Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ფერისაა კაბა


ფაქტია, რომ ერთმა უწყინარმა ფოტომ - თანაც, კაბის ფოტომ - შეიძლება ინტერნეტი ორ ნაწილად გაყოს, ამ ორ ნაწილს შორის დისკუსია წარმოშვას და, საბოლოოდ, აგრესიული ბანაკებიც კი ჩამოაყალიბოს. დისკუსია, რომელშიც მილიონობით ადამიანი ჩაერთო, უბრალოდ, ადგენდა, თუ რა ფერის იყო კაბა: ლურჯი და შავი თუ ოქროსფერი და თეთრი. ამის შესახებ მთელი დღის განმავლობაში წერდა „ბაზფიდი“, „უაიერდი“, „ბიბისიც“ კი - მოკლედ, თემას თითქმის ყველა წამყვანი ინტერნეტჟურნალი და ტრადიციული მედია შეუერთდა.

საქმე ისაა, რომ შოტლანდიელმა მეგობრებმა ალანა მაკინესმა და კეტლინ მაკნეილმა, რომელთა ერთი კარგი მეგობარიც დაქორწინებას აპირებდა, გადაწყვიტეს ოჯახისა და სამეგობროს დისკუსიაში მთელი ინტერნეტი ჩაერთოთ. მაკნეილი ჰყვება, რომ მისმა მეგობარმა ქორწილისთვის შეარჩია კაბა, რომელიც დედასაც გაუგზავნა და უთხრა, რომ სწორედ ამ კაბის ჩაცმას აპირებდა ქორწილში. შემდეგ კაბა საქმროსაც აჩვენა, რომელმაც უთხრა, რომ კაბა ლურჯი და შავი ფერის იყო და ურჩია შეერჩია სხვა კაბა. თუმცა საქმე ისაა, რომ საცოლე კაბას ოქროსფერ და თეთრ ფერებში ხედავდა. კაბის ფოტო აჩვენეს მეგობრებსაც, რომლებმაც ასევე ვერ შეძლეს ფერების გარჩევა. ამის შემდეგ კი მაკნეილმა კაბის ფოტო თამბლერზე ატვირთა და ხალხს დახმარება სთხოვა.

საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ თემა, რომელსაცყველაზე მეტად განიხილავენ ინტერნეტში და რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველამ და ყველაფერმა, მათ შორის, ცნობილმა კომპანიებმა, მეცნიერებმა, გავლენიანმა გამოცემებმა, პოპვარსკვლავებმა და ა.შ. თამბლერზე ერთ-ერთ მომხმარებელს ასეთი კომენტარი ეწერა: „გაავრცელეთ, სანამ ხმას „ნასას“ არ მივაწვდენთ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავადგინოთ სიმართლე“.

ინტერნეტჟურნალ „უაიერდში“ გამოქვეყნებული სტატია შემდეგი სიტყვებით იწყება: „მონიკა ლევინსკის თეთრ სახლში სტაჟირების შემდეგ, ასეთი განხილვის საგანი არც ერთი ლურჯი კაბა არ გამხდარა“. რაც მართალია, არა მგონია, მონიკა ლევინსკის კაბაც ასეთი მწვავე განხილვის საგნად გადაქცეულიყო. ინტერნეტმა, როგორც ინფორმაციის სწრაფად მიღებისა და გავრცელების საშუალებამ, აქ თავისი საქმე გააკეთა: მთელი დღის განმავლობაში ყოველ წამს ახალ ინფორმაციას იღებდი და თუ დილით საერთოდ არ გაინტერესებდა რა ფერის იყო კაბა, საღამოს უკვე შენც ინტერესით ცდილობდი სიმართლის დადგენას. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ესაა ინტერნეტის მთავარი აზრი: ის საშუალებას აძლევს ნებისმიერ დისკუსიას, თუნდაც სულელურ დისკუსიას, მისწვდეს და დააინტერესოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნეტშია ჩართული.

თემას კი მართლა უამრავი გამოხმაურება ახლდა. ტვიტერზე ჰეშტეგი #TheDress დღის მთავარი თრენდი იყო და ამ ჰეშტეგს უამრავი გამოხმაურება ჰქონდა. „ბაზფიდი“, ინტერნეტმედია, რომელმაც კაბის შესახებ დისკუსია აქტიურად გააშუქა, ავრცელებდა სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც „კაბამ“ საიტის რეკორდი მოხსნა - 670 000 მკითხველი, ერთდროულად. სტატიები კაბის შესახებ 20 მილიონზე მეტჯერ გაიზიარეს, სტატიების მნახველების რიცხვი კი რამდენიმე ათეულ მილიონს შეადგენს.

და ეს ყველაფერი ერთი კაბის გამო, რომელიც ვერა და ვერ დადგინდა, რა ფერის იყო. იმავე „ბაზფიდისთვის“ კაბა თეთრი და ოქროსფერი იყო. „ადობისთვის“, რომელმაც საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ აღიქვამენ კაბის ყველა ფერს მისი დიზაინერებისთვის განკუთვნილი პროგრამები, გვაჩვენა, რომ კაბაში დომინირებს ლურჯი და შავი. და სიმართლე გითხრათ, მეც თავიდანვე ლურჯად და შავად მეჩვენებოდა. თავი დავანებოთ იმას, რომ ძალიან მალე ონლაინმაღაზიაში იპოვეს ზუსტად ეს კაბა, რომელსაც გარკვევით ეწერა „ლურჯი და შავი“.

სინამდვილეში, კაბა მართლა ლურჯი და შავია. მომხმარებელმა, რომელმაც თამბლერზე დაწერა, რომ როგორმე ხმა უნდა მიეწვდინათ „ნასასთვის“, ალბათ, არ იხუმრა. ინტერნეტის დასარწმუნებლად და სიმართლის დასადგენად აუცილებელი გახდა ვინმეს ზუსტად აეხსნა, თუ რა ფერის იყო კაბა და რატომ მოჰყვა ამ ყველაფერს ასეთი დავიდარაბა. როგორც აღმოჩნდა, ყველაფერში დამნაშავე შუქია, რომელიც კაბას ანათებს და რეალური სურათის გარჩევას ართულებს.

„უაიერდთან“ საუბარში ჯეი ნეითზი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი, ამბობს, რომ ადამიანების გონება ვერ აღიქვამს ინფორმაციას სრულად ნათების გამო და ხედავს მხოლოდ ანარეკლს, რომელსაც ეს ნათება წარმოქმნის. თვითონ ნეითზი, რომელიც ფოტოზე ოქროსფერს და თეთრს ხედავს, ამბობს: „მე ვიკვლევდი ფერების ინდივიდუალურად აღქმაში განსხვავებებს 30 წლის განმავლობაში, თუმცა არ მახსოვს შემთხვევა, რომ ფერი ასე განსხვავებულად აღექვათ“.

თემის განხილვას შეუერთდა ქართულენოვანი ინტერნეტმედია Ideahub-იც, რომელმაც კაბის ფერის განსხვავებულად აღქმის შემდეგი ვერსია გამოაქვეყნა: „ფოტო იმდენად ახლოდანაა გადაღებული, რომ ამ კაბის გარშემო თითქმის არაფერი ჩანს. შესაბამისად, ტვინი ვალდებულია თავისით წარმოიდგინოს გარემო პირობები.ვინც კაბას თეთრად და ოქროსფრად ხედავს, მისი ტვინი ამ კაბის გარშემო აღიქვამს განათებულ ადგილს, ღია ფერის ოთახს, მზიან ამინდს და ა.შ., ხოლო ვინც კაბას შავად და ლურჯად ხედავს, მისი ტვინი ამ კაბის გარშემო უფრო “ხელოვნურ” გარემოს წარმოიდგენს, ჩვეულებრივ ოთახში მხოლოდ ნათურის ყვითელი განათებით“.

მოკლედ, ასეთი იყო გასული კვირა ინტერნეტში, სადაც ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, თუ რა ფერისაა ერთი ჩვეულებრივი კაბა. ახლა კი უკვე დროა დავითვალოთ შედეგები და დავაკვირდეთ, ყოფილა კი ოდესმე დისკუსია, რომელში მონაწილეობაც ამდენ ადამიანს მიეღოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG