Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეორგანიზაცია „მადლიერების სახლში“ და ყოფილი თანამშრომლების ბრალდებები


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული „მადლიერების სახლიდან“ 27 მარტს გათავისუფლებული თანამშროლები სამსახურიდან დათხოვნას აპროტესტებენ და აღდგენას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილს აპირებენ.

ქუთაისის „მადლიერების სახლი“

  • მერიას დაქვემდებარებული „მადლიერების სახლის“ წლევანდელი ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 7 ათასით შემცირდა და 620 ათასი ლარით განისაზღვრა.
  • თანხა გამოყოფილია 800 ბენეფიციარის ყოველდღიური ერთჯერადი კვებისთვის, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და მომსახურე პერსონალის, სულ 30-მდე თანამშრომლის, შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის.

“მადლიერების სახლის” მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელის, მაგული გიორგაძის, განცხადებით, რეორგანიზაციის მოტივით გათავისუფლდა ადმინისტრაციის 10 თანამშრომლიდან 4, მათ შორის დირექტორის მოადგილე და მონიტორინგის ჯგუფის 3 თანამშრომელი. მაგული გიორგაძის ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ რეორგანიზაცია იანვრის ბოლოს გამოაცხადა და თანამშრომლები გააფრთხილა, 5 მარტს კი განისაზღვრა საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით მონიტორინგის ჯგუფის თანმშრომლები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებდნენ. მაგული გიორგაძისავე ცნობით, 27 მარტს მიღებული ახალი საშტატო ნუსხის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომელთა შტატები გაუქმდა.

„მადლიერების სახლის“ მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელის, მაგული გიორგაძის, ვარაუდით, გადაწყვეტილება უკავშირდება ჯგუფის თანამშრომელთა მიერ მარტის თვეში 121 ბენეფიციარისთვის მომსახურების შენარჩუნებას. მაგული გიორგაძის განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 1 მარტიდან 800-დან 121 ბენეფიციარი „მადლიერების სახლში“ ყოველდღიურ ცხელ სადილის ვეღარ მიიღებდა, რაც თანამშრომლებმა გააპროტესტეს, რადგან თვლიდნენ, რომ ბენეფიციართა დიდი ნაწილი მომსახურებას რეალურად საჭიროებდა, და დახმარებისთვის მიმართეს ქუთაისის მერიას და საქართველოს პარლამენტში ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატებს.

მაგული გიორგაძისავე განცხადებით, “მადლიერების სახლიდან” გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დახმარებისთვის უკვე მიმართეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და კონსულტაციის შემდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებენ. ქუთაისის „მადლიერების სახლის“ მონიტორინგის ჯგუფის გაუქმებას და თანამშრომლების გათავისუფლებას პრინციპულობისთვის მათ დასჯად მიიჩნევს საკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხელმძღვანელი გიგა შუშანია. მან 121 ბენეფიციარისთვის „მადლიერების სახლის“ მომსახურების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს სხდომაზე 28 თებერვალს გაავრცელა. ამის შემდეგ მერიამ ბენეფიციარებისთვის კვებითი მომსახურების შეწყვეტა გადადო და შემოწმება დაგეგმა. გიგა შუშანიას განცხადებით, მონიტორინგის ჯგუფის წევრები სამსახურიდან წინააღმდეგობის გაწევისთვის დაითხოვეს

ნინო თვალთვაძე
ნინო თვალთვაძე

„მადლიერების სახლში“ მონიტორინგის ჯგუფის გაუქმებას და თანამშრომელთა გათავისუფლებას საბიუჯეტო თანხების დაზოგვით ხსნის ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე. მისივე თქმით, ხარჯების შემცირება ოპოზიციის მოთხოვნა იყო. ნინო თვალთვაძემ „მადლიერების სახლის“ ყოფილი ბენეფიციარების ნაწილი, ვისაც სოციალური სამსახურის შეფასების საფუძველზე მომსახურება 1 მარტიდან შეუწყდა, საცხოვრებელ სახლებში მოინახულა და განაცხადა, რომ მერიამ მათ შუამდგომლობა გაუწია და „მადლიერების სახლის“ მომსახურებით ისარგებლებენ. ქუთაისის მერის მოადგილე „მადლიერების სახლის“ ყოფილი თანამშრომლისა და საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის ბრალდებებს უარყოფს და განმარტავს, რომ მონიტორინგის ჯგუფის ფუნქციას მართვის ტერიტორიულ ორგანოებში მერის წარმომადგენლები შეითავსებენ.

ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული „მადლიერების სახლის“ წლევანდელი ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 7 ათასით შემცირდა და 620 ათასი ლარით განისაზღვრა. თანხა გამოყოფილია 800 ბენეფიციარის ყოველდღიური ერთჯერადი კვებისთვის, ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და მომსახურე პერსონალის, სულ 30-მდე თანამშრომლის, შრომის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის.

XS
SM
MD
LG