Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსხვერპლი ქუთაისში: როდის აქვს პოლიციელს გასროლის უფლება?


3 ოქტომბერს ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, პოლიციელის ნასროლ ტყვიას 21 წლის მირზა ბ. შეეწირა. ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდნენ, რომელიც პოლიციას არ დაემორჩილა და სცადა ავტომობილით პოლიციელებს დასჯახებოდა, წინააღმდეგობას კი ერთ-ერთმა პოლიციელმა გასროლით უპასუხა. სამართალდამცველი დაკავებულია.

დიდი ხმაური იყო 3 ოქტომბერს, საღამოს, ქუთაისის საავადმყოფოსთან, სადაც თავის არეში პოლიციელის ნასროლი ტყვიით დაჭრილი მირზა ბ. სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

მისი ახლობლები და ნათესავები საავადმყოფოს შენობაში შეიჭრნენ. ისინი მოითხოვენ უმკაცრესად დაისაჯოს პოლიციელი, რომელმაც 21 წლის მირზას ესროლა. შემთხვევა ქუთაისში საღამოს საათებში მოხდა. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებებში ვკითხულობთ, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ელის. ამ დროისათვის პოლიციელი დაკავებულია და მას შეჩერებული აქვს უფლებამოსილება. შსს-ს ცნობით, პოლიცია ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდა, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და „საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა“, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით ისროლა. გასროლას ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ქუთაისში მომხდარს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დამნაშავე პოლიციელი კანონის შესაბამისად დაისჯება:

"ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდი შემთხვევაა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც ასე ძალიან დაზარალდა. გუშინ მყისიერი რეაგირება მოახდინეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ. როგორც იცით, პოლიციელი დაკავებულია და ჩადენილი დანაშაულისთვის კანონის შესაბამისად აგებს პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქუთაისის საავადმყოფოს ექიმის, ირმა მესხის განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანილ მირზა ბ.-ს ქალა-ტვინის ღია ტრავმა აღენიშნებოდა.

რა შემთხვევებში აქვს პოლიციელს გასროლის უფლება? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ვეფხვაძე განგვიმარტავს, რომ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში ენიჭება პოლიციის თანამშრომელს იარაღის გამოყენების უფლება:

„პოლიციელს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში აქვს უფლება გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, რამაც შეიძლება დააზიანოს პირის ჯანმრთელობა და სასიკვდილო ჭრილობაც კი გამოიწვიოს. თუმცა ამას წინ უნდა უძღოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პოლიციელმა ჯერ უნდა გააფრთხილოს პირი და კანონი განმარტავს იმ სიტყვებს, რა სიტყვებითაც უნდა მიმართოს კონკრეტულ პირს. თუ პიროვნება არ დაემორჩილა, ის ისვრის ჰაერში გამაფრთხილებლად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელის ან სხვის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, მას შეუძლია ისროლოს ცეცხლსასროლი იარაღი დამიზნებით“.

თუმცა ლევან ვეფხვაძე აქვე შენიშნავს, რომ ქუთაისში მომხდარ ფაქტზე გამოძიებამ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა პოლიციელი ე.წ. „აუცილებელი მოგერიების“ პოზიციაში. გამოძიების დასრულებამდე თავად მომხდარის შეფასებისგან საია თავს შეიკავებს.

ფაქტის შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენის წარმომადგენლები 3 ოქტომბერს შემთხვევის ადგილზეც მივიდნენ. როგორც სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური სამმართველოს უფროსი მიხეილ მინდაძე აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, ომბუდსმენის აპარატი გამოძიების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდება:

„სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია ქვეყანაში შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც მსგავსი ფაქტების მიუკერძოებლად გამოძიებას უზრუნველყოფს, და ასევე, რადგან მიმდინარე ეტაპზე საქმეს პროკურატურა იძიებს, აუცილებელია, რომ საზოგადოება დროულად იყოს ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG