ამერიკელი დემოკრატი კონგრესმენები გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI) მოუწოდებენ, ჩაატაროს გამოძიება იმ ვარაუდთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მთავრობა ცდილობს კიბერიერიშების მეშვეობით ზიანი მიაყენოს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს.
საფრთხე, რომ მტრულად განწყობილი მთავრობა აქტიურად შეეცდება ძირი გამოუთხაროს ჩვენს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს საფრთხეს ჩვენი დემოკრატიისათვის ცივი ომის შემდეგო, - ნათქვამია აშშ-ის სენატში დემოკრატების ლიდერის, ჰერი რეიდის, წერილში, რომლითაც ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს მიმართავს. წერილი 30 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა გაზეთმა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“. მანამდე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოაჩინა, რომ, სავარაუდოდ, რუსეთიდან გატეხეს შეერთებული შტატების ონლაინსაარჩევნო სისტემა.
რეიდის ინფორმაციით, საფრთხე, რომ რუსეთის მთავრობა საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობს, უფრო მასშტაბურია, ვიდრე ბევრისთვის არის ცნობილი და შესაძლოა მოიცავდეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გაყალბების საფრთხესაც. სენატში ამერიკელი დემოკრატების ლიდერი, კერძოდ, შიშობს, რომ რუსეთის მთავრობა შესაძლოა ცდილობდეს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის, საარჩევნო კამპანიის მანიპულირებას 8 ნოემბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ტრამპის კამპანიის გამოყენებას რუსეთის პრეზიდენტის ინტერესების სასარგებლოდ.
ასევე 30 აგვისტოს გავრცელებული წერილით, ოთხი დემოკრატი კონგრესმენი მოუწოდებს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, დაადგინოს, მოქმედებდნენ თუ არა ტრამპის საარჩევნო კამპანიაში დასაქმებული პირები რუსეთის ინტერესების შესაბამისად, როცა ბოლოხანს განხორციელდა ჰაკერების შეტევა ამერიკელი დემოკრატების ეროვნულ კომიტეტსა და დემოკრატ კონგრესმენთა კამპანიის კომიტეტზე. წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები ელაიჯა კამინგსი, ჯონ კონიერსი, ელიოტ ენგელი და ბენი ტომპსონი.
კრემლი გადაჭრით უარყოფს ბრალდებებს, რომლებსაც უყენებენ მას შემდეგ, რაც ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა ამერიკაში პოლიტიკასა და პოლიტიკოსებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებზე. აგვისტოში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გააფრთხილა შტატები მათ საარჩევნო სისტემაზე ჰაკერული თავდასხმის საფრთხის შესახებ - გააფრთხილა მას შემდეგ, რაც კიბერიერიშები მოეწყო ამომრჩეველთა სარეგისტრაციო სიებზე ილიონისისა და არიზონის შტატებში. საკუთრივ გამოძიების ფედერალურ ბიუროს არ უთქვამს, ვისზე აქვს ეჭვი, მაგრამ მედიასაშუალებებში არაერთხელ ითქვა, რომ ჰაკერები, სავარაუდოდ, რუსეთის დავალებით მოქმედებენ.
„სრულიად უსაფუძვლო“ და „დაუსაბუთებელი“ - ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კიბერთავდასხმის შესახებ კრემლის მისამართით გამოთქმული მორიგი ბრალდება. თავის მხრივ, შეერთებული შტატების გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მისი უწყება აქტიურად იძიებს სავარაუდო კიბერთავდასხმებს ქვეყნებიდან, რომელთა შორის რუსეთიც არის.