რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებს ტერორიზმის საფრთხეებთან კავშირში განიხილავს და ამ შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ხუთშაბათს პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 16 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქში ის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიზნებისთვის შექმნილ პრაღის არაფორმალური დიალოგის ფორმატს მოსკოვი პოლიტიკური განცხადებებისთვისაც იყენებს. ნახსენებია ნატო-საქართველოს ურთიერთობები და იკვეთება ერთგვარი ულტიმატუმის შტრიხებიც.
(2017 წელს) იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სადღაც 17-18 პროცენტამდეა ჩვენი ექსპორტის ზრდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე იმპორტის ზრდა რუსეთიდან საქართველოში...ზურაბ აბაშიძე
რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში სწრაფი ტემპით გაიზარდა და ის უკვე შთამბეჭდავ მაჩვენებლებს აღწევს, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, როდესაც ის პრაღის არაფორმალური დიალოგის ფორმატის ხუთწლიან შედეგებზე ლაპარაკობს:
„(2017 წელს) იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით სადღაც 17-18 პროცენტამდეა ჩვენი ექსპორტის ზრდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე იმპორტის ზრდა რუსეთიდან საქართველოში... როდესაც ჩვენ ეს დიალოგი დავიწყეთ, 2012 წელს, საერთოდ არ იყო ვაჭრობა - ნულის ტოლი იყო ჩვენი ექსპორტი რუსეთში. საერთოდ არაფერი არ გადიოდა. დღეს უკვე მილიარდს უახლოვდება სავაჭრო ბრუნვა, წლის ბოლოს მილიარდს მიუკაკუნებს. აი, წარმოიდგინეთ, რამხელა წინსვლაა... იგივეა ტრანსპორტის თვალსაზრისითაც - იქ საერთოდ, 50 პროცენტი, გაორმაგება, გასამმაგება და ასე შემდეგ“.
სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მიღწეულ პროგრესს ხაზს უსვამს რუსეთის წარმომადგენელიც, თუმცა, ზურაბ აბაშიძისგან განსხვავებით, ის ყოველ ჯერზე ცდილობს არ გამიჯნოს პრაღის შეხვედრების შინაარსი პოლიტიკისგან და სწორედ პოლიტიკური საკითხები წამოსწიოს წინა პლანზე. 16 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ერთგვარ ულტიმატუმსაც ვხვდებით:
საქართველოსთან ახლოს მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტები და გამოვლენილია ტერორისტების მცდელობა ამ გზის გავლით შეაღწიონ რუსეთის ტერიტორიაზე. ამიტომ მოცემული სიტუაცია წარმოადგენს ექსპერტების სერიოზული განხილვისა და ანალიზის საგანს...რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ჩვენი მხრიდან კვლავაც გაესვა ხაზი, რომ თბილისის მიერ ნატოსთან ურთიერთობების გაფართოება და ასევე საქართველოს ოფიციალური პირების არამეგობრული რიტორიკა საერთაშორისო სარბიელზე წინააღმდეგობაშია სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების განმტკიცების ტენდენციასთან და ამას შეუძლია ჩაშალოს ეს ურთიერთხელსაყრელი პროცესი“.
მიზეზები ასევე პოლიტიკურ ჭრილში სახელდება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის არგაუქმების მიმართულებითაც. მეტიც, „რია ნოვისტისთან“ საუბრისას გრიგორი კარასინი ყველაფერს ისევ საქართველოს აბრალებს და ტერორიზმის საფრთხეზეც ლაპარაკობს:
“საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ცალმხრივად გაუქმება თბილისის მიერ 2008 წელს... ამ საკითხის გადაწყვეტისას ასევე დიდ როლს თამაშობს ამ რეგიონის უსაფრთხოება. საქართველოსთან ახლოს მიმდინარეობს სამხედრო კონფლიქტები და გამოვლენილია ტერორისტების მცდელობა ამ გზის გავლით შეაღწიონ რუსეთის ტერიტორიაზე. ამიტომ მოცემული სიტუაცია წარმოადგენს ექსპერტების სერიოზული განხილვისა და ანალიზის საგანს.”.
კი, ფორმატი თითქოს გათვალისწინებულია მხოლოდ ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა განცხადებებიც კეთდება. მოდით, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ 21-ე საუკუნის დიპლომატია, რაღაც კონტექსტში, ეკონომიკაზეც გადის და ბევრი კონფლიქტის გასაღები სწორედ ეკონომიკურ დაახლოებაშია...გიორგი გობრონიძე
ტერორიზმთან კავშირში რუსეთის მხრიდან საქართველოს დადანაშაულება სხვა არაერთ შემთხვევაში გაცილებით უფრო სახიფათო სახეს ატარებდა და, კერძოდ, მაშინ, როცა ისმოდა ბრალდებები საქართველოში ტერორისტთა საწვრთნელი ცენტრების არსებობის შესახებ, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე. მისი აზრით, გრიგორი კარასინის ეს ბოლო კომენტარი მაინც უფრო გამიზნულია რუსეთის მიერ შეუსრულებელი დაპირების გამართლებისთვის. ამ კონტექსტში პოლიტოლოგი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, თუ როგორ ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტმა სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხზე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საპირწონედ, მაგრამ, რადგან ამას საქართველოში განსაკუთრებული აღფრთოვანება არ მოჰყოლია, მოსკოვმა ეს დაპირება მალევე დაივიწყა.
რაც შეეხება გრიგორი კარასინის მიერ ნატო-საქართველოს ურთიერთობის თემის წამოწევას პრაღის ფორმატის ფარგლებში, რადიო თავისუფლება 17 ნოემბერს შეეცადა დეტალები თავად ზურაბ აბაშიძესთან დაეზუსტებინა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. გიორგი გობრონიძე პრაღის ფორმატში განხილულ თემებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადის აუცილებლობას ხედავს:
„თუ ამ ფორმატში არ უნდა კეთდებოდეს ასეთი პოლიტიკური შინაარსის განცხადებები, ფაქტია, რომ კეთდება ასეთი განცხადებები და თურმე რაღაც საკითხები ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციასაც და ეხება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც... ამიტომ გარკვევით უნდა ითქვას, რაზე არის იქ საუბარი და რაზე არ არის იქ საუბარი... კი, ფორმატი თითქოს გათვალისწინებულია მხოლოდ ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა განცხადებებიც კეთდება. მოდით, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ 21-ე საუკუნის დიპლომატია, რაღაც კონტექსტში, ეკონომიკაზეც გადის და ბევრი კონფლიქტის გასაღები სწორედ ეკონომიკურ დაახლოებაშია“.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს საოკუპაციო პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, ჩნდება ახალი ბარიერები საოკუპაციო ხაზზე და იდგმება ახალი ნაბიჯები ანექსიის მიმართულებით. გიორგი გობრონიძე არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აზრსმოკლებულია დიალოგი რუსულ მხარესთან. მისი განმარტებით, სწორედ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი მტრული პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველომ უნდა გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი არხი და ფორმატი - იქნება ეს ჟენევასა თუ პრაღაში. თუმცა, მისი თქმით, მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ პროცესში უფრო აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა.