მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის „ბიზნესის წარმოება 2017“-ის (Doing Business 2017) თანახმად, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყნაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველომ შვიდი ადგილით წაიწია წინ და, ამავე დროს, მოხვდა ევროპული ქვეყნების მოწინავეთა სამეულში. საქართველოს მიღწევებს „საამაყოს“ უწოდებს მსოფლიოს ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში – მერსი ტემბონი და ხელისუფლებას ტემპის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. რა სარგებელი მოაქვს ამა თუ იმ ქვეყნისთვის დაწინაურებას მსოფლიო ბანკის რეიტინგში და უწყობს თუ არა ეს ხელს ინვესტორების მოზიდვას? თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.
მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 80.20 ქულითა და 7-ადგილიანი ნახტომით საქართველომ მე-16 ადგილზე გადაინაცვლა და მოხვდა რეფორმატორი ქვეყნების მოწინავე მსოფლიო ათეულში - იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე უკეთ გამოავლინეს გაუმჯობესების ტენდენცია, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის ჭრილში. ამასთან, საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა მოწინავე ევროპული ქვეყნების სამეულში – იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის, მაკედონიისა და ლატვიის შემდეგ. ერთ-ერთ „საამაყო“ ფაქტად სწორედ ეს ფაქტი დაასახელა მსოფლიოს ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა 26 ოქტომბერს, როცა მან ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
ძალიან ვამაყობ საქართველოთი, რომელმაც ასეთ პროგრესს მიაღწია. მაგრამ მე მოვუწოდებ მთავრობას, არ გაჩერდეს, – რადგანაც საჭიროა, კვლავაც საჭიროა გაუმჯობესება. ვიმედოვნებ, რომ ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება...მერსი ტემბონი
თუმცა, მერსი ტემბონმა საქართველოს მიღწევით კმაყოფილება და სიამაყე ოთხშაბათს კიდევ არაერთხელ გამოხატა და რეკომენდაცია მთავრობასაც მისცა:
„ეს არის საშუალება მთავრობისთვის იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ხელსაყრელ, ინკლუზიურ საინვესტიციო გარემოს უქმნის ის კერძო სექტორს... სწორედ კერძო სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში, სწორედ კერძო სექტორს მოაქვს კეთილდღეობა ადამიანებისთვის და სწორედ კერძო სექტორი უწყობს ხელს ეკონომიკის ზრდას. მე, მართლა, ძალიან ვამაყობ საქართველოთი, რომელმაც ასეთ პროგრესს მიაღწია. მაგრამ მე მოვუწოდებ მთავრობას, არ გაჩერდეს, – რადგანაც საჭიროა, კვლავაც საჭიროა გაუმჯობესება. ვიმედოვნებ, რომ ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება“.
მსოფლიო ბანკი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საქართველომ გასული წლის განმავლობაში განახორციელა ხუთი მნიშვნელოვანი რეფორმა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, ქონების რეგისტრაცია, მინორიტარი ინვესტორების უფლებების დაცვა, საერთაშორისო ვაჭრობა და გადასახადების გადახდა.
იმის გამო, რომ „ბიზნესის წარმოების რეიტინგი“, დიდწილად, ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგების შეფასებასა და საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მოქმედების ეფექტიანობის შეფასებას ისახავს მიზნად – მსოფლიო ბანკის ახალმა ანგარიშმა კმაყოფილი დატოვა საქართველოს მთავრობა. იმ ფაქტს, რომ ახალ რეიტინგში საქართველომ, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, მაგალითად, გერმანიასა და ირლანდიას აჯობა, მეტად დიდ წარმატებად მიიჩნევს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. როგორც მან აღნიშნა 26 ოქტომბერს, ეს წარმატება მთავრობის კოორდინირებულმა და ეფექტიანმა მუშაობამ განაპირობა.
მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში გამოვლენილ წინსვლას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და როგორც მან ოთხშაბათს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ქვეყნის ასეთი წარმატება ინვესტორების ნდობას გაზრდის:
„ფაქტობრივად, შვიდი საფეხურით აიწია საქართველომ ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში – 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში და 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ნახტომი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის“.
მსოფლიო ბანკის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს პოზიტიურ სიგნალად აღიქვამს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძე და როგორც ის ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ – ეს კარგი ამბავი ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვის კუთხითაც დაეხმარება:
„პოზიტიური სიგნალია ეს, ცალსახად, იმიტომ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ასეთი იოლია და, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბიზნესის წამოწყება და განხორციელება შედარებით ნაკლებ ბარიერს შეიცავს. ამიტომ ეს, გარკვეულწილად, იმ პოტენციალის მაჩვენებელია, რაც საქართველოს ეკონომიკას და მის სამართლებრივ გარემოს აქვს დღეს ინვესტიციების განხორციელებისათვის, ინვესტიციების მოსაზიდად“.
იოსებ არჩვაძის თქმით, ქვეყნის მიღწევები რეალისტურად მაშინ დაფასდება, როცა მსოფლიო ბანკის რეიტინგში ასახული დადებითი მაჩვენებლები „რაც შეიძლება მალე კონვერტირდება“ ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებაში. სხვა შემთხვევაში, რეიტინგში წინსვლა მხოლოდ რეიტინგში წინსვლად დარჩება. ამასთან, ეკონომისტის აზრით, პარალელურად შესწავლილ უნდა იქნას მიზეზები, თუ რამ შეუშალა ხელი ქვეყნაში კერძო სექტორის გაძლიერებასა და ეკონომიკის სწრაფ ზრდას, როცა საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, მოწინავე რეფორმატორ ქვეყნებს შორისაა.
მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში გამოვლენილ წინსვლას ქვეყნის იმიჯისთვის მეტად მნიშვნელოვან, წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი. თუმცა, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს უფრო ქვეყნის შიდა საკითხია და საეჭვოა, რომ მსოფლიო ბანკის ამ რეიტინგში ასახული სურათი, დამატებით, წამახალისებელ ფაქტორად იქცეს ამა თუ იმ კონკრეტული ინვესტორისთვის.