Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციების გამკაცრება - „ურბანული დამახინჯების“ პანაცეა?


მშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში

თბილისის მერია აპირებს გაამკაცროს სანქციები მშენებლობის რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო. კახა კალაძემ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, გააცნო. თბილისის მერი იმედოვნებს, რომ სიახლე შეამცირებს როგორც „ურბანული დამახინჯების“ მასშტაბებს, ასევე მშენებლობებზე უბედური შემთხვევების რიცხვს.

„შრომის უსაფრთხოების კანონში“ შესატანი ცვლილების ნაწილი

კანონში შესატანი ცვლილების თანახმად:

  • უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზრდება;
  • თუ, მშენებლობის პროცესის შეჩერების მიუხედავად, კომპანია მუშაობას განაგრძობს, ის 50 000 ლარით დაჯარიმდება;
  • თუ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მასზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმის ოდენობა 25 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე 20 000 ლარით განისაზღვრება.

საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს „შრომის უსაფრთხოების კანონში“ შესატან ცვლილებას, რომელსაც „მიებმება“ თბილისის მერის ინიციატივა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების“ სახით.

„პრინციპების დონეზე პირველი მოსმენისას იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა გამკაცრდეს სანქციები და უნდა გაუმჯობესდეს ადმინისტრირება ამ სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ უკვე მეორე მოსმენაზე დავამატოთ შესაბამისი საკითხები კანონპროექტს. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში მეორე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერის თქმით, ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის (მაგალითად, უნებართვო მშენებლობა და ასეთი მშენებლობის შეუჩერებლობა, აკრძალვის მიუხედავად) დადგენილი სანქციები, რომლებიც, კახა კალაძის თქმით, დღეისათვის შეუსაბამოდ დაბალია. ცვლილების თანახმად, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, თუ, მშენებლობის პროცესის შეჩერების მიუხედავად, კომპანია მუშაობას განაგრძობს, ის 50 000 ლარით დაჯარიმდება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და მასზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმის ოდენობა 25 000 ლარით, ხოლო კერძო საკუთრებაზე 20 000 ლარით განისაზღვრება.

„ვფიქრობ, ეს ჯარიმები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. არსებობს ასევე მენტალური პრობლემა, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით იკვეთება. ნებისმიერ დარღვევაზე დამრღვევს ჯარიმა 30 000 ლარი გამოეწერება. მშენებლებსაც ვუთხარით, რომ თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებული, როდესაც ისინი მუშებს ხელშეკრულებას უფორმებენ და თვითონ მუშებმაც უნდა იცოდნენ, თუ რა სანქციები მოჰყვება უსაფრთხოების წესების დარღვევას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას ესწრებოდა უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი, რომლის თქმითაც, ცვლილებები ითვალისწინებს ასევე მშენებლობის პროექტის დამტკიცებამდე უსაფრთხოების ნორმების შეთანხმებასაც.

„არ იგულისხმება მხოლოდ ჯებირების გაკეთება, ჩაფხუტის დახურვა და ა.შ. გაწერილი უნდა იყოს მთლიან პერიმეტრზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ანუ ის, თუ როგორ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, თუ თანამშრომელი არ დაექვემდებარება დამსაქმებელს და არ დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს, შრომის უსაფრთხოების კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, პასუხისმგებლობა დამსაქმებელსაც დაეკისრება. ამიტომ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულება უნდა იყოს ისეთი, რომ ითვალისწინებდეს გაფრთხილებას, სანქციებს და სამსახურიდან გათავისუფლებას“, უთხრა ბექა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

გარდა ამისა, მერიის ზედამხედველობის სამსახური ასევე შეამოწმებს ნაგებობის თანხვედრას პროექტთან.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, თბილისის მერიის ინიციატივის თვალსაწიერში ხვდება უნებართვო მშენებლობების პრობლემაც:

მშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში

„ასეთი მშენებლობა უსაფრთხოების არანაირ ნორმებს არ ექვემდებარება, რადგან თვითონ პროექტიც კი არაა შეთანხმებული. სანქციები მკაცრდება ორივე შემთხვევაში - კერძო საკუთრების ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაზე“.

სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე გაიზრდება. კერძო საკუთრებაში ახალი უნებართვო მშენებლობა (ან რეკონსტრუქცია), რომელიც პარამეტრებით III და IV კლასს მიეკუთვნება, დაჯარიმდება 20 000 ლარით. პროექტის დარღვევით მშენებლობისას გაიზრდება ჯარიმა, კერძოდ, III და IV კლასის ობიექტებზე - 15 000 და 20 000 ლარით.

მშენებლობის რეგულაციებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სანქციების გამკაცრების წინააღმდეგი არაა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი, თუმცა მას მიაჩნია, რომ თბილისის მერის ინიციატივა არაფერს შეცვლის.

რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, იმას იცავს ვინმე? მაგალითად, გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მერია აშენებს საბავშვო ბაღს, სადაც არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული - არც ბადე აქვთ, არც ქამრები...
ლევან ხაბეიშვილი

„აქ უფრო პოლიტიკური ნების პრობლემაა და არა კანონების დახვეწისა და გამკაცრებისა. მაგალითად, ქიაჩელის ქუჩაზე 2015 წელს გაიცა მშენებლობის ნებართვა, მაშინ როცა არსებოდა 2010 წლის დასკვნა, რომ იქ არ შეიძლებოდა ამ მასშტაბის შენობის დადგმა. რატომ დაიწყო ქიაჩელზე მშენებლობა? თან სულ ახლახან დაიწყო. შეეძლო მერიას ადგილმონაცვლეობის გაკეთება, მაგრამ არ გააკეთა. მსგავსი რამ ხდება ატენის ქუჩაზე და სხვაგანაც. ერთი სიტყვით, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს. ნიშანდობლივია, რომ 2018 წლის ბიუჯეტში მშენებლობის კოეფიციენტებიდან და ნებართვების გაცემიდან გათვალისწინებული შემოსავლების მოსალოდნელი მოცულობა იგივე დარჩა, ახალმა მერმა არაფერი შეცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთნაირადვე აპირებენ სამშენებლო კოეფიციენტების გაყიდვას“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ასევე სკეპტიკურად უყურებს თბილისის მერიის ინიციატივის იმ ნაწილს, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს:

„რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, იმას იცავს ვინმე? მაგალითად, გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მერია აშენებს საბავშვო ბაღს, სადაც არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული - არც ბადე აქვთ, არც ქამრები... მარტო მერის და მთავრობის წევრების შეხვედრა არ უშველის საქმეს, არც იმის თქმა, რომ გამკაცრდება კანონი“.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ სანქციების გამკაცრებითა და ადმინისტრირების მექანიზმის გაუმჯობესებით არსებითად გადაიჭრება უხარისხო და შეუსაბამო მშენებლობების პრობლემა და ბოლო მოეღება მშენებლობებზე მუშების დახოცვის შემთხვევებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG