„ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, არის სპეციალური საპოლიციო კონტროლი“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პოლიციის ეროვნულ აკადემიაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ლევან იზორიას განმარტებით, საპოლიციო კონტროლის განხორციელება საზოგადოების დაკვეთაა. დაუგეგმავი შემოწმება, რომელსაც პოლიცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებს საქართველოში, განსჯის საგანია სოციალრ ქსელებშიც. სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამო კონკრეტული საჩივრებიც არსებობს.
რაც უნდა სტაბილური იყოს ვითარება ქვეყანაში, საზოგადოებას მისი გაუმჯობესების სურვილი უჩნდება. შესაბამისად, ჩვენ ეს დაკვეთა მივიღეთ და მას პირნათლად, წესების სრული დაცვით, შევასრულებთ, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე:
„ეს არის სრულიად ახალი, კერძოდ, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ყველანაირ ევროპულ სტანდარტს - ეს წერია პოლიციის შესახებ კანონში და ეს ემსახურება, პირველ რიგში, პრევენციულ ღონისძიებებს, ანუ მიმართულია იქითკენ, რომ მოქალაქეთა დაცვის მიზნით თავიდან იქნეს აცილებული ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა“.
სპეციალური საპოლიციო კონტროლი, რომლის თაობაზეც ლევან იზორია საუბრობს, პოლიციის შესახებ კანონში შესული ახალი მუხლია, რომელიც მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. თავის დროზე კანონპროექტს პარლამენტშიც შეხვდა წინააღმდეგობა. მაშინ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევარდნაძისდროინდელი რეიდების აღდგენის პრაქტიკაზე ლაპარაკობდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ საპოლიციო კონტროლს 5 სექტემბერსაც მიეძღვნა პრესკონფერენცია. პარტიის წარმომადგენელმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გასული ღამის განმავლობაში მომხდარი რამდენიმე ფაქტიც მოიხმო, მათ შორის, ინტერნეტპორტალ media.ge-ს ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტი და ალკოჰოლური სასმელის საჯარო სივრცეში მოხმარების გამო დაჯარიმებული პირების საქმეებიც. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური ვითარების გასაუმჯობესებლად ე.წ. რეიდები არ არის საკმარისი და ბევრად მეტი ოპერატიული სამძებრო ღონისძიების გატარებაა საჭირო:
„ერთადერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად კრიმინალთან ბრძოლის საქმეში ჩვენ მიგვაჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის, მინისტრის და მისი მოადგილეების გადადგომა“.
ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების გატარების პარალელურად მოქალაქეები პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც ლაპარაკობენ. დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შესაბამისი განცხადებითაც მიმართა, რათა გამოიძიონ კონკრეტული პოლიციელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტი. დათუნა სულიკაშვილის სიტყვებით, პოლიციელი მას მანქანიდან გადმოსვლას უკანონოდ სთხოვდა, უკვე გადმოსულს კი ხელითაც შეეხო. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ აღნიშნა, ყველა ფაქტზე შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდება, მაგრამ თავად მოქალაქეებმაც ხშირად არ იციან, თუ რა უფლებები აქვთ პოლიციელებს.
ამ უფლებების თაობაზე რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი მაია ხუციშვილი ამბობს, რომ დათვალიერების უფლება პოლიციელებს აქვთ, მაგრამ არ უნდა დაირღვეს პირის უფლებებიც:
„პოლიციას აქვს უფლება, - ეს, შეიძლება ითქვას, მისი ყოველდღიური ვალდებულებაა, - რომ ჩაატაროს შემოწმებანი, პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, მაგრამ შემოწმება არ უნდა არღვევდეს მოქალაქის პატივსა და ღირსებას, პოლიციამ არ უნდა გამოიყენოს მათ მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თუ პოლიციელი გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებას, მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს შესაბამის ორგანოს - გენერალურ ინსპექციას, მთავარ პროკურატურას ან სასამართლოს - გააჩნია დარღვევის არსს - და მოითხოვოს რეაგირება“.
საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის რეგულაციით უნდა ჩატარდეს სპეციალური საპოლიციო კონტროლიო, ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ე.წ. რეიდები ემსახურება იმას, რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს ვითარების უკონტროლობის განცდა:
„იმისათვის, რომ იყოს პრევენციული ღონისძიებები გატარებული, ალბათ, საჭიროა დამატებითი ღონისძიებების ჩართვა. ამ ღონისძიებათა ნუსხაში შეიძლება იყოს შემოწმებები იმ საეჭვო გარემოებების, თუკი აქვს პოლიციას ან სამართალდამცავი უწყების რომელიმე წარმომადგენელს ინფორმაცია, რომ შეიძლება იყოს რაიმე უკანონო ნივთი, იარაღი ან სხვა საგანი. ასეთ შემთხვევებში, ბუნებრივია, შემოწმებები ტარდება, თუმცა აუცილებელია, - და ეს მითითება ექნება აბსოლუტურად ყველა პოლიციელს მიცემული, - რომ მოქალაქეთა კანონიერი უფლებები იყოს დაცული“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას თქმით კი, ქვეყანას აქვს სამწუხარო გამოციდილება, რომ ე.წ. რეიდებით არ სწორდება კრიმინალური ვითარება, არამედ მყარდება აზრი პოლიციის უსამართლობის შესახებ. ვითარების რეალურად შესაცვლელად კი, ელენე ხოშტარიას თქმით, საჭიროა ხელისუფლებამ დანაშაულის თაობაზე რეალური სტატისტიკა გამოაქვეყნოს და ასევე საჭიროა სპეციალური გეგმა, რომლის შემუშავებაშიც ხელისუფლებასთან ერთად სამოქალაქო სექტორიც იქნება ჩართული.