Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2017 წ. 5 ივლისი


„კომერსანტის“ ცნობით, სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასამართლებულმა სოჭის მცხოვრებლებმა ანიკ კესაიანმა, ინგა ტუტისანიმ და მარინა ჯანჯღავამ საკასაციო სარჩელით მიმართეს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასამართლოს. სამივე შემთხვევაში სახელმწიფო ღალატი განმარტებული იყო როგორც საქართველოსათვის რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის გადაცემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, განსასჯელებმა ინფორმაციის გადასაცემად გამოიყენეს მობილური ტელეფონის მოკლე ტექსტური შეტყობინება. სასამართლომ კესაიანს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ჯანჯღავას - თორმეტი წლით, ხოლო ტუტისანის - ექვსი წლით. პუბლიკაციის მიხედვით, დაცვის მხარე უმაღლესი სასამართლოსაგან განაჩენების გაუქმებას მოითხოვს. ადვოკატ ივან პავლოვის თქმით, დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ განსასჯელთა მიერ გაგზავნილი ინფორმაცია არ ყოფილა დაცული და, შესაბამისად, ვერ ჩაითვლებოდა სახელმწიფო საიდუმლოებად. „მათ დაინახეს ის, რაც დაინახა ყველამ“, - შენიშნავს ადვოკატი, რომელიც იშველიებს ასევე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საიდუმლოება შეიძლება იყოს მხოლოდ დაცული ინფორმაცია. პუტინმა ეს განმარტება გააკეთა ანალოგიური ბრალდებით გასამართლებული და მერე შეწყალებული ოკსანა სევასტიდის საქმეზე დასმული კითხვის პასუხად.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი იმის შესახებ წერს, რომ საპროტესტო მიტინგებმა გაზარდეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკსანდრ ნავალნის, პოპულარობა, რამაც გამოხატულება პოვა მის მიერ დაფუძნებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდისათვის შეწირული თანხის ზრდაში. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, ფონდში გადარიცხული იქნა 78,5 მილიონი რუბლი, ანუ 1,35 მილიონი დოლარი, მაშინ როცა, მაისის მონაცემებით, ფონდში 56 მილიონი რუბლი იყო.

სტატიის მიხედვით, შემოსავლის დიდი ნაწილი - დაახლოებით, 40 მილიონი რუბლი - დაიხარჯა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის 58 შტაბის ტექნიკურ გადაიარაღებასა და თანამშრომელთა ხელფასებზე.

პუბლიკაციიდან მკითხველი ასევე შეიტყობს, რომ ფონდის დამფუძნებელი ალეკსანდრ ნავალნი საპატიმროს რამდენიმე დღეში დატოვებს და კვლავ დაუბრუნდება აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას.

„სულ ცოტა უნდა ველოდოთ ახალი ანტიკორუფციული აქციის გამოცხადებას, მით უფრო, რომ გამოცდილებამ აჩვენა: საპროტესტო აქციები იწვევს ფონდის დაფინანსების სტიმულირებას“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

„რუსეთი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 0,5 პროცენტს კარგავს დემოგრაფიის გამო“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, ყოველწლიურად შრომისუნარიანი მოსახლეობის 1 მილიონი ადამიანით შემცირება იწვევს რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას ნახევარი პროცენტით. სტატიაში საუბარია ასევე იმაზე, რომ 2020 წლისთვის რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ სამი პროცენტი რომ შეადგინოს, ამისთვის საკმარისი არ იქნება მხოლოდ შრომის ნაყოფიერების გაზრდა, საჭიროა შრომითი ძალის უცხოეთიდან შემოდინება, რათა ნიველირდეს დემოგრაფიული დარტყმა.

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გათვლებით, 2020 წლისათვის რუსეთის შრომისუნიარი მოსახლეობის რაოდენობა 83 მილიონიდან 80 მილიონამდე შემცირდება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG