Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 30 აგვისტო


გაზეთი „კომერსანტი“ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, სერგეი შამბას ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 2008 წელს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წინ, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებს სერგეი ბაგაფშსა და ედუარდ კოკოითის კონფედერაციული კავშირის შექმნა შესთავაზა. შამბას თქმით, შესაბამისი პროექტი, რომელიც შესაძლოა, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თხოვნით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომზადდა, მას ბაგაფშმა გააცნო. ფრაგმენტი სტატიიდან:

„მე ვუთხარი პრეზიდენტს: მომისმინე, რა კონფედერაცია უნდა შევქნათ სამხრეთ ოსეთთან, ჩვენ ხომ საერთო საზღვარიც კი არ გვაქვს. ვუყურებ პროექტის ბოლო პუნქტს – იქ წერია, რომ კონფედერაციაში შეიძლება გაწევრიანდნენ სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც“. ციტატის დასასრული. შამბას თქმით, სამხრეთი ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მურატ ჯიოევსაც უთქვამს, თუ კოკოითი ამ წინადადებას მიიღებს, უმჯობესი იქნება, თუკი ცხინვალში აღარ დაბრუნდებაო. სერგეი შამბას თქმით, სწორედ ამ ინიციატივის უარყოფის შემდეგ ცნო რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა.

„გაზეტა“ კი მკითხველს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო გაფართოებას ამცნობს. საუბარია, რუსეთის სახელმწიფო ბანკების – „რუსეთის ბანკის“, „როსსელხოზბანკის“, „გაზპრომბანკისა“ და კიდევ რამდენიმე სხვა ბანკის შეზღუდვაზე. სტატიის მიხედვით, რუსი ფინანსისტები ვარაუდობენ, რომ საკუთრივ სანქციები საბანკო სექტორს კრიტიკულად სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უპასუხებს რუსეთის მთავრობა სანქციების გაფართოებას. ამასთან, სანქციების გაფართოებით ნეგატიურ სიგნალს მიიღებენ უცხოელი ინვესტორებიც, რომლებმაც, ავად თუ კარგად, დაიწყეს სანქციების რეჟიმზე მორგება. გამოცემის მიხედვით, ბევრად რთულ ვითარებაში აღმოჩნდება რუსეთი, თუკი ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს ევროკავშირი შეურთდება.

„რუსეთში შესაძლოა დაწესდეს მამის დღე“– წერს გაზეთი „იზვესტია“, რომლის მიხედვითაც ასეთი დღის შემოღების იდეა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილება. ინიციატივით, ყოველი წლის ოქტომბრის მესამე კვირას აღინიშნოს მამის დღე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ჯერ კიდევ 2014 წელს მიმართა საინიციატივო ჯგუფმა. იდეას მაშინვე დაუჭირეს მხარი რუსეთის ფედერაციის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და რუსეთის ქალთა კავშირმა. პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, თემამ გადაინაცვლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. საქმე ისაა, რომ დღესასწაულებისა და ღირსსახსოვარი დღეების შემოღება სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებაში შედის. სტატიის მიხედვით, ინიციატივის ავტორებმა იხელმძღვანელეს რუსეთის მთავრობისოჯახური პოლიტიკის კონცეფციით, რომლის ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა ტრადიციული ოჯახის ფასეულობების პროპაგანდას. სტატიაში იმის შესახებაც არის საუბარი, რომ ინიციატივა ერთგვარი პასუხია მშობლების სქესის მიხედვით განურჩევლობის პროპაგანდისა, – წერს გაზეთი „იზვესტია“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG