29 მარტს, ბევრისთვის მოულოდნელად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქის გაძევების შესახებ. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომლის გაძევების ეს ნაბიჯი დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად გადაიდგა და ამით ქვეყანა შეუერთდა საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილის ერთიან პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთის მოქალაქეების მასობრივი გაძევება საერთაშორისო თამეგობრობამ მას შემდეგ დაიწყო,რაც რუსეთს დაეკისრა ბრალი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის,სერგეი სკრიპალისა და მისი 33 წლის ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის ფაქტის გამო. რატომ გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქის გაძევება ქართულმა მხარემ და როგორ აღიქმება ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთის მხრიდან?
რუსი დიპლომატებისა თუ არადიპლომატების მასობრივად გაძევება
- შვეიცარიის საელჩოს ბაზაზე რუსეთის ინტერესების სექცია მას შემდეგ ამოქმედდა, რაც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. სექცია ძირითადად სავიზო მომსახურებით არის დაკავებული.
- სწორედ ამ სექციიდან შეარჩია ქვეყნიდან გასაძევებელი პირი ქართულმა მხარემ და ამით ის შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლური ქვეყნების ერთიან და მზარდ წინააღმდეგობას.
- 28 მარტისთვის რუსი დიპლომატებისა თუ არადიპლომატების მასობრივად გაძევების პროცესში ნატოსა და ევროკავშირის წევრი თუ მათი პარტნიორი 27 ქვეყანა იყო ჩართული და გაძევებულ თუ გასაძევებელ პირთა სია 144-ს შეადგენდა.
საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის მოქალაქის გაძევებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება 29 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე წერილობითი სახით გამოქვეყნდა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით ერთი კვირის ვადაში საქართველოს დატოვება რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მოუწევს:
„სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და, შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში“.
შვეიცარიის საელჩოს ბაზაზე რუსეთის ინტერესების სექცია მას შემდეგ ამოქმედდა, რაც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. სექცია ძირითადად სავიზო მომსახურებით არის დაკავებული.
გვარის წინასწარ დასახელების გარეშე, სწორედ ამ სექციიდან შეარჩია ქვეყნიდან გასაძევებელი პირი ქართულმა მხარემ და ამით ის შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლური ქვეყნების ერთიან და მზარდ წინააღმდეგობას. დასავლეთმა შეთანხმებულად გადაწყვიტა, რომ რუსეთს არ უნდა შერჩეს ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა, და მისი ქალიშვილის ქიმიური იარაღით მოკვლის მცდელობა სუვერენული ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის - ტერიტორიაზე.
28 მარტისთვის რუსი დიპლომატებისა თუ არადიპლომატების მასობრივად გაძევების პროცესში ნატოსა და ევროკავშირის წევრი თუ მათი პარტნიორი 27 ქვეყანა იყო ჩართული და გაძევებულ თუ გასაძევებელ პირთა სია 144-ს შეადგენდა. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე მეტი პირის გაძევების გადაწყვეტილება აქვს მიღებული. საერთო სურათით, რაოდენობა ასე ნაწილდება: შეერთებულ შტატები - 60 პირი, დიდი ბრიტანეთი - 23 პირი, უკრაინა - 13 პირი; გერმანია, კანადა, ფინეთი და პოლონეთი - 4-4 პირი; ჩეხეთი, ლიტვა და მოლდავეთი - 3-3 პირი; დანია, ჰოლანდია, ესპანეთი, იტალია, ალბანეთი და ავსტრალია - 2-2 პირი; ირლანდია, ხორვატია, ბელგია, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, რუმინეთი, უნგრეთი, მაკედონია - 1-1 პირი.
ამ სიაში 28-ე ქვეყანა იქნება საქართველო, რომელსაც, მართალია, თავის ტერიტორიაზე (რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობის გამო) რუსი დიპლომატები ოფიციალურად არ ჰყავს, მაგრამ დასავლურ სოლიდარობას მაინც უერთდება, როგორც უკვე აღინიშნა, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციიდან ერთი თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილებით.
იმ ფაქტის გამო, რომ სოლიდარობის ჯაჭვს ამ დრომდე არ შეუერთდა, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დღეებში აქტიურად აკრიტიკებდა პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი. სახელდებოდა სხვადასხვა გზა და ხერხი სოლიდარობის გამოხატვის მიმართულებით. ახლაც უკვე გადადგმულ ამ ნაბიჯს ბევრი დაგვიანებულად მიიჩნევს.
ეს არის ნაწილი იმ სოლიდარობის, რაც დასავლეთმა გამოამჟღავნა რუსეთის წინააღმდეგ. ქართული მხარის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა გამართლებული და მიზანშეწონილი იყო...შორენა ლორთქიფანიძე
საქართველოს ხელისუფლების რუსეთის მიმართ ფრთხილი პოლიტიკის გამო 29 მარტს გახმაურებული გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მათ შორის ანალიტიკურ წრეებშიც. ეს მოულოდნელი იყო შორენა ლორთქიფანიძისთვისაც, თუმცა, როგორც "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს" წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ქართულმა მხარემ სწორი ნაბიჯი გადადგა:
„იმედი მაქვს, რომ ეს მოფიქრებული ნაბიჯია და შეთანხმებული არა, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიღებული სიგნალების საპასუხო ნაბიჯია. ეს არის ნაწილი იმ სოლიდარობის, რაც დასავლეთმა გამოამჟღავნა რუსეთის წინააღმდეგ. ქართული მხარის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა გამართლებული და მიზანშეწონილი იყო“.
ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თბილისის ამ ნაბიჯს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უპასუხებს რუსეთი და, შესაძლოა, მოსკოვმა საქართველოზე ზეწოლის მრავალნაცადი ძალისხმევაც გააძლიეროს, იქნება ეს საოკუპაციო ხაზზე დამატებითი ბარიერების აღმართვა, ეთნიკურად ქართველების უფლებრივი შევიწროება თუ სხვა. ჯერჯერობით რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია კონკრეტულად საქართველოს ნაბიჯთან დაკავშირებით, მაგრამ რუსი დიპლომატების მასობრივად გამოძევების პროცესი უპასუხოდ რომ არ დარჩება, ამის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ვუპასუხებთ. ასეთი თავხედობის მოთმენა არავის უნდა და ამას არც ჩვენ გავაკეთებთ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს 27 მარტს და მისი სხვა კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარულ წინააღმდეგობას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულად მიიჩნევს.
საქართველოში პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება იმაზეც, რომ, მიუხედავად მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი რეაქციებისა, საქართველო აუცილებლად უნდა შეერთებოდა საერთაშორსიო თანამეგობრობის ერთიანი სოლიდარობის აქციას. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ამ ნაბიჯით საქართველო დამატებით ქულებს მოიპოვებს საერთაშორისო სარბიელზე:
„ეს აქტი ზეგავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე საქართველოს მიმართ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, მაგრამ კიდევ ერთი პოზიტივი იქნება ჩაწერილი საქართველოს საერთაშორისო აქტივში, რომ ის განზე არ დარჩა სოლიდარობის აქტისგან. რა თქმა უნდა, ჩვენდამი დადებით განწყობას გააძლიერებს“.
ანალიტიკოსებს უჭირთ იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა უდევს საფუძვლად რუსი მოქალაქის გაძევების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების ბევრისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებას და რა გახდა კონკრეტული ბიძგი ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ერთნი ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ასეთი სვლა შიდაპოლიტიკური წნეხითა და ასევე იმ ფაქტით არის ნაკარნახევი, რომ უკრაინა უფრო ადრე და დაუფიქრებლად ჩადგა სოლიდარობის მწკრივში 13 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებით. მეორენი ფიქრობენ, რომ თბილისმა ეს ნაბიჯი მხოლოდ მას შემდეგ გადადგა, რაც კარგად დარწმუნდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო სოლიდარობის მიზნების სიმტკიცეში. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კი, ეს ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების უშედეგო 43-ე რაუნდს, რომელზეც 28 მარტს ვერ მოხერხდა შეთანხმება ძალის არგამოყენების ერთობლივი ზეპირი განცხადების გარშემო და რუსეთი ჟენევის ფორმატის შეცვლის აუცილებლობაზე აქტიურად ალაპარაკდა. 43-ე რაუნდის შემდეგ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთი დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავდა.