობა“, ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელსაც არ უკვირს არც ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივმა მმართველებმა უკვე გამოხატეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის ინიციატივის მიმართ:

ზურაბ ბენდიანიშვილი
ზურაბ ბენდიანიშვილი

„ასეთივე ნეგატიური და სკეპტიკური დამოკიდებულება იყო ჯანდაცვის რეფერალური პროგრამის მიმართაც, მაგრამ ეს პროგრამა დღემდე წარმატებით მუშაობს. არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ ურთიერთობებში მკვეთრი გარღვევა მოხდება, მაგრამ შეიქმნება ღია დერეფნები, რომლებითაც ისარგებლებენ ის ადამიანები, რომლებიც აქამდეც სარგებლობდნენ, და, შესაძლოა, მათ სხვებიც დაემატონ“.

საქართველოს მთავრობის ინიციატივის სიცოცხლისუნარიანობაზე უნდა მეტყველებდეს ის გარემოებაც, რომ მას პოზიტიურად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობაც.

„დიდი საქმეა, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა გაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება აფხაზებისა და ოსების დათანხმება თანამშრომლობაზე. არაფერს ვამბობ რუსებზე, რომლებიც მნიშვნელოვანწილად აკონტროლებენ პოლიტიკას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ჩვენ ხომ მარტო არ ვართ? გვინდა ეს ყველაფერი განვახორციელოთ ჩვენს ძლიერ პარტნიორებთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით. არ მიკვირს დე ფაქტო ხელისუფლებების ნეგატიური განცხადებები. მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებენ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს გეგმა ეტაპობრივად განვახორციელოთ. ამისთვის შეიძლება სამოქმედო გეგმის შემუშავებაც. დავიწყოთ იმ პუნქტებით, რომლებზეც დავითანხმებთ... მთავარია, ვაჩვენოთ თანამშრომლობის ერთი-ორი წარმატებული მაგალითი, რომელიც მუშაობს და იძლევა გარკვეულ შედეგებს“, ამბობს კახა გოგოლაშვილი, რომლის თქმითაც, ასევე საჭირო იქნება საკომუნიკაციო არხების გაღრმავება.

„საქართველოს ხელისუფლების გეგმების შესახებ უნდა იცოდნენ არა მარტო დე ფაქტო რესპუბლიკების მმართველებმა, არამედ მოსახლეობამაც. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს ინფორმაცია. გასაგებია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოკრატია არაა, მაგრამ მოსახლეობას მაინც აქვს გავლენა ხელისუფლებაზე“, უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG