საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, რომლებმაც შეაღწიეს სოციალურ ქსელ facebook-ის მომხმარებელთა პროფილებზე, კანონის დარღვევით მოიპოვეს და სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს ორი ათასზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები და პაროლები. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის მიხედვით, მათ შორის - კომპიუტერში დაცული ინფორმაციის არამართლზომიერი დაუფლებისა და კერძო საუბრის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,
1992 წელს დაბადებულ ვასილ ქ-სა და 1983 წელს დაბადებულ რაინდ კ-ს ბრალი ედებათ სოციალურ ქსელ facebook.com-ის მომხმარებელთა გვერდებზე უნებართვო შეღწევასა და ე. წ. ფიშინგ ვებგვერდის დამზადებაში. სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც ნაჩვენებია ბრალდებულთა დაკავებისა და მათთვის ბრალის წაყენების მომენტები:
„სისხლის სამართლის პასუხისგებაში მივეცით ორი პირი, რომლებმაც ფეისბუკის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი, ე.წ. ფიშერი, დაამზადეს. აღნიშნული ფიშერისა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ შეაღწიეს ფეისბუკის სხვადასხვა მომხმარებლის პროფილებზე. შესვლის მიღების მიზნით ამ პროფილებს სხვადასხვა ჯგუფებში ამატებდნენ და ავრცელებდნენ პირად და სხვა ხასიათის რეკლამას. სულ დაზარალდა 2 ათასზე მეტი მომხმარებელი. გამოძიებას კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ახორციელებს“.
სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, სოციალურ ქსელ „facebook“-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადა (დომეინით – htt://facebook-photos.ga/gggg44). შემდეგ, სოციალურ ქსელში სხვადასხვა დროს სხვადასხვა შინაარსის პოსტები განათავსა, რომლებიც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდა. დაინტერესებული მომხმარებელი, აღნიშნული პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო. ავტორიზაციისას „facebook“-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ბრალდებულის მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ დამფუძნებელი ვლადიმერ სვანაძე ამბობს, აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ტექნიკურად ძნელად შესასრულებელი არაა, თუმცა მისი გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია ინტერნეტის და, კერძოდ, სოციალურ ქსელთა მომხმარებლების ინფორმირებულობა.
„ამ ტიპის ცნობიერება ძალიან დაბალია ჩვენს საზოგადოებაში. ფიშინგწერილები - ანუ უცხო და საეჭვო შინაარსის წერილები - როცა მოგივათ, მისი გახსნა და გამოყენება ყოვლად დაუშვებელია. თვითონ მეილბოქსიც ანაწილებს, - უცხო წერილებს ან სპამში აგდებს, ან ჯანკში, - მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა იყოთ. დაცულობა, როგორც ასეთი, დამოკიდებულია მომხმარებლის ცნობიერებაზე. ესაა ყველაზე ქმედითი მექანიზმი“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვლადიმერ სვანაძემ, რომლის თქმით, პირადი მონაცემების დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვაა. შესაბამისად, კიბერსივრცეში ინტერნეტის მომხმარებლების ქცევა ადრეული ასაკიდანვე უნდა დაეფუძნოს ცოდნას, რისთვისაც საჭიროა სპეციალური საგანმანათლებლო კურსების ორგანიზება.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვითონ ვერ სარგებლობდნენ თავიანთი პროფილით ან ელექტრონული ფოსტით (პაროლი იყო შეცვლილი) და ამით მიხვდნენ, რომ ადგილი ჰქონდა მათი პირადი მონაცემების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას...ოთარ ჩახუნაშვილი
ოთარ ჩახუნაშვილიც - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველს უფროსი - ამბობს, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობიდან ირკვევა, რომ ბევრი მათგანი ვერ ფლობს სათანადო ცოდნას, თუ როგორ დაიცვას ინტერნეტში თავისი პირადი მონაცემები და შესაბამისი კონსულტაციის მისაღებად ისინი ინსპექტორის აპარატს მიმართავენ.
„ძირითადად აინტერესებთ უსაფრთხოება და მონაცემების დაცვა სოციალურ ქსელებში. უმეტეს შემთხვევაში არკვევდნენ იმას, თუ როგორ აღმოაჩინონ გატეხის ფაქტი. პირველ რიგში, თუ ვერ შევდივართ პირად გვერდზე ან თუ ჩვენი ნებართვის გარეშე გამოქვეყნდა რამე სახის ინფორმაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ვირტუალური მომხმარებლით სარგებლობს ვიღაც უცხო პირი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვითონ ვერ სარგებლობდნენ თავიანთი პროფილით ან ელექტრონული ფოსტით (პაროლი იყო შეცვლილი) და ამით მიხვდნენ, რომ ადგილი ჰქონდა მათი პირადი მონაცემების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას“, უთხრა რადიო თავისუფლებას ოთარ ჩახუნაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილი დანაშაულის მიხედვით, ბრალდებულები ფეისბუკის მომხმარებლების სახელებითა და პაროლებითუნებართვოდ აღწევდნენ „facebook“-ის მომხმარებელთა გვერდებზე და აღნიშნულ მომხმარებლებს მათ მიერ სპეციალურად რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში ამატებდნენ უნებართვოდ. ერთ-ერთი ბრალდებული, მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან პოსტავდა რეკლამებს და დამკვეთისგან იღებდა ანაზღაურებას, რაც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველს უფროსის ოთარ ჩახუნაშვილის თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლის (284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის 1-ლი და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) მიხედვით, რომლებითაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განსაზღვრულია ჯარიმა, პირობითი სასჯელი და ოთხ წლამდე პატიმრობა.