ამ კვირაში ჩეხეთის რესპუბლიკაში გავრცელდა ცნობა პრაღაში რუსეთის მოქალაქის, შეერთებული შტატების წინააღმდეგ ჰაკერობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების შესახებ. პოლიციის პრესმდივანმა 18 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რომელსაც მხოლოდ ევგენი ნ.-დ მოიხსენიებენ, 5 ოქტომბერს ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში დააკავეს. პოლიციამ გაავრცელა დაკავების კადრების ამსახველი ვიდეოც და ცნობა, რომ დაკავება შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა. პოლიცია იუწყება ასევე, რომ ეჭვმიტანილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ამასობაში, ჩვენი რადიოს რუსულენოვანი პროექტის, „ნასტოაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტმა მეტი ინფორმაცია მოიპოვა ჰაკერობაში ეჭვმიტანილი პირის შესახებ: დაადგინა მისი ვინაობა და მისი ცხოვრების წესის ზოგი თავისებურება.
საქმე ეხება ვინმე ევგენი ნიკულინს, ინტერნეტში გამოქვეყნებული სურათებით თუ ვიმსჯელებთ, იგი შეძლებული კაცია. მაგალითად, საიტზე autorambler.ru შარშან სექტემბერში გამოქვეყნდა სტატია, რომლითაც ირკვევა, რომ მაშინ 27 წლის ევგენი ნიკულინი „ლამბორგინის“ მარკის ავტომანქანის მფლობელია და რომ ეს არ არის მისი პირველი „ლამბორგინი“ – როგორც ცნობილია, დიზაინით, ტექნიკური მახასიათებლებითა და სიძვირით გამორჩეული ავტომანქანა. ნიკულინი ამბობს, რომ მის ავტოპარკს „ბენტლი კონტინენტალი“ და „მერსედესიც“ ამშვენებენ. ამ სტატიაში ევგენი მოხსენიებულია „ძალიან დაკავებულ ახალგაზრდა კაცად“, საკუთარი სამშენებლო ფირმის, ავტოსერვისისა და ელიტური საათებით ვაჭრობის ბიზნესის მფლობელად.
ჩვენი კოლეგა გაეცნო აგრეთვე ინფორმაციას, რომელიც გამოქვეყნებულია ინსტაგრამში ევგენი ნიკულინის ანგარიშზე i.tak.soidet. არაერთ ფოტოზე ჩანს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, საათი და ფეხსაცმელი – ანუ მანქანა და აქსესუარები, მათ შორის, პრაღაში ნიკულინის დაკავების ამსახველ ვიდეოფილმშიც. საინტერესოა, რომ, ჩვენი რადიოს საიტზე ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ინსტაგრამში ნიკულინის ანგარიში – კერძო ანგარიშის რეჟიმში გადაიყვანეს, ანუ, ის საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის.
სამაგიეროდ, ხელმისაწვდომია ვიდეო, როგორ დაჰყავს ევგენი ნიკულინის ზემოხსენებული „ლამბორგინი“ რუს ავტომოყვარულთა ჯგუფის, „სმოტრა.რუ“-ს დამფუძნებელს, ერიკ კიტუაშვილს. სხვათა შორის, კიტუაშვილი წელს თებერვალში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.