ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების კიდევ ერთი უშედეგოდ დასრულებული რაუნდის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე 43-ე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე. შესაბამისად, მხარეებმა ვერ შეძლეს პოზიციების დაახლოება ვერც ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ზეპირი განცხადების პროექტზე, რომელსაც, ერთდროულად, საქართველო, რუსეთი, დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა მიერთებოდნენ და რომელსაც, ქართული მხარის მოთხოვნით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის უნდა შეეწყო ხელი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი
- ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დაწესდა.
- საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ.
- ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 44-ე რაუნდი ივნისში გაიმართება.
განცხადებაში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ვკითხულობთ, რომ „საქართველო, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლების ნდობის აღდგენაზე, დაიწყოს ჟენევაში პირდაპირი ურთიერთპატივისმცემელი დიალოგი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, უარი თქვას სხვა ქვეყნების წაქეზებაზე მათი მცხოვრებლების სავიზო ბლოკადასთან დაკავშირებით, გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და შეწყვიტოს ამ რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სინანულს გამოთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროგრესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ 9 მარტს გაკეთებული განცხადების საპირისპიროდ, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად გადააქციეს და თავიანთი გამოსვლები „რუსული ოკუპაციის შესახებ“ გახუნებულ თეზისზე ააგეს. ამ განცხადების პათოსი, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მედიასთანაც გამოხატა და განაცხადა, რომ რუსეთი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში აქტუალური არ გამხდარა, საქართველოს პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში იგი ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტის, ირაკლი ფორჩხიძის, აზრით, იმისათვის, რომ „ქართული ინტერესის ჩაჩოჩება და ეროზირება არ მოხდეს“, საჭიროა ჟენევის ფორმატი სრულფასოვნად შენარჩუნდეს:
“ფორმატი არის უმნიშვნელოვანესი, გამომდინარეობს იმ დოკუმენტიდან, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად არის შედგენილი, სადაც ძალიან მკაფიოდ არის მოხსენიებული ორი მხარე, ქართული და რუსული მხარეები, ხოლო სხვა დანარჩენი „წარმომადგენლები“ არიან ერთ-ერთი მონაწილის - ამ შემთხვევაში რუსეთის დელეგაციის - წევრები. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრუქტურა შენარჩუნდეს. და ის, რომ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს შორის არსებობდა გარკვეული უთანხმოება, კარგია, რომ ეს ყველაფერი გადაწყდა იმ მოცემულობაში, რა მოცემულობაშიც ახლა დავრჩით“.
მოცემულობა კი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდამდე შეიქმნა საქართველოში, გულისხმობს ასევე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის მიღებას არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე და მომხდარზე პასუხისმგებლობის რუსეთისთვის დაკისრებას. შესაბამისად, ჟენევის დისკუსიებზე 27-28 მარტს საქართველოს წარმომადგენლებმა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით, კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ამ საკითხზე, ჟენევის გარდა, 28 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე ისაუბრა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ. დებატები გაეროს უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების, ინიციატივით გაიმართა იმ მიზნით, რომ გამოკვეთილიყო გზები სამშვიდობო ოპერაციების ეფექტიანობის ასამაღლებლად და ამ კუთხით პროცესის ყველა მონაწილის ჩართულობის გასაუმჯობესებლად.
ბუნებრივია, გავიხსენეთ ის ფაქტი,რომ საქართველოში არსებობდა გაეროს მისია. ეს იყო გაეროს სადამკვირვებლო მისია, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, რუსეთის, ვეტოთი იქნა დაბლოკილი. მისია აღარ გაგრძელდა და 2009 წლიდან, ფაქტობრივად, შეიქმნა ვაკუუმი...კახა იმნაძე
კახა იმნაძემ თავის გამოსვლაში სწორედ იმაზე ილაპარაკა, რომ, საჭიროების მიუხედავად, საქართველოში გაეროს სამშვიდობო მექანიზმი, რამდენიმე წელია, აღარ ფუნქციონირებს:
„ბუნებრივია, გავიხსენეთ ის ფაქტი,რომ საქართველოში არსებობდა გაეროს მისია. ეს იყო გაეროს სადამკვირვებლო მისია, რომელიც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, რუსეთის, ვეტოთი იქნა დაბლოკილი. მისია აღარ გაგრძელდა და 2009 წლიდან, ფაქტობრივად, შეიქმნა ვაკუუმი. რუსეთის ფედერაციამ, რა თქმა უნდა, მაშინ დაბლოკა ეუთოს შესაბამისი მისიის გაგრძელებაც და მივედით იმ ვითარებამდე, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უწოდა „შავი ხვრელები“, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით“.
ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის ხელსაყრელ შავ ხვრელებად დარჩენილ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ საუბრისას კახა იმნაძემ გაეროს უშიშროების საბჭოს დებატების მონაწილეებს კიდევ ერთხელ შეახსენა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე და შენიშნა, რომ რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება.
თავის მხრივ, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოსაც ემსჯელა.
“გაეროს მისიის არსებობა, რომელიც ვეტოს გამოყენებით სწორედ რუსეთმა შეაჩერა საქართველოში, არის, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეფერხება იმისა, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმება ვერ ვრცელდება ასევე საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების მიმართულებით. კარგი იქნებოდა, თუ ამ საკითხის აქტუალიზაცია მოხდებოდა და საერთაშორისო თანამეგობრობა განიხილავდა სერიოზულად უშიშროების საბჭოში ამ ექვსპუნქტიანი შეთანხმების სწორედ იმ პუნქტის ამოქმედებას, რომელიც ეხება საერთაშორისო მექანიზმების განთავსებას კონფლიქტურ რეგიონებში“.
აქვე კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე იმსჯელეს ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების აუცილებლობაზე, რეფორმირება კი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ და არამუდმივ წევრთა რაოდენობის გაზრდის საშუალებით დამატებითი შესაძლებლობები იქნებოდა რუსეთის არასახარბიელო მდგომარეობაში ჩასაყენებლად.