Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოება?


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს მომავალში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომლებშიც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ არის. გასული წლის მონაცემებით, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობა-ნაგებობის მფლობელებს კი ვითარების გამოსწორების რეკომენდაცია მიეცათ.

გადმოწერა

სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმება

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, გასულ წელს ზედამხედველობის სამმართველომ ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შეამოწმა.
  • პრიორიტეტად შერჩეული იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
  • ბევრ ობიექტზე არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი და თუ ვითარება გონივრულ ვადებში არ გამოსწორდა, ზოგიერთ ობიექტს, შესაძლოა, საქმიანობაც კი შეუჩერდეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, გასულ წელს ზედამხედველობის სამმართველომ ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შეამოწმა. როგორც სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი განმარტავს, პრიორიტეტად შერჩეული იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ მათგან დარღვევები ბევრ ობიექტზე გამოვლინდა, ბევრში არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტი და თუ ვითარება გონივრულ ვადებში არ გამოსწორდა, ზოგიერთ ობიექტს, შესაძლოა, საქმიანობაც კი შეუჩერდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ ობიექტებზეა საუბარი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი მოქალაქეთა ინფორმირებულობას ამ მხრივ საჭიროდ მიიჩნევს:

“მე ვფიქრობ,რომ ჩვენს მოქალაქეებს და არა მარტო ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც აქვთ უფლება, იცოდნენ ასეთი ობიექტების შესახებ, რათა უფრო მეტად იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.

გარდა ობიექტების ნუსხისა, უახლოეს მომავალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აპირებს წარადგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებისკენ იქნება მიმართული. დღეს მოქმედი რეგულაციებით, ჯარიმები სხვადასხვა სიმძიმის დარღვევისთვის 50-დან 300 ლარამდე მერყეობს. წინასწარი ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტით, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობაზე ჯარიმები 10 000 ლარიდან დაიწყება, ჯარიმების გაზრდასთან ერთად კი გაიზრდება იმ ობიექტების ჩამონათვალიც, რომლებიც სახანძრო ზედამხედველობას ექვემდებარება.

ვითარების სიმწვავეზე კი, თავის მხრივ, მეტყველებს სტატისტიკაც, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. 2017 წლის მონაცემებით, ხანძრების შედეგად საქართველოში 79 ადამიანი დაიღუპა, 244 დაშავდა და 543 შენობა-ნაგებობა განადგურდა, მთლიანად ქვეყანაში კი 15 222 ხანძარი აღირიცხა, რაც ბოლო 15 წლის მაჩვენებლების მაქსიმუმს წარმოადგენს. ეს კი, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, კავკასიის უსაფრთხოების ექსპერტთა აკადემიის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის, გიორგი სულთანიშვილის, განმარტებით, სხვა ქვეყნების საშუალო სტატისტიკურ მონაცემებსაც აჭარბებს:

იქ უნდა შედიოდეს შემმოწმებელი იმისთვის, რომ ნახოს, ნამდვილად წესრიგშია თუ არა ყველაფერი, ანუ ნამდვილად იმ სტანდარტებში არის თუ არა მოქცეული სახანძრო უსაფრთხოება, რა მოთხოვნებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს...
გია ჯაფარიძე

“ჩვენთან უფრო მაღალია ხანძრების რაოდენობა. ამის გამომწვევი მიზეზები არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დაუდევრობა, რაც, დავუშვათ, იგივე ტყეების ხანძარს იწვევს; ასევე ცოდნის ნაკლებობა: ამ ხალხმა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს... და ასევე ელემენტარული სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რაც, დავუშვათ, სახეზე გვაქვს ნებისმიერ - თითქმის ნებისმიერ - სავაჭრო ცენტრში, სადაც ელექტროგაყვანილობა არ არის მოწესრიგებული, არ ხდება სწავლებები ევაკუაციის და ასე შემდეგ“.

გიორგი სულთანიშვილი ამბობს, რომ სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციების კორექტირება მუდმივი პროცესია. მათ შორის კარგია, რომ თბილისში, უახლოესი წარსულისგან განსხვავებით, ახალ შენობებზე ნებართვები აღარ გაიცემა, თუ სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებს. თუმცა, ამ ტიპის პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, პრობლემები მრავლადაა. მათ შორის, ბევრია ისეთი შენობა, რომელთან სახანძრო ბრიგადის ფიზიკური მიახლოებაც კი შეუძლებელია, სახეზეა კვალიფიციური კადრების დეფიციტი, აუცილებელია პერსონალის გადამზადება, ხანძრისა და ევაკუაციის პერიოდული იმიტაცია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ასე შემდეგ.

საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრება, თავის მხრივ, პრობლემის მოგვარების მთავარ გზად არ ესახება კომპანია „პაირექსის“ დამფუძნებელს, გია ჯაფარიძეს, რომელიც ამბობს, რომ პრობლემაა არა რეგულაცია, არამედ მისი განხორციელება:

სასტუმრო "ლეოგრანდი", სადაც ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სასტუმრო "ლეოგრანდი", სადაც ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

“თუ სახელმწიფო იქ უშვებს კომპანიას იმისთვის, რომ დასაჯოს, ეს უკვე არ ვარგა. ასეთი არც რეგულაცია ვარგა და არც იმპილიმენტაცია არ ვარგა. იქ უნდა შედიოდეს შემმოწმებელი იმისთვის, რომ ნახოს, ნამდვილად წესრიგშია თუ არა ყველაფერი, ანუ ნამდვილად იმ სტანდარტებში არის თუ არა მოქცეული სახანძრო უსაფრთხოება, რა მოთხოვნებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ ჯარიმა გამოუწერო კომპანიას და დასაჯო. ამით არც ბიზნესს ვეხმარებით და არც ცეცხლის პრევენციას ვახდენთ“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ამ ეტაპზე თავს იკავებს, რამდენიმე ობიექტი მაინც დაასახელოს, რომელშიც დარღვევები უკვე გამოვლინდა.სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებში სავალდებულოა არსებობდეს საევაკუაციო კიბე და გზები, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის ჩაქრობისა და კვამლსაწინააღმდეგო ავტომატური სისტემები, შენობაში უნდა იყოს ცეცხლმაქრობი და საევაკუაციო გეგმები. რაც მთავარია, ობიექტების პერსონალსა და მომხმარებელს უნდა ჰქონდეთ ამ სისტემებით სარგებლობის კულტურა და მათი მოხმარება იცოდნენ.

XS
SM
MD
LG