ავტორი: ანა ლომთაძე
უკრაინის კრიზისის ფონზე, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო მწვავდება. ამჯერად, საქმე გერმანიას ეხება. სულ ახლახან, რუსმა პარლამენტარმა, მიხაილ დეგტიარიოვმა ნაციონალისტური „ლიბერალური დემოკრატიის“ პარტიიდან, მოითხოვა, გერმანიის მთავრობამ რუსეთს გადაუხადოს ტრილიონობით ევროს ოდენობის რეპარაციები მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისთვის.
გაზეთ „იზვესტიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეგტიარიოვმა განაცხადა, რომ უკვე შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანაა, დაითვალოს, ზუსტად რამდენი ფული უნდა გადაუხადოს ბერლინმა მოსკოვს. იგი ირწმუნება, რომ ფულადი კომენსაცია, წესით, „სამი ან ოთხი ტრილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება“.
ერთი კვირის წინ კიდევ ერთი პარლამენტარი, სერგეი ნარიშკინი გამოვიდა წინადადებით, ახალი რეზოლუცია მიიღონ გერმანიის თაობაზე. ნარიშკინს სურს, რომ დუმამ ოფიციალურად დაგმოს დასავლეთ გერმანიის მიერ აღმოსავლეთ გერმანიის „ანექსია“ 1990 წელს, გერმანიის გაერთიანებისას.
ანტიპათია გერმანიის მიმართ - რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე იყო ევროპაში - ცხადყოფს, თუ რამდენად სერიოზულადგაუარესდა ურთიერთობა მოსკოვსა და ბერლინს შორის უკრაინის კრიზის გამო.
აი, როგორ აფასებს რუსი პარლამენტარების ბოლოდროინდელ განცხადებებს პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი:
„ერთი მხრივ, ასეთი რიტორიკული სავარჯიშოები მიმართულია ევროპასთან ურთიერთობის გაუარესებისა და, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რკინის ფარდის აღდგენისკენ. მეორე მხრივ კი, მათი მიზანია პუტინის მხარდამჭერთა ტვინების კომპოსტირება, რათა ისინი სულ უფრო გაშმაგდნენ და შიდა პრობლემებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ“.
„იზვესტიის“ ჟურნალისტთან საუბრისას დეგტიარიოვმა განმარტა, რომ, მართალია, საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ გერმანიას აპატია რეპარაციების ვალი, მაგრამ 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ ეს შეთანხმება არ განუახლებიათ.
საქმე ისაა, რომ გერმანიამ რეპარაციები დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს იძულებითი შრომის სახით გადაუხადა - სწორედ ისე, როგორც ეს 1945 წელს პოტსდამისა და იალტის კონფერენციებზე იქნა დადგენილი. საბჭოთა კავშირის იძულებითი შრომის ბანაკებში იყო ასიათასობით გერმანელი სამოქალაქო პირი და მილიონობით ტყვე. ამასთან, ომის შემდეგ, როდესაც გერმანია მოკავშირეთა ძალების მიერ კონტროლირებად ზონებად დანაწილდა, მოსკოვმა ფულადი რეპარაციების სანაცვლოდ მიისაკუთრა აღმოსავლეთ გერმანიის მიწა, მძიმე მრეწველობა, და სხვადასხვა სახის საქონელი. ამასთან, მოსკოვი სამრეწველო მოწყობილობების 10 %-ს იღებდა დასავლეთ გერმანიის ტერიტორიიდან. ეს გაგრძელდა 1953 წლამდე, როდესაც აღმოსავლეთ გერმანია უკვე საბჭოთა სატელიტურ, ე.წ „თანამგზავრ“ სახელმწიფოს წარმოადგენდა.
როგორც ისტორიკოსმა სერგეი ფოკინმა „იზვესტიასთან“ საუბრისას განაცხადა: „ნაკლებად სავარაუდოა, გერმანიამ რამე გადაიხადოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისტორიის ეს ნაწილი“.