სატყეო სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ნახანძრალი ტყის აღდგენას, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ, 2018 წლის შემოდგომიდან დაიწყებენ. სააგენტოს მონაცემებით, ბორჯომში ხანძრის შედეგად 752 ჰა ტყის მასივი დაიწვა. ტყის აღსადგენად საკუთარი წვლილის გაღებას აპირებენ საერთაშორისო დონორები, კომპანიები და ფიზიკური პირები.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ხანძარი დაიწყო იმ ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წელს დაიწვა. ხანძარმა მოიცვა 525 ჰა ძველი ნახანძრალი ტერიტორია, სადაც უკვე ბუჩქები და ნერგები ხარობდა და კიდევ 200 ჰა ტყის მასივი. რაც შეეხება აბასთუმანს, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 12 ჰა ტყე არის დამწვარი. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად ტერიტორიას შეისწავლიან, შემდეგ კი დაიწყებენ იმ ადგილების აღდგენას, სადაც ტყის საფარი, ხელოვნური ჩარევის გარეშე, ვერ გავრცელდება.
„სამწუხაროდ, ახლა უფრო მეტი ნერგი დაგვჭირდება, რადგან ახლად გაშენებული ტყის ნაწილიც განადგურდა. ვვარაუდობთ, რომ ეს რაოდენობა მილიონ ნახევარი იქნება“.
წელს ჩვენ თუ 10 მილიონ ლარს გამოვყოფთ, 20 ჰექტარის აღდგენას შევძლებთ, თუ 100 მილიონს გამოვყოფთ - 200 ჰექტარის. ამასობაში, 100 ათასობით ჰექტარ ტყეს დავკარგავთ, რომელიც საშეშედ ნადგურდება...რეზო გეთიაშვილი
მისივე თქმით, დიდი თანხა იხარჯება ხეების მოვლაზეც. ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ მათ უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია და ცალკეული ადამიანი უკავშირდებათ, რათა ტყის აღსადგენად ფინანსურად შეეწიონ. თუმცა, ამისთვის თავად სახელმწიფოსაც აქვს გარკვეული თანხა, რადგან სააგენტოს ამ ხანძრამდეც ჰქონდა ტყის აღდგენის გეგმა, თავისი განსაზღვრული ბიუჯეტით.
„ფერდობზე კეთდება ბაქანი, ბაქანზე კეთდება ორმო და ამ ორმოში ირგვება ნერგი. ერთი ნერგის ღირებულება (ამაში მისი ხუთი წლის განმავლობაში მოვლაც შედის), დაახლოებით, 10-12 ლარი ჯდება. ძალიან ბევრჯერ გვსაყვედურობენ, რატომ რგავთ ასეთ პატარა ნერგსო. ტყის აღდგენისთვის საჭირო სტანდარტული ნერგი არის პატარა, რაც ხშირად არ მოსწონს გარედან მაყურებელ, არაკვალიფიციურ ადამიანს. ტყის აღდგენისას გამოიყენება ნერგები: წიწვოვანი 2-3- წლიანი და ფოთლოვანი, მაქსიმუმ, 4-5-წლიანი. ასეთი ნერგის გახარების ალბათობა მაღალია. სწორედ ასეთი ნერგია საჭირო იმისთვის, რომ ტყე აღდგეს“.
ნათია იორდანიშვილის ცნობით, ახლად დარგული ნერგების მოსავლელად სოფელ დაბის მოსახლეობაა დასაქმებული, თითქმის ყველა, ვისაც ფერდობებზე მუშაობა შეუძლია. სავარაუდოდ, ეს პრაქტიკა გაგრძელდება ამ ხანძრის მერეც, თუმცა იორდანიშვილის თქმით, ამჯერად, ალბათ, მუშახელის დამატებაც დასჭირდებათ.
2017 წლის აპრილში დაიწყო სოციალური კამპანია „აღადგინე“. მაშინ კამპანიის მიზანი 2008 წელს დამწვარი ტერიტორიის აღდგენა იყო. თამარ ზამთარაძე, ფონდ „აღადგინეს“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კამპანიაში 170 ბიზნეს კომპანია და 6 000 ფიზიკური პირი ჩაერთო. ხეებიც დარგეს, თუმცა, მალევე, ბორჯომის მთებს ისევ ცეცხლი წაეკიდა და ახალი ნარგავები თითქმის მთლიანად განადგურდა.
„კამპანიას ვაგრძელებთ, ეს დავაანონსეთ, უბრალოდ, ამ ეტაპზე ველოდებით სატყეო სააგენტოსგან რეკომენდაციებს, რომ ტყის აღდგენის გეგმა შემოგვთავაზონ“.
თამარ ზამთარაძე აღნიშნავს, რომ ხანძრის შემდეგ სოციალურმა კამპანიამ ფორმაც შეიცვალა და ახლა უკვე ფონდად დარეგისტრირდა. კომპანიები, ჩვეულებრივ, უკვე ფონდთან თანამშრომლობენ. ასევე აგრძელებენ მონაწილეობას მოქალაქეებიც, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი სახსრებით დაეხმარონ ტყის აღდგენის პროცესს.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი აცხადებს, რომ ტყის დროული აღდგენა აუცილებელია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთის კალთებზე მეწყრული პროცესები განვითარდება. ის ასევე საუბრობს ორმაგ დამოკიდებულებაზე ტყის მიმართ. ერთი მხრივ, სახელმწიფო ზრუნავს ტყის აღდგენაზე, მეორე მხრივ კი, კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ტყე შეშად იჭრება და ნადგურდება.
„წელს ჩვენ თუ 10 მილიონ ლარს გამოვყოფთ, 20 ჰექტარის აღდგენას შევძლებთ, თუ 100 მილიონს გამოვყოფთ - 200 ჰექტარის. ამასობაში, 100 ათასობით ჰექტარ ტყეს დავკარგავთ, რომელიც საშეშედ ნადგურდება“.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ მოახერხოს ხის ჭრის რაოდენობის შემცირება და უკვე არსებული ტყის მასივის შენარჩუნება.