Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხორციელდება თვითმმართველობა


სიღნაღის მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი დაბალია - ასეთ დასკვნამდე მივიდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტი (IDFI), რომელმაც კვლევის საფუძველზე ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის არსებული პრაქტიკა შეაფასა. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტურ სამოქალაქო ჩართულობას აფერხებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა არასაკმარისი უნარები, გადაწყვეტილების მიმღებთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პოლიტიკური ნების ნაკლებობა და ინოვაციური მიდგომების არარსებობა.

როგორ ხორციელდება თვითმმართველობა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:40 0:00
გადმოწერა

კვლევამ, რომლის სათაურია „მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკის შეფასება ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტებში“, აჩვენა, რომ მთავარ გამოწვევად რჩება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის დაბალი დონე და უნარები, რაც ხშირ შემთხვევებში აფერხებს წარმატებულ დიალოგს:

„მუშა კაცი ვარ, ტაქსისტი, ჩემთვის ვმუშაობ, რატომ უნდა დავესწრო! უბრალო ხალხი ვართ, რა ინიციატივა!“

„ისიც კი არ ვიცი, გვაქვს თუ არა მოქალაქეებს სხდომებზე თავისუფლად დასწრების უფლება“.

„რატომ უნდა დავესწრო? ვინმემ უნდა შემატყობინოს, თუ ჩემით უნდა მივიდე...“ - ასე უპასუხეს ახალციხეში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ადგილობრივი ტელევიზიის, ტე-ვე9-ის, კორესპონდენტს კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს. უნდა ითქვას, რომ უკეთესი ვითარება არც სხვა ქალაქებშია, მათ შორის არც თბილისში. მოქალაქეების ამგვარ პასიურობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტის წარმომადგენლისა და კვლევის ავტორის, საბა ბუაძის, თქმით, კვლევა მოიცავდა მონაწილეობის ძირითად ფორმებს, რომლებიც კანონით არის განსაზღვრული. ესაა პეტიციები, სკრებულოს სხდომებში მონაწილეობა, მერისა და საკრებულოს წევრების ანგარიშგება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და ასევე საბიუეტო პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, თუმცა, როგორც საბა ბუაძე ამბობს, მოქალაქეები აღნიშნულ მექანიზმებს ვერ იყენებენ ჯეროვნად, რაც მხოლოდ მათი ბრალი როდია.

„ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ასევე არსებობს თავად საჯარო დაწესებულებებში, რადგან ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს არ აქვთ საკმარისი უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ ეს ჩართულობის და უკუკავშირის მექანიზმები იყოს გამართული. ეს არის, პირველ რიგში, დაკავშირებული რესურსების ნაკლებობასთან. იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ გააუმჯობესონ საკუთარი ინსტიტუციური შესაძლებლობები, ეს პრობლემებიც მწვავედ იჩენს ხოლმე თავს კონკრეტულ მონაწილეობასთან დაკავშირებით. კვლევის ფარგლებში ვნახეთ, რომ პეტიციების წარდგენა ფაქტობრივად არ ხდება, ელ. პეტიციების მოდულები ფაქტობრივად არსად არ არის ინსტალირებული და მთელი რიგი სხვა გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეების ჩართულობასთან“, უთხრა რადიო თავისუფლებას საბა ბუაძემ, რომლის თქმითაც, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტურ სამოქალაქო ჩართულობას აფერხებს ასევე გადაწყვეტილებების მიმღებთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პოლიტიკური ნების ნაკლებობა. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის თავმჯდომარის, დავით ლოსაბერიძის, თქმით, ჩართულობის ხარისხს ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს მოქალაქეთა ფრუსტრაციის მაღალი დონე:

„ნაკლები მოლოდინი აქვთ ადამიანებს, რომ მათი პრობლემები გადაწყდება და ამის საფუძველიც აქვთ, იმიტომ რომ ამ წლების მანძილზე - გასული 25 წელი ამას აჩვენებს... ანუ მიზეზი ბევრია, მათ შორის - სისტემური ხასიათის, საინფორმაციო ხასიათის, საზოგადოების განწყობის მხრიდან და არც ის არ არის დასამალი, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნებაც“.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტის კვლევამ აჩვენა, რომ შეფასებული მუნიციპალიტეტის პრობლემები ერთგვაროვანია და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას, რაც, საბა ბუაძის თქმით, შეუძლებელი იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების გარეშე. და კიდევ:

„დასახვეწია საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები საკმაოდ დეტალურად იყოს აღწერილი და გაწერილი პროცედურულად, თუ რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, ასევე საჯარო დაწესებულების წარმომადგენელმა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ჩართულობა ადამიანების და ასევე პოლიტიკური ნება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება როგორც მოქალაქეებში, ასევე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებში იმისათვის, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა დაიხვეწოს და ამან ხელი შეუწყობს თვითმართველობის განხორციელებას“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG