Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მცდელობა ონლაინრეჟიმში მოიზიდოს ბიზნესი


მთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა

მეწარმე გათავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიისგან, რეგიონის მეწარმეები იოლად შეისყიდიან ადგილობრივ პროდუქციას, ხოლო უცხოელებს მიეცემათ შანსი, ელექტრონული წესით გახსნან და აწარმოონ ბიზნესი საქართველოში - 4 აპრილს მთავრობის ხდომაზე გახმაურებული ეს ინიციატივები ფინანსთა სამინისტროს მიერ არის შემუშავებული. მთავრობა იმედოვნებს, რომ ბიზნესის დისტანციური წარმოების შესაძლებლობა საქართველოს ხელს შეუწყობს გაიძლიეროს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად ქცევის ფუნქციები. რას ფიქრობენ პოლიტიკური ოპონენტები და ექსპერტები?

ბიზნესის დისტანციური წარმოების შესაძლებლობა

  • მეწარმე გათავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან და, დღეს მოქმედი ხუთი საგადასახადო დოკუმენტის ნაცვლად, მას ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი მოეთხოვება.
  • დაგეგმილია რეგიონში დასაქმებული მეწარმეების წახალისება. კონკრეტულად, ლაპარაკია სოფელში მცხოვრები ადამიანებისა და მცირე ფერმერებისგან პროდუქციის შესყიდვის გამარტივებაზე, მათ შორის - საგადასახადო კუთხით.
  • მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე, დისტანციური ბიზნესსაქმიანობის კარი გაიხსნება.

მათთვის, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე, დისტანციური ბიზნესსაქმიანობის კარი გაიხსნება. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ეს ინიციატივა 4 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაახმაურა:

„ინიციატივა გულისხმობს არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციას. ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში. მათ ასევე ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში კომპანიის მართვა, ფიზიკურად აქ ყოფნის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავალუტო ფონდთან კოორდინაციის კუთხით“.

საერთაშორისო ინსტიტუტების თანხმობა მიღებულია, მაგრამ ჯერჯერობით კონსულტაციის პროცესი ჯერ ისევ არ დასრულებულა და, როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა 4 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, იდეა საბოლოო სახეს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში მიიღებს, სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციის შედეგად. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ის უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში ბიზნესსაქმიანობას გადაწყვეტენ, დამატებითი შესაძლებლობებითაც ისარგებლებენ:

„მათ, პარალელურ რეჟიმში, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მივცემთ იმის საშუალებას, რომ ბიზნესი გააფართოონ. თუ ასეთი ბიზნესი გადაწყვეტს, გახსნას საწარმო საქართველოში, ბუნებრივია, მათ ექნებათ უფლება ისარგებლონ იმ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, რომლებიც ჩვენ გავაფორმეთ როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან“.

რაც შეეხება ამ ინიციატივის მიზნებს, პრემიერ-მინისტრის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ეს ინიციატივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შემოსავლის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა“.

ჯერ არც კარგის თქმა შეუძლია და არც ცუდის - ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატის, ეკონომისტ რომან გოცირიძის პოზიცია. ის თვლის, რომ საკითხი საკმაოდ ფრთხილად და ყურადღებით განსახილველია ფულის გათეთრების გამოწვევებთან მიმართებით.

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„ამჟამად საქართველოში მოქმედებს საკმაოდ ლიბერალური რეჟიმი და ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი პირველები ბიზნესის დაწყების სიმარტივის თვალსაზრისით. ამასთან, დღეს ქვეყანაში არსებული ნორმები სრულ შესაბამისობაშია იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც შავი ფულის ლეგალიზაციის აღკვეთას ისახავს მიზნად და საქართველო არის ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა, სადაც ფულის გათეთრების წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრი ბრძოლა მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს ახალმა ინიციატივამ არ უნდა წარმოშვას რაიმე პრობლემა ამ მოცემულობის ჭრილში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ მეტის თქმის შესაძლებლობა იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის შესაბამის კანონპროექტს პარლამენტის სივრცეში გაეცნობა.

მთავრობის ამ ახალი ინიციატივის კვალდაკვალ დიდ გარღვევას არ ელოდება "ევროპის უნივერსიტეტის" პრორექტორი გოჩა თუთბერიძე. როგორც ეკონომისტმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ონლაინ ოპერირების შესაძლებლობა თავისთავად კარგია, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვის უმთავრეს საყრდენს, უპირველეს ყოვლისა, მიმზიდველი საგადასახადო გარემო წარმოადგენს.

გოჩა თუთბერიძე
გოჩა თუთბერიძე

„შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ბიზნესის დაწყება იოლია საქართველოში, მაგრამ რამდენად ადვილია შემდეგ უკვე ბიზნესის წარმართვის პროცესი?!“ - ამბობს გოჩა თუთბერიძე და საქართველოსთან დაკავშირებულ რამდენიმე გამოწვევასაც ასახელებს:

„ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოების რისკები საკმაოდ მაღალია და ამიტომ გვაქვს ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთები; მყიფეა მაკროეკონომიკური სტაბილურობა; ეკონომიკა არის სუსტი და მონოპოლიზებული - არ არის ინსტიტუციონალურად უზრუნველყოფილი კონკურენციის თავისუფლება. ამ ყველაფერს ემატება პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყნის შიგნით: საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ერთ პარტიას, მას შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება და ნაკლებად ხდება ოპოზიციური აზრის გათვალისწინება“.

გოჩა თუთბერიძის თქმით, ასევე დიდ გამოწვევას წარმოადგენს საგარეო პოლიტიკური ფაქტორები, რადგანაც საქართველო არ გამოირჩევა სახარბიელო სამეზობლოთი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება რუსეთი, თავისი საოკუპაციო პოლიტიკით და საერთაშორისო ასპარეზზე შეშფოთებას იწვევს თურქეთიც, სადაც ბოლო პერიოდში დემოკრატიული პროცესები დაღმავალი ხაზით მიდის.

ამით,მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი, რომ დოკუმენტბრუნვაში არ დახარჯონ იმდენი რესურსი, რამდენსაც დღეს ხარჯავენ...
გიორგი კვირაკაშვილი

4 აპრილს მთავრობის სხდომაზე გახმაურდა ასევე სხვა ინიციატივებიც, რომელთა შემუშავება ასევე ფინანსთა სამინისტროს სათვალავზე მოდის. ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, მეწარმე გათავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან და, დღეს მოქმედი ხუთი საგადასახადო დოკუმენტის ნაცვლად, მას ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი მოეთხოვება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ამით,მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი, რომ დოკუმენტბრუნვაში არ დახარჯონ იმდენი რესურსი, რამდენსაც დღეს ხარჯავენ“.

ფინანსთა სამინისტროს მესამე ინიციატივის თანახმად კი, დაგეგმილია რეგიონში დასაქმებული მეწარმეების წახალისება. კონკრეტულად, ლაპარაკია სოფელში მცხოვრები ადამიანებისა და მცირე ფერმერებისგან პროდუქციის შესყიდვის გამარტივებაზე, მათ შორის - საგადასახადო კუთხით. პრემიერის განმარტებით, ეს შეეხება განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებულ კვების პროდუქტებს, რათა ადგილობრივი ნაწარმი მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი რეგიონებში, მათ შორის - სოფლებში გახსნილ მცირე ზომის სასტუმროებში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საგადასახადო და პროცედურული ფაქტორების სირთულის გამო, ეს აქამდე ძალიან ძნელი იყო და, მაგალითად, მთის სასტუმროებში დამსვენებლებს იქაური პროდუქციის დაგემოვნების საშუალება არ ჰქონდათ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG