Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 28 ივნისი


„თათრეთის თავისუფლების დასასრული?“ - კითხულობს გაზეთი „კომერსანტი“, რომელიც უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე თათრეთის რესპუბლიკასა და ფედერალურ ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვაზე წერს. საქმე ისაა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინსა და თათრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ მინტიმერ შამიევს შორის 1994 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 24 ივნისს გაუვიდა. „კომერსანტის“ მიხედვით, ამ ხელშეკრულებით, რესპუბლიკას აქვს საკუთარი კანონმდებლობა, გადასახადები და მოქალაქეობაც კი. როგორც გამოცემას პოლიტოლოგმა აბას გალიამოვმა უთხრა, შეთანხმება არსებული სახით აბსოლუტურად დაცლილია შინაარსისგან. შესაბამისად, მისი მოქმედების ვადის გაგრძელება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ფედერალური ხელისუფლებისთვის, თუმცა თათრეთის მოსახლეობისთვის ეს იქნება ექსკლუზიური სტატუსის შენარჩუნების მაჩვენებელი. გარდა ამისა, თათრეთის რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება უნდა გაგრძელდეს არსებითი ცვლილებების შეტანის გარეშე, რადგანაც მისი მოქმედების კეთილისმყოფელი ხასიათი ამის წინაპირობას იძლევა.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, რეიტინგის ზრდის შესახებ წერს. „საზოგადოებრივი აზრის“ ფონდის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნავალნის მიერ გამართული ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების აკრძალვა არ სარგებლობს მოსახლეობის მხარდაჭერით. მეტიც, პოლიტიკოსის ამგვარი შეზღუდვა და საინფორმაციო ბლოკადაში მოქცევა იწვევს მისი პოპულარობის ზრდას.

სოციოლოგ გრიგორი იუდინის თქმით, ნავალნიმ მოახერხა ამ ბლოკადის ნაწილობრივი გარღვევა, რადგანაც სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მისი ცნობადობის დონე განუხრელად იზრდება.

გამოკითხულთა 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნავალნის მიერ ორგანიზებული აქციების აკრძალვა უსამართლობაა, ხელისუფლების პოზიციას კი მხოლოდ 26 პროცენტი უჭერს მხარს. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არსებობს მკვეთრი განსხვავება მეგაპოლისებისა და მცირე ქალაქების მცხოვრებთა განწყობებს შორის. საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი, რომ საპროტესტო მოძრაობა ნორმალურია, ხოლო მისი აკრძალვა - არასწორი.

რუსეთი კორუფციაში მხილებული მოხელეების აღწერას იწყებს, - წერს გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის ზედა პალატა იწონებს შესაბამისი კანონის მიღებას. საუბარია კორუფციაში მხილებული ჩინოვნიკების ღია რეესტრის შექმნაზე.

როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, შრომის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიზანია, ხელი შეუშალოს კორუფციაში მხილებულ და ნდობადაკარგულ მოხელეებს კვლავ დაბრუნდნენ სახელმწიფო სამსახურში. სტატიაში დაზუსტებულია კანონდარღვევები, რომელთა გამო სახელმწიფო მოხელემ, შესაძლოა, დაკარგოს ნდობა. ესენია: ინტერესთა კონფლიქტის დამალვა, საშემოსავლო დეკლარაციის არშევსება ანდა არასწორი ინფორმაციის მითითება.

პუბლიკაციაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი თემა, რადგანაც ანტიკორუფციული რიტორიკა ისედაც „რენესანსს“ განიცდის ნავალნის გამოძიებებით პროვოცირებული საპროტესტო აქციების გამო, თუმცა გამოცემა იქვე შენიშნავს, რომ კორუფციასთან ბრძოლა მოითხოვს არა მხოლოდ ისეთ უმნიშვნელო ღონისძიებებს, როგორიცაა რეესტრის შექმნა, არამედ ხმაურიან დაპატიმრებებსაც - ისეთს, როგორიც იყო კომის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის დაპატიმრება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG