ყოველ ღამით, ძილის წინ, რადიოს რთავს. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებიდან იღებს ინფორმაციას, ღამის 12 საათზე რადიომიმღებს მაინც მომართავს ხოლმე. მისი აზრით, რადიოდან ინფორმაცია მაინც სხვანაირად აღიქმება. რადიომიმღები განსაკუთრებით ჩაბნელებულ 90-იან წლებში შეუყვარდა, როცა არც დენი იყო, არც გაზი, არც წყალი და არც გათბობა. მერაბ მერაბიშვილი ახალგაზრდობაში საბჭოთა კავშირში აკრძალულ რადიოსადგურებსაც უსმენდა, მაგრამ რადიოდამოკიდებულება უფრო გვიან გაუჩნდა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მას შემდეგ, რაც გორში რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები შემოვიდა, ქალაქში ერთბაშად შეწყდა დენის მიწოდება. საოკუპაციო ძალებმა გორის სატელევიზიო ანძა დაიკავეს და ტელევიზიების გადამცემები ააფეთქეს. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დევნილად იქცა. ოკუპირებულ გორში რამდენიმე ათასი კაცი დარჩა, მათ შორის იყო მერაბ მერაბიშვილი. მთელი დღის განმავლობაში მეზობლებთან ერთად რადიოს უსმენდა, რადგან ინფორმაციის მიღების ერთადერთ საშუალებად ესღა იყო დარჩენილი.
ნინო მინდიაშვილი ცხინვალიდან სულ რამდენიმე მეტრში, სოფელ ნიქოზში, ცხოვრობს. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან მუდმივად ახშობდნენ ქართული სატელევიზიო გადაცემების სიგნალს. მართალია, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამ და ინტერნეტმა ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრა, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც სპეციალური სატელევიზიო მოწყობილობები და კომპიუტერები ჯერ არ გააჩნიათ და ისინი იძულებულნი არიან რუსულ სატელევიზიო არხებს უყურონ. ასეთი ადამიანებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება ისევ რადიოა.
ნინოს რადიოს სიყვარული მამისგან გამოჰყვა, რომელსაც პატარა რადიომიმღები მუდმივად თან დაჰქონდა. აგვისტოს ომის დროს მინდიაშვილების სახლის სარდაფი, მთელი სამეზობლოსთვის თავშესაფრად იქცა. რუსული ავიაციის ბომბებს ნიქოზელები მაშინ სარდაფებში ემალებოდნენ. აგვისტოს ცხელ დღეებში, გათიშული კომუნიკაციების გამო, ინფორმაციის მიღების ერთადერთ საშუალებას რადიო წარმოადგენდა.
ტექნოლოგიების განვითარებასა და ინტერნეტის მასობრივ გავრცელებასთან ერთად, რადიოს არსებობას თითქოს საფრთხე შეექმნა, მაგრამ ტრანსპორტში, მაღალმთიან სოფლებში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სადაც რუსული პროპაგანდა უპრობლემოდ აღწევს და ქართულ სატელევიზიო ტალღებს ახშობენ, რადიო ერთადერთ საინფორმაციო საშუალებად რჩება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი მანქანა დადის და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რადიო კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს მნიშვნელობას.