Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ფერმკრთალდება საქართველოს პრობლემატიკა საერთაშორისო დისკუსიებში


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემა გაქრა საერთაშორისო დისკუსიის დღის წესრიგიდან და რომ ეს სახიფათო სიმპტომია არა მხოლოდ თვითონ საქართველოსთვის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ასეთი შეფასება გიორგი მარგველაშვილმა, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც მასპინძელმა მოდერატორმაც თითქმის იგივე აღნიშნა თავის შესავალ სიტყვაში. რა უნდა გაკეთდეს საქართველოს პრობლემატიკისთვის აქტუალურობის დასაბრუნებლად და რამდენად ეფექტიანად არის გამოყენებული ამისათვის გაეროს გენერალური ასამბლეის სარბიელი?

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა საბჭოში ამერიკელი ანალიტიკოსი ტომას გრემი მოდერატორობდა და სწორედ მან აღნიშნა შესავალ სიტყვაში, რომ ბოლო წლებში ამერიკული მედიის ყურადღება თითქმის აღარ ეთმობა საქართველოს, მაშინ როცა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის როლი რეგიონში.

ვფიქრობ, რომ საქართველოს საკითხის განხილვა და არდავიწყება არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლიანობის საკითხს, რასაც ასე მოითხოვს ჩემი ქვეყანა, არამედ ეს არის სტაბილური საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნების საკითხი...
გიორგი მარგველაშვილი

საქართველო მეტ-ნაკლებად მართლაც რომ გაქრა რადარებიდან შეერთებულ შტატებში, – ამ აზრს საქართველოს პრეზიდენტიც იზიარებს და, მეტიც, თუკი საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მისი გამოსვლის შინაარსით ვიმსჯელებთ, ის ამ ტენდენციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხედავს და, კერძოდ, მათ პოლიტიკაში, ვისაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ რუსეთისა და საქართველოს პრობლემად მიაჩნია. გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ საქართველოს დავიწყება შექმნის წინაპირობას იმისათვის, რომ მომავალში დავიწყებული იქნება უკრაინის პრობლემებიც და რუსეთს ყველაფერი ეპატიება. ეს კი სახიფათოა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის:

„საქართველოს დატოვება გლობალური დისკუსიების მიღმა და მისი, ჯერ ისევ გადაუჭრელი, პრობლემის არგანხილვა, აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას საერთაშორისო ურთიერთობებზე მთელ მსოფლიოში და, განსაკუთრებით, – არჩევანის თავისუფლებისა და განვითარების თვალსაზრისით, – რუსეთის მეზობელი უამრავი ქვეყნისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საქართველოს საკითხის განხილვა და არდავიწყება არ წარმოადგენს მხოლოდ სამართლიანობის საკითხს, რასაც ასე მოითხოვს ჩემი ქვეყანა, არამედ ეს არის სტაბილური საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნების საკითხი. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა რეგიონისთვის“.

შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრობლემატიკა არასათანადოდ აქტუალურია როგორც შეერთებული შტატების, ასევე, ზოგადად, საერთაშორისო დისკუსიებში, გიორგი მარგველაშვილმა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისასაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ „უმნიშვნელოვანესია რაც შეიძლება დიდი ძალისხმევის და რესურსების ჩადება“ იმაში, რომ ქვეყნის საკითხები დღის წესრიგში წინ იქნეს წაწეული. ამ ჭრილში პრეზიდენტი განსაკუთრებული ძალისხმევის აუცილებლობას გაეროს გენერალური ასამბლეის სარბიელზე ხედავს.

იმის გამო, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სარბიელი, საქართველოს პრობლემატიკაზე ლაპარაკის კუთხით, ამ დრომდე არაეფექტიანად გამოიყენა, ბოლო დღეებში ანალიტიკოსების ერთი ნაწილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდა. ასეთები თვლიან, რომ გენასამბლეის ფარგლებში გამართულ ნებისმიერ სამიტზე – იქნებოდა ეს მდგრადი განვითარებისა თუ გლობალური სამშვიდობო მისიების მომავლისადმი მიძღვნილი შეხვედრები, რომლებზეც სიტყვით გამოვიდა - ირაკლი ღარიბაშვილს შანსი უნდა გამოეყენებინა და მთელი სიმწვავით შეეხსენებინა მსოფლიოსთვის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის პრობლემები. ერთადერთი იმედი ახლა უკავშირდება 1 ოქტომბერს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთელ მსოფლიოს გაეროს გენასამბლეის 70–ე სესიის ტრიბუნიდან მიმართავს. ანალიტიკოსების ნაწილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ინტერესების შესაბამისი მთავარი სათქმელი ხუთშაბათს მაინც ითქმება.

მანამდე კი საქართველოს თემატიკის გააქტუალურების პირობას ასევე ნიუ-იორკში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დებს. ის დიდი ძალისხმევის საჭიროებას უსვამს ხაზს და განსაკუთრებული აქცენტი შეერთებულ შტატებზე კეთდება:

"მინდა გამოვთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი".

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი – გაეროს რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ – ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებს და ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესი აქვს.

სამწუხაროდ, საქართველოს პრობლემატიკის დავიწყების თვალსაზრისით, ძალიან ცუდი ტენდენცია შეინიშნება, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე. მისთვის ამ ტენდენციას არაერთი სიმპტომი ადასტურებს:

„გასაგებია, რომ უკრაინაზეა, გარკვეულწილად, გადატანილი ყურადღება უკრაინისთვის ამ საბედისწერო პერიოდში, მაგრამ, ამასთან, ეს არავითარ შემთხვევაში ხელს არ უშლის იმას, რომ ჩვენი პრობლემებიც, – იგივე იმ რეზოლუციებში, რომლებიც მიიღება ამერიკის კონგრესში, – ჩვენი საკითხი უფრო აქტიურად იყოს წამოწეული. ინდიკატორია კიდევ ის, რომ შესაბამისი მომხრე ვიზიტები არ არის ხშირი – იქნება ეს კონგრესმენების დელეგაცია თუ სხვა სამთავრობო დელეგაციები... არ არის აქტიური მიდგომა, არ ხდება კონკრეტული თემატიკის მუდმივი ფორსირება, წამოწევა როგორც ამერიკელებთან, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში ჩვენს მოკავშირეებთან“.

გიორგი მუჩაიძის აზრით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად გააღიზიანოს რუსეთი, არ კეთდება მწვავე განცხადებები მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკასთან მიმართებით და, შესაბამისად, საქართველოს პრობლემატიკაც თანდათან ფერმკრთალდება საერთაშორისო დღის წესრიგში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG