Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უპირებენ მირზა შაფის ქუჩას


პროექტი
პროექტი

მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „დემარკის“ მიერ წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა, თუმცა თბილისის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ გამარჯვებული პროექტი საბოლოო სახეს მიიღებს გარკვეული კორექტირების შემდეგ, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება სტორიული ქუჩის ხელახალი განაშენიანება. როგორი იქნება ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბნის ახალი იერსახე?

მირზა შაფის ქუჩის გასუფთავება, ანუ ქუჩაზე მდებარე 20-მდე შენობისა და საცხოვრებელი სახლის აღება, 2008 წლის დეკემბერში დასრულდა. თბილისის მერია იმედოვნებდა, რომ ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA 100 მილიონ დოლარს დახარჯავდა და თბილისის ერთ-ერთ ტრადიციულ უბანს, აბანოთუბანს, ისტორიულ იერსახეს შეუნარჩუნებდა, თუმცა 2014 წელს თბილისის მერიამ დაიწუნა გამარჯვებული პროექტი და მოგვიანებით ქუჩის განაშენიანებაზე ახალი კონკურსი გამოაცხადა, რომლის გამარჯვებული არქიტექტურული კომპანია „დემარკის“ პროექტი თბილისის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ღოღობერიძემ 21 მაისს წარუდგინა საზოგადოებას:

„ამ პროექტის პლუსი, სხვა პროექტებთან შედარებით, არის ის, რომ სივრცეების გადანაწილებას აკეთებს სწორად, ანუ რეალურად მას აქვს ტერასებიც და მთის ფერდთან მიმართებითაც არის სწორად ნაფიქრი. არქიტექტურულად არის სწორად გადაწყვეტილი და ამ პროექტმა შეიძლება უზრუნველყოს ისტორიული იერსახის შენარჩუნება და ეს ობიექტი არ იყოს დომინანტი აღნიშნულ ტერიტორიაზე“.

ნინო ღოღობერიძის თქმით, გამარჯვებული ესკიზური პროექტი კორექტირების შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის საბჭო დაამტკიცებს, თუმცა ის ფაქტი, რომ პროექტის შეცვლა შესაძლებელია კონკურსის დასრულების შემდეგ, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს, ირაკლი აბესაძეს, აფიქრებინებს, რომ კონკურსის ჩატარებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

მირზა შაფის ერთ-ერთი პროექტი
მირზა შაფის ერთ-ერთი პროექტი

„ეს იყო კონკურსი კონკურსისთვის! კონკურსის მთავარი არსი, რომ დაცული იყოს ქალაქის იმ ნაწილის ურბანული განვითარების ერთიანი სტრატეგია, ხედვა და ქსოვილი, ამაზე მოთხოვნა და შეზღუდვა კონკურსში მონაწილეებისათვის წარდგენილი არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად კონკურსი იყო ფარსი და კიდევ ერთხელ „პანორამა-თბილისის“ შემდგომ თბილისის მერი ავლენს საოცარ უპრინციპობას. ოდნავ მაინც შეძლოს ქალაქისა და მისი მოსახლეობის ინტერესების დაცვა“, უთხრა ირაკლი აბესაძემ რადიო თავისუფლებას.

ხელოვნებათმცოდნეთა ერთი ნაწილი თბილისის არქიტექტურის სამსახურის არჩევანს იწუნებს. თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ამბობს, რომ ფინალურ ეტაბზე გასული სამივე პროექტი შეუსაბამოა მირზა შაფის ქუჩის ტერიტორიისათვის. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ გამარჯვებული პროექტი ითვალისწინებს 10-12-სართულიანი სახლების აშენებას, ასევე შესაძლებელია პროექტის მასშტაბების შემდგომი გაზრდაც.

მირზა შაფი დანგრევამდე
მირზა შაფი დანგრევამდე

„ინვესტორმა განაცხადა, რომ ეს პროექტი არ არის საბოლოო. ის ზრდის მოცულობას, გაბარიტებისა და სართულების თვალსაზრისით. მას აქვს სურვილი, რომ განაშენიანება გადავიდეს ბააზოვის ქუჩაზე და გაზარდოს კოეფიციენტები, ანუ ჩვენ მივიღეთ მირზა შაფიზე ის პროექტი, რომელიც არ განხორციელდება, ვინაიდან ინვესტორს აქვს სხვა განზრახვა - მასშტაბი გაიზარდოს იმდენად, რომ განაშენიანება სიმაღლეში სცდება კლდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ ჩადგამენ ახალ კორპუსს“, უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ცირა ელისაშვილის ვარაუდის პასუხად, კონკურსში გამარჯვებული პროექტის ავტორმა, კომპანია „დემარკის“ გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ აბრამიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროექტი არ ითვალისწინებს ლანდშაფტისა და განაშენიანების შეუსაბამო კორპუსების აშენებას.

„მე-10 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ იყო ბანიანი სახლები, მოგვიანებით კი ჩადგეს აივნიანი სახლები. შესაბამისად, ავიღეთ კონცეფციად, რომ იყოს ბანიანი სახლები. ავიღეთ შესაბამისი მასშტაბი, გადავანაწილეთ და შევფინეთ რელიეფზე. შესაბამისად, ავიღეთ ფერი, მასშტაბი და ფაქტურა გავითვალისწინეთ და მივიღეთ ეს არქიტექტურა, ოღონდ არა ძველი ფორმების გამეორებით, არამედ თანამედროვე არქიტექტურით. ამასთან, ზუსტად მივყვებით იმ კლდის კონტურს, რომელიც იქ არის და არც ერთი სანტიმეტრით მაღლა არ გვაქვს აწეული არც ერთი შენობა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვლადიმერ აბრამიშვილმა, რომლის თქმითაც, არაა გამორიცხული, რომ მშენებლობის პროცესში მასშტაბები შემცირდეს, თუმცა არ შეიცვლება „შეფენილი ბანიანი სახლების“ კონცეფცია, რომელიც, მისი თქმით,ყველაზე მისაღებია მირზა შაფისა და აბანოთუბნის ტერიტორიისათვის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG