Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც 1968 წელს, რუსეთში ცოტა თუ ბედავს დინების წინააღმდეგ ცურვას


საბჭოთა არმიის ჯარისკაცები პრაღაში, 1968 წ.
საბჭოთა არმიის ჯარისკაცები პრაღაში, 1968 წ.

ისინი სულ რვანი იყვნენ, რვა გაბედული ადამიანი, ვინც არ შეუშინდა საბჭოთა რეჟიმის რეპრესიებს და 1968 წლის 25 აგვისტოს მოსკოვის ცენტრში, წითელ მოედანზე, საჯაროდ გააპროტესტა საბჭოთა არმიის შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში. მას შემდეგ 47 წელი გავიდა, თუმცა ახლაც არანაკლებ სარისკოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის დანაშაულზე ხმამაღლა საუბარი, - ამბობენ ის დისიდენტები, რომლებმაც ამ ნახევარი საუკუნის წინ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გაბედეს.

„თქვენი და ჩვენი თავისუფლებისათვის“ - ასეთი დევიზი ჰქონდა მათ მიერ გაშლილ ერთ-ერთ ტრანსპარანტს. ეს აღმოჩნდა სლოგანი, რომელიც შემდეგ საბჭოთა კავშირში თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. იმ თითებზე ჩამოსათვლელ საბჭოთა მოქალაქეებს შორის, ვინც 1968 წლის 25 აგვისტოს საბჭოთა ჯარის ჩეხოსლოვაკიაში შეჭრა გააპროტესტა, ცნობილი რუსი დისიდენტი პაველ ლიტვინოვიც იყო. 75 წლის ყოფილი საბჭოთა პოლიტპატიმარი დღემდე სიამაყით იხსენებს თავის და თავისი თანამოაზრეების საქციელს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ გვეთქვა „არა“, მთელი საბჭოთა ხალხი არ უჭერს მხარს ამ ინტერვენციას. ჩვენ გვრცხვენია და ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამ აშკარა აგრესიას. ეს იყო, ასე ვთქვათ, პირადი ღირსების საკითხი, სირცხვილის განცდა. და დღემდე ვამაყობ, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს ქვეყანაში ხმამაღლა ვთქვი“.

ზემოხსენებული აქციის შემდეგ პაველ ლიტვინოვს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 5 წლით ციმბირში გადასახლებაში ყოფნა მოუწია და მას მხოლოდ 1974 წელს დართეს საბჭოთა კავშირის დატოვების უფლება. საბოლოოდ, საბჭოთა დისიდენტი აშშ-ში გადასახლდა. უფრო მეტი - 17 წელი - დაყო ციხესა და საპატიმრო-ფსიქიატრიულ კლინიკებში კიდევ ერთმა საბჭოთა დისიდენტმა, წარმოშობით ბელორუსმა, მიხას კუკობაკამ, რომელმაც საპროტესტო წერილით დაგმო საბჭოთა არმიის შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში. კუკობაკა, პროფესიით მუშა ელექტრიკოსი, რომელიც ახლა 78 წლისაა, იხსენებს, რომ მაშინ, 47 წლის წინ, იგი სინდისის კარნახით, საკუთარი „შიდაკონსტიტუციით“ მოქმედებდა და არც კი ფიქრობდა, რომ მისი საქციელი როდისმე ვინმეს ინტერესს დაიმსახურებდა:

„უბრალოდ, ვფიქრობ, რომ მე ვარ ადამიანი, ვინც საკუთარი რწმენის მიხედვით ცხოვრობს, ანუ საკუთარი სინდისის კარნახით. პასუხს ვაგებ საკუთარ სიტყვებსა და საქციელზე მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ საკუთარ სიმართლეში. უფრო ზუსტად, ხელისუფლება იცვლება და არა მე. იცით, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და, უბრალოდ, ასეთი სტანდარტებით ვცხოვრობ, მეტი არაფერი“.

ყოფილი პოლიტპატიმარი მიხას კუკობაკა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ვერაგობისა და ცინიზმის ხელოვნებაში დაოსტატებულ კაგებეშნიკს“ უწოდებს, რომელსაც „სინდისის ნასახიც“ კი არ გააჩნია. პაველ ლიტვინოვი კი რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ის, რომ ახლა უკრაინაში შეიჭრნენ და ემუქრებიან მას, ხოლო მანამდე ემუქრებოდნენ და შეიჭრნენ საქართველოში, ყველაფერი იმ იმპერიალისტური მისწრაფების გარკვეული გამოვლინებაა, რომლისგანაც რუსეთი დღემდე ვერ განთავისუფლდა. ეს აბსოლუტურად მოძველებული კონცეფციაა. არავის ეს ტერიტორიები არ სჭირდება და არავის არავითარ სარგებელს ეს არ მოუტანს. ადრე ხალხებს შორის ნორმალური ურთიერთობა იყო, ახალ კი გაურკვეველია, თუ როდის ექნებათ რუს და უკრაინელ ხალხს ერთმანეთთან შემწყნარებლური დამოკიდებულება. ყველაფერი სრული აბსურდია“.

პაველ ლიტვინოვიც და მიხას კუკობაკაც დარწმუნებული არიან, რომ რუსეთში დღეს სოციალური პროცესები უფრო სწრაფად იცვლება, საზოგადოებრივი პროტესტიც უფრო მაღალია, ვიდრე ეს 47 წლის წინ, ჩეხოსლოვაკიის მოვლენების დროს იყო. თუმცა დღევანდელი რუსეთში ვითარებას, პაველ ლიტვინოვის თქმით, ის ართულებს, რომ რუსეთში არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი, ისეთი, როგორიც ბორის ნემცოვი იყო, ვინც ვლადიმირ პუტინის „განწირულ რეჟიმს“ გაბედულად დაუპირისპირდება.

XS
SM
MD
LG