ამ კვირის ბოლოს გადაწყვეტს კალიფორნიის - სან-ფრანცისკოს - სააპელაციო სასამართლო, დატოვებს თუ არა ძალაში იმიგრაციის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაცემული განკარგულების აღსრულების შესაჩერებლად მიღებულ ზომებს. სასამართლომ სამშაბათს, 7 თებერვალს, განკარგულების მხარეთა არგუმენტები მოისმინა და მოსამართლეებმა მწვავე შეკითხვები დასვეს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს პროკურორებმა სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლოს მიმართეს თხოვნით, კვლავ აამოქმედოს ტრამპის მიერ 27 იანვარს ხელმოწერილი განკარგულება, რადგან, პროკურორების თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება გადაწყვიტოს, ვის შეუძლია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 იანვარს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის თანახმად, 120 დღით შეჩერდა პროგრამა, რომელიც აშშ-ის ლტოლვილების განსახლებას გულისხმობდა და დაწესდა შვიდი - უპირატესად მაჰმადიანური - ქვეყნის მოქალაქეთა აშშ-ის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში შესვლის აკრძალვა. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი.
ფედერალურმა სასამართლომ სიეტლში, სადაც განიხილეს ვაშინგტონისა და მინესოტის შტატების ხელისუფალთა ამ საიმიგრაციო განკარგულების საწინააღმდეგო საჩივარი, დაადგინა აკრძალვის დროებითი შეჩერება. სასამართლოს გადაწყვეტილება პრეზიდენტის განკარგულების შეჩერების შესახებ მთელ ქვეყანაში მოქმედებს. სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნა იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომ აპირებს გაასაჩივროს სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილება.
კვირას, 5 თებერვალს, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი უარყო იმის გამო, რომ ის მხოლოდ ფორმალური იყო, და დრო მისცა მომჩივანთ, წარმოედგინათ საბუთები. სასამართლოს არგუმენტები წერილობითი სახით წარუდგინეს, სამშაბათს კი, 7 თებერვალს, მოსმენაც შედგა. ერთი საათის განმავლობაში სვამდნენ მოსამართლეები, როგორც ითქვა, მწვავე შეკითხვებს. მოსმენებში სამი მოსამართლე მონაწილეობდა, რომელთაგან მიშელ ფრიდლანდი ბარაკ ობამამ აირჩია 2014 წელს, უილიამ კენბი ჯიმი კარტერის მიერ იქნა არჩეული, ხოლო მესამე, რიჩარდ კლიფტონი, ჯორჯ ბუშის დროს აირჩიეს.
ტელეფონით მოსმენებში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, პროკურორი ოგუსტ ფლენჯი მონაწილეობდა. მისი თქმით, სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო პრინციპს, რომლის თანახმად, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებები გაყოფილია. ფლენჯის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააწესოს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა სასამართლოს განხილვის გარეშე.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმიგრაციის საკითხები, ისევე როგორც სახელმწიფო უშიშროების სფერო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ პრეზიდენტის, კომპეტენციაში შედის. მოსამართლე მიშელ ფრიდლანდმა პროკურორს ჰკითხა, ამტკიცებთ, რომ ამ საქმის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება სასამართლოს განხილვას არ ექვემდებარებაო? ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფლენჯიმ დადებითად უპასუხა მოსამართლის შეკითხვას.
მოსამართლის მეორე შეკითხვას, აქვს თუ არა აშშ-ის ხელისუფლებას კონკრეტული მტკიცებულება, რომ ამ შვიდი ქვეყნიდან რომელიმე საშიშროებას უქმნის აშშ-ის უსაფრთხოებასო, ფლენჯიმ უარყოფითად უპასუხა, თუმცა დაასახელა აშშ-ში მცხოვრები სომალელები, რომლებიც კავშირში არიან ტერორისტულ დაჯგუფება „ალ შაბაბთან“. მან დაიმოწმა ობამას ადმინისტრაციისა და მაშინდელი კონგრესის აზრი, რომ ეს შვიდი ქვეყანა სახიფათოა ტერორიზმის თვალსაზრისით. მოსამართლე კენბის შეკითხვას, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს უბრალოდ გასცეს განკარგულება ქვეყანაში მაჰმადიანების არშეშვების შესახებ, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, ამ განკარგულებაში ასეთი რამ არ წერიაო. იმდენად ინტენსიური იყო იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მიმართ შეკითხვები, რომ მან თქვა, არა მგონია, ვახერხებდე სასამართლოს დარწმუნებასო.
მოსმენებზე მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენდა ვაშინგტონის შტატის გენერალური პროკურორის მოადგილე ნოა პერსელი, რომელიც სასამართლოს არწმუნებდა, ტრამპის განკარგულება არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულიაო. მისი სიტყვებით, განკარგულება უარყოფითად აისახა ვაშინგტონის შტატის ათასობით მოქალაქის ცხოვრებაზე, მაგალითად, სტუდენტებზე, რომლებიც აშშ-ში სწავლობენ და ვერ მოახერხეს უკან დაბრუნება და სწავლის გაგრძელება. მოსამართლე რიჩარდ კლიფტონმა აღნიშნა, რომ საქმე ეხება ვაშინგტონის შტატის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს. მისივე თქმით, არაერთმა შტატმა ვერ მოახერხა წარედგინა დამამტკიცებელი საბუთები, რომ აკრძალვა დისკრიმინაციულია მაჰმადიანების მიმართ. ამასთან, თქვა მოსამართლემ, მსოფლიოში მაჰმადიანთა უმრავლესობას აკრძალვა არ შეხებიაო. პერსელმა უპასუხა, არაა აუცილებელი განკარგულება შეეხოს ყველა მაჰმადიანს იმისათვის, რომ ის რელიგიური დისკრიმინაციის შემცველი იყოსო.
აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა, ჯონ კელიმ, პასუხისმგებლობა იკისრა იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპის განკარგულების ძალიან სწრაფი განხორციელება დაიწყო. კონგრესში მოსმენებზე მან განაცხადა, რომ სურდა გადაედო განკარგულების აღსრულების დაწყება, მაგრამ გაითვალისწინა მოულოდნელობის ფაქტორის მნიშვნელობა იმისთვის, რომ აშშ-ისთვის პოტენციურად სახიფათო უცხოელებს ვერ მოესწროთ მომზადებულიყვნენ ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებისათვის. მოსალოდნელია, რომ სასამართლო მიმდინარე კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება და ბოლო სიტყვას აშშ-ის უზენაესი სასამართლო იტყვის.