საქართველოში საწარმოო შემთხვევების შედეგად სამუშაო ადგილებზე ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება. სავალალო სტატისტიკა ვერ შეცვალა 2015 წელს ამოქმედებულმა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, რომლის ფუნქცია ძირითადად რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვითარების შეცვლა შეუძლია ფართე უფლებამოსილების მქონე შრომის ინსპექციას, რომლის შექმნის ვალდებულება საქართველოს მთავრობას ნაკისრი აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევენ, შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის გარანტიების ასახვას საქართველოს კონსტიტუციაში. მოისმინეთ ჯიმშერ რეხვიაშვილის სიუჟეტი.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, საწარმოო ტრავმებისგან 2007-2016 წლებში 416 ადამიანი დაიღუპა, 716 - დაშავდა; 2016 წელს - დაიღუპა 58, დადაშავდა 84; 2017 წლის პირველ ხუთ თვეში კი შრომის ადგილზე დაღუპულთა რაოდენობამ 15-ს მიაღწია. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე დარწმუნებულია, რომ ეფექტიანი შრომის ინსპექციის პირობებში ასეთი მძიმე ვითარება არ იქნებოდა, შრომის ინსპექციის შექმნის ვალდებულება კი საქართველოს ეროვკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აქვს აღებული:
„ეს ვალდებულება საქართველოს ეწერა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმაში, თუმცა საქართველომ ეს ვალდებულება სრულად ვერ შეასრულა და ახლა არსებობს მოლოდინი, რომ 2017-2019 წლების გეგმაში, რომელიც ახლა მტკიცდება საქართველოს ადა ევროკავშირს შორის, და ემ წლებში საქართველომ ეს ვალდებულება ბოლომდე უნდა მიიყვანოს. რეალურად ქვეყანა აცნობიერებს იმას, რომ მინიმუმ ევროკავშირთან ასოცირების გამო მოუწოევს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბმისი შრომის ინსპექტირების მექანიზმის შექმნა, თუმცა სწორედ ამ ვადებს ელოდება და მაქსიმალურად ცდილობს გააჭიანუროს პროცესი“.
გარკვეულწილად პროცესის გაჭიანურების მცდელობად აიღქვა სამოქალაქო სექტორმა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწვეტილება ახალი კონსტიტუციის პროექტიდან ამოეღოთ შრომის პირობების ზედამხედველობის მექანიზმის ამსახველი ჩანაწერი, თუმცა პარლამნეტის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ მთავრობა აპირებს შრომის ზედამხედველობსი სისტემის გამკაცრებას:
„მთავრობა შემოიტანს რამდენიმე დღეში ამ კანონპროექტს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, რომ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის საწარმოებში შრომის ინსპექციას ჰქონდეს პროაქტიული შემოწმების საშუალება, არ სჭირდებოდეს სასამართლოს ნებართვა ან საწარმოს მიწვევა და იმავდროულად ჰქონდეს სანქციების დაყენების უფლება იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდა შრომის უსაფრთხოების ნორმები და შრომის ინსპექციის რეკომენდაციებს ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი. ყველაფრის დაკავშირება კონსტიტუციასთან - ჩავწეროთ თუ არ ჩავწეროთ შრომის ინსპექცია, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“.
ეს იყო აკაკი ზოიძე, პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. თორნიკე ჩივაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ მკვლევარი კი ამბობს, რომ კონსტიტუციაში შრომის პირობების ზედამხედველობის მექანიზმის ჩადებას მყარი ლოგიკა აქვს.
„დასაქმებული ადამიანისთვის შრომითი გარემო არ არის ცხოვრებისგან გამოცალკევებული ადგილი. ეს არის მისი სასიცოცხლო გარემო. შესაბამისად, შრომის ღირსეული პირობების ამა თუ იმ სახით ასახვა კონსტიტუციაში, არის ადამიანის ჩვეულებრივი უფლება, რამდენადაც ეს არის სიცოცხლის უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი“, უთრხა თორნიკე ჩივაძემ რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება შრომის პირობების ინსპექტირების მოქმედ დეპარტამენატს, სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ 2015 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შექმნილი ეს უწყება, სათანადოდ ვერ უპასუხებს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. თუ რატომ, ამ კითხვის პასუხად, სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი თათული თოდუა ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რომლთაგანაც უმრავრესია დამსაქმებლის თანხმობა შემოწმებაზე:
„ეს არის მათი თავისუფალი არჩევანი, თუ უნდათ, კეთილი ნების სახით, გამოხატავენ თანხმობას და გახსნიან საწარმოს კარს ინსპექტირებისათვის. მეორე ის, რომ საწარმოში შესვლამდე ინსპექცია აფრთხილებს დამსაქმებელს რამდენიმე დღით ადრე, რაც შესაძლოა უფრო მეტად ამახინჯებდეს რეალურ სურათს და აძლევს საშუალებას რამდენიმე დღით კოსმეტიკურად შეცვალოს იქ არსებული ვითარება. მომდევნო საკითხი არის ის, რომ აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები გამოსცემენ რეკომენდაციების კომპანიებისთვის. ამ რეკომენდაციების შესრულებაც არ არის სავალდებულო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ის არის, რომ ეს რეკომენდაციები საჯარო არ არის“.
თათული თოდუასგან განსხვავებით, შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმის გამკაცრება არ მიაჩნია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად პაატა შეშეძილეს - „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტს, რომლის თქმითაც, ვითარების შეცვლა შეუძლია ეკონომიკის რეალურ ზრდას, სამართლიან კონკურენციას და შედეგად დასაქმებულებისთვის არჩევნის გაჩენას:
„ვითარების გამოსწორება თუ გვინდა გლობალურად უნდა შევხედოთ, რატომ გვაქვს ეს პრობელმები, ამაზე უნდა დავფიქრდეთ. ეს არის ცენტრალიზებული ხელისუფლება, ეს არის გაბერილი ბიუჯეტი, მაღალი გადასახადები, მკაცრი რეგულირებები. სინამდვილეში ეს არის პრობლემა, რომელიც არ იძლევა ალტერანტივების გამოჩენის საშუალებას. სინამდვილეში არ არის პრივატიზებული ეს საბადოები და ის სივრცეები, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ... ის ადამიანები, რომლებიც იჯარით იღებენ და მერე ხალხს ამუშავებენ, ძირითადად არიან გაყვლეფაზე. არ არიან ორიენტირებული მომავალზე და არ არინ მოტივირებული, რომ სრულყონ ის სამუშაო სივრცე, რომელსაც დროებით იყენებენ. ადამიანებსაც უყურებენ როგორც ტექნიკას. დასაქმებულებსაც რადგანაც არჩევანი არ აქვთ, შეიძლება თანხმდებიან, მაგრამ ძალაც არ აქვთ, რომ შეეწინააღმდეგონ იმიტომ, რომ ლოგიკურად რომ შეეწინააღმდეგონ მოიტივირება არ არის მეორე მხარეს რომ გამოასწოროს სიტუაცია. და ბოლოს: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხომ არსებობდა ინსპექცია, რატომ არ გააკეთა არაფერი? წარმოიდგინეთბ არსებობს და არ აკეთებს და დავატამეტებთ და ის გააკეთებს“.
შრომის ინსპექციის მოწინააღმდეგეების თქმით, ასევე სავსებით საკმარისია მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება და, დანაშაულებრივი გულგრილობის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა პასუხისმგებელი პირის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა, თუმცა ამ არგუმენტის პასუხად თორნიკე ჩივაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ მკვლევარი ამბობს, რომ ამგვარი მექანიზმით შესაძლებელია მხოლოდ შედეგებთან ბრძოლა, რას საბოლოო ჯამში ვერ აღმოფხვრის სიკვდიალინობის ზრდას სამუშაო ადგილებზე:
„თუკი ჩვენ გვინდა გვქონდეს პრევენციული ზომები და ვებრძოლოთ მხოლოდ შედეგებს, არამედ ვებორძოლოთ მიზეზებს. და შრომის ინსპექცია ამას გვთავაზობს. საზოგადოებრივ კონტროლს. ეს აიძულებს დამსაქმებებს მეტი ყურადღებით მოექცეს დასაქმებულს, იზრუნოს საწარმოს განახლებაზე, უსაფრთხოებაზე, ინფრასტრუქუტურის გაუმჯობესებაზე და ა.შ. არსებობს უამრავი აკალემიური კვლევა იმასთან დაკავშირებული, თუ როგორ უწყობს ხელს შრომის უფლებების გაუმჯობესება საწარმოების მწარმოებლურობის ზრდაზე“.
თორნიკე ჩივაძის თქმით, შრომის უფლებების დაცვა ასევე გამოიწვევს შრომის პროდუქტიულობის გაზრდას. და კიდევ, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მეტყველებენ შრომის ინსპექციის პირდაპირ კავშირზე ინვესტიციებისა და სამუაშო ადგილების შემცირებასთან.