Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში ეკონომიკური განვითარების გზებს ეძებენ


რუსთავი
რუსთავი

რუსთავის მერიაში, ინვესტორების მოსაზიდად, ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებას იწყებენ. საქმე ისაა, რომ წლიდან წლამდე რუსთავში გარე თუ შიდა ინვესტიციების მოზიდვა არ ხდება ან შემოდის ძალიან ცოტა რაოდენობით.

გადმოწერა

გასული წლის მიწურულს, როცა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, საკრებულოს წევრებმა სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ 2017 წელს ქალაქში სულ 124 ათასი ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა მთავარია, ქალაქმა განვითარებაზე ორიენტირებული და ეფექტური ეკონომიკური პროგრამები შეიმუშაოს და მას ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკურ განვითარებაში, შესაძლებელია, ევროკავშირი დაეხმაროს..

„განვითარების გეგმაში შეიძლება ინფრასტრუქტურის მიმართულებით წავიდეთ, თუნდაც ქალაქში მაინც. ჩვენ თუ სწორი პროექტი გვექნება, მის დაფინანსებაზე ნებისმიერი ევროკავშირის ქვეყანა მოდის“, - ეს განცხადება რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, რამდენიმე დღის წინ მერიაში ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა მანამ, სანამ პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პრეზენტაცია გაიმართებოდა.

ელექტროტექნიკის მწარმოებელი კომპანია „მიკროელექტრონიქსის“ ფინანსურმა მენეჯერმა სოსო მაზმიშვილმა კი განაცხადა, რუსთავზე, როგორც ინდუსტრიულ ქალაქზე, საუბარი წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან, „აზოტის“ გამოკლებით, დიდი ქარხნები აღარ არსებობს და ვერც მათი აღდგენა მოხერხდებაო...

რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი გრძელვადიანი პროექტის განხორციელება, ევროკავშირის მხარდაჭერით, 2017 წელს დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. რუსთავი მას წელს შეუერთდა. პირველ ეტაპზე მდგრადი და განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პროექტები უნდა შემუშავდეს. პროცესში ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

ქალაქის მერმა შეხვედრაზე სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლები მიიწვია, რომლებმაც საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მაგალითად, გრანიტის ბოჭკოს მწარმოებელი კომპანია „ბაზალტ ფაიბერსის“ გენერალურმა დირექტორმა ივერი ქუცნაშვილმა თქვა, რუსთავის უპირატესობები -კომუნიკაცია მოსაზღვრე ქვეყნებთან და გამოუყენებელი საწარმოო ზონა, თავისი ინფრასტრუქტურით - მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ცენტრის შექმნისთვის კარგი წინაპირობააო.

ელექტროტექნიკის მწარმოებელი კომპანია „მიკროელექტრონიქსის“ ფინანსურმა მენეჯერმა სოსო მაზმიშვილმა კი განაცხადა, რუსთავზე, როგორც ინდუსტრიულ ქალაქზე, საუბარი წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან, „აზოტის“ გამოკლებით, დიდი ქარხნები აღარ არსებობს და ვერც მათი აღდგენა მოხერხდებაო. მისი თქმით, საჭიროა ქალაქის რებრენდინგი, რომ ეს არის ტურისტული, გასართობი, ახალგაზრდული და სპორტული ქალაქი.

ერთ-ერთმა მონაწილემ, ეკა ფავლენიშვილმა, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ფილიალს ხელმძღვანელობს, განაცხადა, გაუმართლებელია, როცა ქალაქის ტურისტულ პოტენციალს არ ვიყენებთო. მისივე თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსთავის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ფუნქციონირებს მეტალურგიული ქარხანა, დატვირთვით მუშაობს აზოტის ქარხანა, ისიც, რომ, თბილისთან შედარებით, რუსთავში არ არის საცობები და ქალაქდაგეგმარება არც ისეა დამახინჯებული, შიდა ტურიზმს განავითარებს, უცხოელებს კი საბჭოთადროინდელი საწარმოები მიიზიდავს.

საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრიდან მესამე დღეს რუსთავის მერი ახალგაზრდა ბიზნესმენებთან ერთად პოლონეთში გაემგზავრა. დელეგაცია გაეცნობა გასული საუკუნის 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ ერთ დროს ინდუსტრიული ქალაქების განვითარების პროცესს.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG