სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ერთგულება, ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში გააქტიურებული თანამშრომლობა და სწრაფვა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ - ასეთია საგანგებო აქცენტები, რომლებიც ბელორუსიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს, 22 მარტს, გამოიკვეთა. ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე მეორედ ჩამოვიდა თბილისში. მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ზუსტად სამი წლის წინ, 2015 წლის აპრილში შედგა. რა ინტერესები ამოძრავებს ერთმანეთის მიმართ ორ ქვეყანას, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულ რელსებზე დგას: საქართველო დემოკრატიის განვითარებასთან ერთად, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ცდილობს, ხოლო ბელორუსია დიდწილად რუსეთისკენ იხრება და დემოკრატიის განვითარებაზე არ ფიქრობს.
რას ეფუძნება ბელორუსიისა და საქართველოს ინტერესები
- ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიას 1994 წლიდან მართავს. ბელორუსია აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან
- აგვისტოს ომის შემდეგ ლუკაშენკოს ქვეყნისგან ბევრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებასაც არ გამორიცხავდა.
- ბელორუსიის პრეზიდენტი ცდილობს დააბალანსოს ურთიერთობები დასავლეთთან და შეინარჩუნოს პოზიციები მათ შორის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში
- ალექსანდრ ლუკაშენკო არც პრეზიდენტ პუტინის კრიტიკას ერიდება, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება.
22 მარტს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, გამოსვლის ძირითადი ნაწილი დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, როგორც ყველაზე პრიორიტეტულ მიზანს. ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი რესურსი სასურსათო მრეწველობის სფეროს განვითარების, სოფლის მეურნეობის სფეროს შესაძლებლობების ათვისებისა თუ სატრანსპორტო სექტორში არსებული გეგმების განხორციელების თვალსაზრისით. ბელორუსიის პრეზიდენტი ერთობლივი წარმოების დიდ შესაძლებლობებსაც ხედავს:
„რეგიონალური ინტეგრაციის პროექტებში ჩვენი სახელმწიფოების მონაწილეობა იძლევა შესაძლებლობებს, რომ ერთობლივად წარმოებული პროდუქცია გავიტანოთ მესამე ქვეყნების ბაზრებზე. ჩვენ დიდი დრო მოვახმარეთ იმის სწავლას, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ერთობლივად ვივაჭროთ მოსაზღვრე ქვეყნებში. ეს ნიშნავს საქონელბრუნვის უზარმაზარ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანების კომპეტენციას, ცოდნას და ჩვენ ვიმოძრავებთ ამ მიმართულებით“.
საქართველოს პრეზიდენტმა ბელორუს კოლეგას არაერთი მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, უკვე გაკეთებული საქმისთვის და ყველაფრისთვის, რაც სამომავლოდ იგეგმება. თავის მხრივ, მოცემული სიტყვის პატიოსნად შესრულების პირობა დადო ალექსანდრ ლუკაშენკომაც, საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი და საბჭოთა კავშირში ცხოვრებაც გაიხსენა:
„თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ 2000-კილომეტრიანი დაშორება მინსკსა და თბილისს შორის დაშორება არ არის. გვახსოვს, რომ თქვენ ჩვენი ძმები ხართ, რომ ჩვენ ვცხოვრობდით, შეიძლება ითქვას, ერთ სახლში, ერთ ბინაში. ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ დასავლეთში, ევროპის ცენტრში, გაქვთ საიმედო ბაზა, რომლის გამოყენებითაც თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობას, არამედ - ვაჭრობასაც. ჩვენ მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გჯერათ ჩემი სიტყვების, რადგან ჩვენ თქვენ არასოდეს გაგვიწბილებიხართ. ბელორუსია მუდამ ღია იქნება საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. მე პირადად დავუჭერ მხარს ნებისმიერ ერთობლივ პროექტს, რომელიც მოწოდებული იქნება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისა და გაღრმავებისკენ. მე, როგორც ადამიანს, მოქალაქესა და სახელმწიფოს მეთაურს, ძალიან მინდა, რომ თქვენ კარგად იყოთ და მშვიდობიანად იცხოვროთ. ქართველი ხალხი იმსახურებს პატივისცემასა და მშვიდობიან ცხოვრებას ამ პლანეტაზე“.
საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტები 22 მარტს, სამთავრობო დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული შეხვედრის ფორმატშიც შეხვდნენ ერთმანეთს. ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარ თემებს წარმოადგენდა სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება და შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმება - ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და განათლების მიმართულებებით. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული შეთანხმებებიდან განსაკუთრებით გამოყო შეთანხმება ქვეყნებს შორის მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ, რაც, მისი განცხადებით, კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ხალხებს და განამტკიცებს უკვე არსებულ კავშირებს. ეროვნულ ბანკებს, საპარტნიორო ფონდსა და ბელარუსის ბანკს შორის დადებული შეთანხმებები კი, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ალექსანდრ ლუკაშენკოს 22 მარტს გამართულ ბრიფინგზე საგანგებო ყურადღება არ გაუმახვილებია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის წინ ბელორუსიის პრეზიდენტმა აფხაზეთში შექმნილი მიუღებელი ვითარება ახსენა:
„თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე... მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად... ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ მოწიწებითა და რიდით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი, კეთილი, პატიოსანი ხალხია - ისეთივე, როგორც ბელარუსში“.
მინსკი საკმაოდ სერიოზული წნეხის ქვეშ იყო რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების კონტექსტში, მაგრამ მან გაუძლო ამ წნეხს, რაც ნამდვილად დასაფასებელია საქართველოს მხრიდან. აღსანიშნავია ასევე ქართული დიპლომატიის მაშინდელი ძალიან კარგი მუშაობა...გიორგი რუხაძე
ამასთან, ვიდრე ერთობლივი ბრიფინგი გაიმართებოდა, პრეზიდენტის სასახლეში, საზეიმო დახვედრისა და შეხვედრების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს "ჩარჩო ხელშეკრულებას ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ". ამ ხელმოწერით, სხვა საკითხების გარდა, ბელორუსია და საქართველო ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას - სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიას 1994 წლიდან მართავს. ბელორუსია აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან და დიდწილად მის მსხვილ პროექტებშია ჩართული. ბელორუსია რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიული კავშირის წევრია და აქტიურად მონაწილეობს მასშტაბურ სამხედრო სწავლებებში რუსეთთან ერთად. სომხეთთან, ყაზახეთთან და ტაჯიკეთთან ერთად, ბელორუსიაც გაწევრიანებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომელსაც პრაქტიკულად რუსეთი მართავს.
ბელორუსია იმდენად მტკიცედ არის წარმოდგენილი რუსეთის ორბიტაზე, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ლუკაშენკოს ქვეყნისგან ბევრი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებასაც არ გამორიცხავდა. მართალია, უკვე 10 წელია, ეს არ მომხდარა, მაგრამ როგორც პოლიტოლოგმა გიორგი რუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს ამ მიმართულებითაც გარკვეული სიფრთხილე ჰმართებს:
„მინსკი საკმაოდ სერიოზული წნეხის ქვეშ იყო რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების კონტექსტში, მაგრამ მან გაუძლო ამ წნეხს, რაც ნამდვილად დასაფასებელია საქართველოს მხრიდან. აღსანიშნავია ასევე ქართული დიპლომატიის მაშინდელი ძალიან კარგი მუშაობა. ეს წნეხი დღეს შეიძლება ისეთი ძლიერი აღარ არის, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება დაბრუნდეს. ამიტომ სიფხიზლე ამ მხრივ მნიშვნელოვანია. რაც უფრო მჭიდრო იქნება ბელორუსთან ურთიერთობა, მით მეტია ალბათობა, რომ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს“.
თუმცა, თუკი დასჭირდება, ალექსანდრ ლუკაშენკო არც პრეზიდენტ პუტინის კრიტიკას ერიდება, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. ასე იყო, მაგალითად, 2017 წლის 3 თებერვალს, მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთი ცდილობს მომცრო ქვეყნებზე თავისი გავლენის გაზრდას მათი მილსადენების გაკონტროლებითა და გავლენის ბერკეტად ნავთობითა და გაზით მომარაგების გამოყენებით.
ამასთან, ბელორუსიის ლიდერი გარკვეული პერიოდულობით დასავლეთს აქებს ხოლმე. მაგალითად, 2016 წლის 30 მარტს მინსკში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მეორე მოადგილე მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას, ლუკაშენკომ აშშ-ს უწოდა „მსოფლიოს მოწინავე ქვეყანა, რომელთანაც ყველა ქვეყანა თანამშრომლობს“ და თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კრიზისი არ შეიძლება მოგვარდეს აშშ-ის ჩარევის გარეშე.
რადგანაც საქართველოს აქვს იმის საშუალება, რომ ევროკავშირთან თავისუფალ რეჟიმში ივაჭროს, ბელორუსისთვის, სომხეთისთვის თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასეთი რეჟიმი არა აქვთ, საქართველოსთან აკავშირებთ არა მხოლოდ ვაჭრობის ინტერესი, არამედ ინტერესი ინვესტირების მიმართულებითაც...გიორგი რუხაძე
თუმცა, თუკი საერთო სურათს გადავხედავთ: დასავლეთს არცთუ იშვიათად აშფოთებდა ბელორუსიაში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესები, რამაც სხვადასხვა დროს იჩინა თავი - იქნება ეს პოლიტპატიმრების არსებობა თუ ჟურნალისტების შევიწროება. ამის გამო ევროკავშირმა 2010 წელს სანქციები დაუწესა170-ზე მეტ ბელორუს მოხელესა და არაერთ კომპანიას, თუმცა, ბრიუსელსა და მინსკს შორის გამოკვეთილი გარკვეული დათბობის ფონზე, 2015 წლის ოქტომბერში სანქციები დროებით შეაჩერა, ხოლო 2016 წლის თებერვალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბელორუსიისთვის დაწესებული სანქციების დიდი ნაწილის გაუქმებაზეც შეთანხმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წიაღში ერთ დროს „ევროპის უკანასკნელი დიქტატორიც“ კი უწოდეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ბელორუსიასთან ევროკავშირი თანამშრომლობას მაინც ცდილობს და ლუკაშენკო მიწვეული იყო 2017 წლის ნოემბერში ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც, თუმცა ის იქ არ ჩავიდა.
2018 წლის 21 მარტს 35-მა ევროპარლამენტარმა გააკრიტიკა ბელორუსიის მიმართ ევროკავშირის ხელმძღვანელების დამთმობი პოზიცია. მათ წერილით მიმართეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანს. წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, გამოთქმულია შეშფოთება იმის გამო, რომ ევროკავშირისა და ბელორუსიის ურთიერთობებში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს და არა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას.
რუსეთთან მჭიდრო კავშირის მიუხედავად, როგორც გიორგი რუხაძე აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ბელორუსიის პრეზიდენტი ცდილობს დააბალანსოს ურთიერთობები დასავლეთთან და შეინარჩუნოს პოზიციები მათ შორის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, გრძნობს რა სტრატეგიულ ინტერესს ევროკავშირის მხრიდან. მათ შორის, სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში, ბელორუსიას რეალური ინტერესები აკავშირებს საქართველოსთან, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებით სარგებლობს:
საქართველოსა და ბელორუსს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა, 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა 24 პროცენტით და 27,47 მილიონი დოლარი შეადგინა...დიმიტრი ქუმსიშვილი
„რადგანაც საქართველოს აქვს იმის საშუალება, რომ ევროკავშირთან თავისუფალ რეჟიმში ივაჭროს, ბელორუსისთვის, სომხეთისთვის თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც ასეთი რეჟიმი არა აქვთ, საქართველოსთან აკავშირებთ არა მხოლოდ ვაჭრობის ინტერესი, არამედ ინტერესი ინვესტირების მიმართულებითაც. საქმე ის არის, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას აქვს რეალური შანსი მოხვდეს ევროკავშირის ბაზარზე. მათ ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციას კი, ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრის საშუალება მხოლოდ მაღალი საბაჟო გადასახადის პირობებში აქვს“.
22 მარტს, ვიდრე ალექსანდრ ლუკაშენკო ჩამოვიდოდა, თბილისში, ბელორუსიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის მიხაელ რუსის მონაწილეობით, ბიზნესფორუმი გაიმართა. თავყრილობა, რომელშიც, ადგილობრივებთან ერთად, 100-მდე ბელორუსული კომპანია მონაწილეობდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა და მაღალი შეფასება მისცა ბოლო წლებში ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას:
„საქართველოსა და ბელორუსს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა, 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა 24 პროცენტით და 27,47 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი გაიზარდა 50 პროცენტით, ექსპორტი გაიზარდა 15 პროცენტით“.
ქუმსიშვილის თქმით, „ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ლიფტების ამწყობი ერთობლივი საწარმოს წარმატებული პროექტი, რომელმაც ამ დღეებში დაიწყო მუშაობა“. მისი განმარტებით, დიდი მოთხოვნილებაა ბელორუსიაში წარმოებულ პროდუქციაზე, რასაც საქართველოში გახსნილი სპეციალური მაღაზიების კარგი მუშაობა აჩვენებს. ასევე, ბელორუს მომხმარებელთა დიდი მოწონებით სარგებლობს საქართველოდან ექსპორტირებული სასურსათო ნაწარმი და მალე მინსკში დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება.