Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაბათი - კამათის ციხე


კულტურის სამინისტროში შეკრებილი ორმოცამდე ექსპერტი, კულტურის მინისტრი და მისი მოადგილე თითქმის ორ საათს მსჯელობდნენ რაბათის ციხის კომპლექსზე განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების საკითხზე. მრგვალ მაგიდას, სახელწოდებით "ახალციხის რაბათის კომპლექსი - ისტორიული არქიტექტურის მეტამორფოზა", „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა.

ხანმოკლე გამოდგა მისი სტუმრობა კულტურის სამინისტროში. სანამ ის პროტესტის ნიშნად დარბაზს დატოვებდა და გაავრცელებდა განცხადებას, ”ინკვიზიციის სხდომაზე მეგონა თავიო”, კულტურის სამინისტროს დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ერთი წინადადებით მიმართა:

”მე გთავაზობთ, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი გარკვეული დროით. იქ გასაკეთებელია აბანო და კიდევ სხვა ადგილებიც. მოდით, გააკეთეთ ეს ყველაფერი და თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი გაკეთებული იქნება უკეთესი, მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ დიახ, ვაღიარებთ, რომ თქვენი გაკეთებული უკეთესი ხარისხისაა, უკეთესად არის შენარჩუნებული ისტორია. მე თვითონ ჩავუდგები სათავეში და მე თვითონ მოვანგრევ ჩვენს ყველა გაკეთებულ შენობას”.

საქმე შეთანხმებამდე ვერ მივიდა. მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილთან დისკუსიაში პოეტი დავით მაღრაძე ჩაება, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა დარბაზი დატოვა და დაიბარა:
ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

”თქვენ ვერ შეძლებთ იქ ვერაფრის მოშლას. მე ყველაფერს გავაკეთებ და ჩემს ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოვიყენებ, რომ წინ აღვუდგე ყველანაირ ნგრევას”.

რაბათის ციხის ხელახალ რეკონსტრუქციაზე, უფრო კონკრეტულად კი, მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშა ჯაყელის მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაციაზე, ამავე საუკუნეში მის მიერ ახალციხის ციხეში აგებული მეჩეთისა და მედრესეს ხელახალ რეკონსტრუქციაზე საუბარი აპრილის პირველ დღეებში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროს მიერ ხელმოწერილი წერილი მივიდა, სადაც ეწერა, რომ ქართული მხარე, თურქი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაციის განხორციელებას გეგმავს. ხელახალი რესტავრაციის მიზეზად კი, თურქ ექსპერტებზე დაყრდნობით, ის ხარვეზები დასახელდა, რომლებიც აღმოჩნდა ახალციხის ციხის რეაბილიტაციის პროცესში 2011-2012 წლებში დაშვებული მთელი რიგი შეცდომების შედეგად. 5 აპრილს კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე არქიტექტურის ისტორიკოსმა მანანა სურამელაშვილმა თავის მიერ დანახული ხარვეზების შესახებ ისაუბრა:

”გალავანი მთლიან ტერიტორიაზე დასრულდა ერთნაირი ქონგურებით. ეს ძალიან უსიცოცხლო სახეს აძლევს იქაურობას. მეჩეთი და მედრესე არის რესტავრირებული, როგორც შეეფერება ძეგლთა დაცვით პრინციპებს, თუმცა აქაც შეიქმნა გარკვეული წინააღმდეგობა. ოქროსფერი გადახურვა მიუღებელია თურქული მხარისთვის და ეს გასაგებიც შეიძლება იყოს, რადგან ესეც სპეციალისტებთან შეუთანხმებლობამ გამოიწვია. საუბარია ასევე ცხაურებზე, რომელთა დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული”.

კულტურის სამინისტროში შეკრებილი ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ციხის რესტავრაციის პროცესში არ ჩატარებულა არქეოლოგიური სამუშაოები. მათი განცხადებით, დღესდღეობით არქეოლოგიის არავითარი კვალი აღარ არის შემორჩენილი, რაც, მათივე შეფასებით, არქეოლოგიის დაკარგვის ტოლფასია. ექსპერტები აცხადებენ იმასაც, რომ გამქრალია ციხის
გუმბათის ფერი ავირჩიეთ იერუსალიმის ომარის მეჩეთის ანალოგიურად. და საქმე რაშია, იცით? როცა გუმბათი კეთდებოდა, თურქული მხარე ჩამოსული იყო, ნახეს და მოიწონეს გუმბათის ფერი და მშენებელს პატარა ნაჭერიც კი გამოართვეს ამ მასალის. თუკი გუმბათის ფერი იმოქმედებს იმაზე, რომ ამის გამო ოშკი აღარ აღდგება, მაშინ, ალბათ, უნდა შეიცვალოს ფერი, მაგრამ მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ...
თენგო გაბუნია
ტერიტორიაზე არსებული რუსული არქიტექტურა, შედეგად კი ახალციხის ციხეს შერჩა ფსევდომავრიტანული სტილის ნაგებობები.

”აქ აჟიოტაჟი მხოლოდ იმის გამოა ატეხილი, რომ საკითხს საქმის დეტალებში ჩაუხედავი ადამიანები განიხილავენ”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი გენერალური დირექტორი: ”აქ არ არის ხარვეზებსა და დარღვევებზე საუბარი. მაგალითად, ცხაურამდეა საქმე დასული - ცხაურებზე, რომლებიც შენახულია ახალციხეში. კი ბატონო, აიღონ და ისევ დააყენონ, ისე რომ ამდენმა ქართველმა და არაქართველმა არ ინერვიულოს ამ თემაზე. მერე უნდა ჩაიხედონ უფრო ღრმად, რატომ არის გადახურვა ოქროსფერი. იმიტომ, რომ ადრე იყო თუნუქი. იქამდე, საერთოდ, შესაძლოა აგურიც კი იყო. დაინგრა რამე, მოისპო თუ რა ხდება? ეს ყველაფერი ხომ ადამიანების ნერვებზე გადის. საზოგადოება ნერვიულობს იმაზე, რაც არ არის სანერვიულო”, - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი.

თენგო გაბუნია ის ერთ-ერთი არქიტექტორ-რესტავრატორია, რომელმაც აჰმედ ფაშა ჯაყელის მიერ აშენებული მეჩეთის აღდგენაზე იმუშავა. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, თურქ ექსპერტებს, რომლებმაც რესტავრაციის პროცესში მოინახულეს მეჩეთი, გუმბათის ოქროსფრად გადახურვაზე პრეტენზიები არ ჰქონიათ:

”გუმბათის ფერი ავირჩიეთ იერუსალიმის ომარის მეჩეთის ანალოგიურად. და საქმე რაშია, იცით? როცა გუმბათი კეთდებოდა, თურქული მხარე ჩამოსული იყო, ნახეს და მოიწონეს გუმბათის ფერი და მშენებელს პატარა ნაჭერიც კი გამოართვეს ამ მასალის. თუკი გუმბათის ფერი იმოქმედებს იმაზე, რომ ამის გამო ოშკი აღარ აღდგება, მაშინ, ალბათ, უნდა შეიცვალოს ფერი, მაგრამ მე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, - ამბობს თენგო გაბუნია.

თენგო გაბუნიას მიერ ნახსენები ოშკი და, მასთან ერთად, იშხანი, არის ის ქართული კულტურული ძეგლები, რომელთა აღდგენაზეც უკვე წლებია თურქულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რამდენიმე ხნის წინ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თებერვალში თურქეთში გამართული შეხვედრებისას შედგა შეთანხმება თურქულ მხარესთან, რომ თუკი დროულად გამოსწორდებოდა რაბათის რეკონსტრუქციისას დაშვებული ხარვეზები, შესაბამისად, დროულად დაიწყებოდა ქართული კულტურული ძეგლების რეაბილიტაციაც. თუმცა, სრულიად განსხვავებული განცხადება გააკეთა რადიო თავისუფლებასთან კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა 5 აპრილს:

”თურქეთთან ხელშეკრულება გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობას. ანუ ნაცვალგების პრინციპი აღარ არის. აღარ არის ერთ ძეგლის რეაბილიტაციის სანაცვლოდ მეორე ძეგლის რეაბილიტაციაზე საუბარი”.
მოლაპარაკებების პროცესია. უბრალოდ, თურქული მხარე ამბობს, რომ მეჩეთის გუმბათის ფერი არ მოსწონთ. და ჩვენ მოვილაპარაკებთ. არანაირ ნგრევაზე საუბარი არ არის. ჩვენ ხელიც კი არ გაგვინძრევია. რასაც ისინი გვაბრალებენ, რომ ვანგრევთ და ვამტვრევთ, მსგავსი რამ არ არის...
გურამ ოდიშარია

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე რაბათში არსებულ მეჩეთს ქართული კულტურის ძეგლად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მისი რესტავრაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს:

”როგორ გაკეთდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სპეციალისტი და კომპეტენტური პირი არ ვარ. რომ გაკეთდა, ეს არის ძალიან კარგი. ვისაუბრებ მხოლოდ მცირე ისტორიაზე. ეს მეჩეთი აშენდა 1752 წელს აჰმედ ჯაყელის მიერ, რომელიც იყო მუსულმანი ქართველი და ეს ააშენა ქართველებისთვის. ეს არის ქართული კულტურის ძეგლი. გადმოცემით, ამ ადგილზე იყო ქრისტიანული სამლოცველო, რომელიც დაშალეს და აშენდა მეჩეთი. არ არის ჩატარებული სათანადო არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც ამას დაადასტურებდა, მაგრამ იმედია, მომავალში ეს მოხდება. მას შემდეგ, რაც ახალციხე 1829-1830 წლებში რუსებმა დაიკავეს, მეჩეთი გადაკეთდა ტაძრად, მიშენდა სამრეკლო, გაკეთდა ორი სადიაკვნო და დაიწყო ფუნქციონირება ტაძარმა“.

მისივე განმარტებით, იქ შესაძლოა ღვთისმსახურება აღევლინოს, ამიტომ ტაძრის მესაკუთრედ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი საპატრიარქოს მოიხსენიებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ან დაიწყება თუ არა რაბათის ხელახალი რესტავრაცია. კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე თურქულ მხარესთან მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს:

”მოლაპარაკებების პროცესია. უბრალოდ, თურქული მხარე ამბობს, რომ მეჩეთის გუმბათის ფერი არ მოსწონთ. და ჩვენ მოვილაპარაკებთ. არანაირ ნგრევაზე საუბარი არ არის. ჩვენ ხელიც კი არ გაგვინძრევია. რასაც ისინი გვაბრალებენ, რომ ვანგრევთ და ვამტვრევთ, მსგავსი რამ არ არის”, - აცხადებს გურამ ოდიშარია.
XS
SM
MD
LG