სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები რექტორის არჩევნების ჩაშლის სავარაუდო მიზეზებზე ლაპარაკობენ. შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვერ აირჩიეს. პარალელურად მოქმედ რექტორს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების მოულოდნელმა შედეგმა დღის წესრიგში დააყენა წესდებაში ცვლილების შეტანის აუცილებლობა. არჩევნები ჩაიშალა, ხოლო სასწავლებლის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. უნივერსიტეტის იურისტის, თამარ ჟუჟუნაძის, განმარტებით, სამართლებრივი ჩიხიდან გამოსასვლელად აკადემიურმა საბჭომ წესდებაში უნდა შეიტანოს ცვლილება, რომელიც მას უფლებას მისცემს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიოს.
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საარჩევნო კოლეგია რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ირჩევს. თუ უნივერსიტეტის ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, კანონი შემდგომ პროცესებს ვერ არეგულირებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მსგავს სიტუაციაში სასწავლებელი არასდროს აღმოჩენილა, შესაბამისად, ეს დეტალები არც მათ წესდებაშია გაწერილი.
ბიულეტენების გაბათილება აკადემიური საბჭოს წევრების ნაწილმა იმით ახსნა, რომ რადგან იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდნენ, მათ პროცესი არალეგიტიმურად მიიჩნიეს. მეორე ნაწილი საპირისპიროს ამტკიცებს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ბერიძის, აზრით, არჩევნების შედეგი კანდიდატთა სიმცირემ გამოიწვია. ყოფილი რექტორი და უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის მეორე კანდიდატი, თინა გელაშვილი, ფიქრობს ასევე, რომ, ორი კანდიდატის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აკადემიურ საბჭოს მათ შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები სამ ივლისს ჩატარდა. ოთხი გაბათილებული ბიულეტენის გამო პროცესი ჩაიშალა. 4 ივლისს მოქმედ რექტორს, მერაბ ბერიძეს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მოვალეობის შემსრულებლის დასახელებას დრო სჭირდება. შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელს დღეს რექტორი არ ჰყავს.