გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ეკონომიკის უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა. ივლისში, წინა წელთან შედარებით, წარმოება 1,1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გადამამუშავებელი მრეწველობის გამოცოცხლება შეიცვალა დეპრესიით. პუბლიკაციის თანახმად, 2017 წლის პირველ თვეებში რუსეთის წარმოება გაუტოლდა 2014 წლის საშუალო თვიურ მაჩვენებელს. სპეციალისტთა გათვლებით, მსგავსი ვითარება იქნება მომავალ წელსაც და არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მშენებლობის სფეროსთან დაკავშირებული დარგები. ცემენტის, აგურისა და მეტალოკონსტრუქციების წარმოება შემცირდა 2-დან 8 პროცენტამდე როგორც მიმდინარე თვეში, ასევე 2017 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით. ყოველივე ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ინვესტიციების კლებას, რადგან სწორედ მშენებლობის სფეროზე მოდის ინვესტიციების თითქმის ნახევარი.
„ევროპამ შესაძლოა შესთავაზოს რუსეთს, შეცვალოს კანონი მიტინგების შესახებ“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო აპირებს დაჩქარებული წესით განიხილოს რუსეთის მოქალაქეების ის სარჩელები, რომლებიც ქუჩის დაკავებებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ სტრასბურგის სასამართლო ბოლო დროს ხშირად აკმაყოფილებს მიტინგების მსვლელობისას დაკავებული აქტივისტების საჩივრებს. თუ სასამართლო მიიღებს ე.წ. საპილოტე გადაწყვეტილებას მიტინგების შესახებ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, მაშინ საჩივრების განხილვის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. ამჟამად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გაერთიანებული აქვს 20 სარჩელი. რუსი აქტივისტები ასაჩივრებენ რუსეთის სასამართლოების მიერ გამოტანილ განჩინებებს, რომელთა მიხედვითაც, დაირღვა მიტინგის ჩატარების წესი და საზოგადოებრივი წესრიგი.
როგორც სტატიაში ადვოკატი ოლეგ ბეზნისკო ამბობს, სარჩელების გაერთიანების ასეთი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. შესაბამისად, ის ვარაუდობს, რომ სტრასბურგის სასამართლო აპირებს არსებული პრაქტიკის განზოგადებას და საპილოტე დადგენილების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ვიწრო შემადგენლობით და, მაშასადამე, ბევრად უფრო სწრაფად განიხილავს მიტინგებზე დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეების სარჩელებს, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულია.
გაზეთი „იზვესტია“ კი „როსკოსმოსის“ გეგმებზე წერს. საუბარია ზემძიმე ხომალდ „ანგარისა“ და ხომალდ „ფედერაციის“ გაშვებაზე კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“, შესაბამისად, 2021 და 2030 წლებში. რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის იგორ კომაროვის თქმით, ახალი ტიპის ხომალდების მშენებლობა რუსეთის ბიუჯეტს 58 მილიარდი რუბლი, ანუ, დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება, ხომალდები კი შეძლებენ ორბიტაზე გაიტანონ 1,5-დან 35 ტონამდე ტვირთი.