Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დგას სამთავრობო ცვლილების უკან?


რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა

30 მარტს გამართლდა ვარაუდები საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტის გათავისუფლების შესახებ, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე არ გადაუყენებიათ და მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამ ინფორმაციას საეჭვოდ მიიჩნევენ ხელისუფლების ოპონენტები, რომელთა აზრითაც, ყურადღება უნდა მიექცეს კორუფციულ სქემებს. ოპოზიცია ლაპარაკობს იმის შესახებაც, რომ ამჟამად მთავრობაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გუნდის შესუსტებისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ზეგავლენის გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს და ამაზე ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად მაია ცქიტიშვილის დასახელებაც მეტყველებს. თავად გიორგი კვირიკაშვილი კი დარწმუნებულია, რომ ის პრემიერ-მინისტრის პოსტს კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. რაზე მეტყველებს განხორციელებული საკადრო ცვლილება და ცვლის თუ არა ეს ფაქტი საერთო სურათს?

რა დგას სამთავრობო ცვლილების უკან?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:29 0:00
გადმოწერა

დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის რიკოთის მონაკვეთის პროექტი, როგორიც არის ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა; ასევე დაპროექტებულია და მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის შემაერთებელი გზა; ასევე ზემო იმერეთისა და რაჭის შემაერთებელი გზა...
გიორგი კვირიკაშვილი

თუკი პრემიერ-მინისტრის მიერ 30 მარტს გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, ზურაბ ალავიძეს საჯარო სამსახურში მუშაობა არასოდეს სდომებია და მას, როგორც ახლა, სულ კერძო სექტორისკენ უწევდა გული. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წელიწად-ნახევრის წინ მან ზურაბ ალავიძე ძლივს დაითანხმა მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე სამუშაოდ, ხოლო ახლა, როცა ალავიძემ მინისტრის პოსტიდან წასვლა გადაწყვიტა, პრემიერმა, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, მისი აზრის შეცვლა ვეღარ მოახერხა.

გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო გუნდის აწ უკვე ყოფილ წევრს ძალიან კარგ მენეჯერად ახასიათებს და ძალიან უფასებს მუშაობას, მათ შორის - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზეც:

„(ზურაბ ალავიძემ) ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაში, სივრცითი განვითარების კომპონენტში, სერიოზული პროგრესი აჩვენა. დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის რიკოთის მონაკვეთის პროექტი, როგორიც არის ქუთაისიდან აბასთუმანთან შემაერთებელი გზა; ასევე დაპროექტებულია და მალე დაიწყება ქუთაისისა და სვანეთის შემაერთებელი გზა; ასევე ზემო იმერეთისა და რაჭის შემაერთებელი გზა. წყალმომარაგების პროექტებში 300 ათასამდე ადამიანის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, მის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად“.

ეს ჩამონათვალი არ აინტერესებთ ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც ზურაბ ალავიძის საქმიანობის უკან არსებულ კორუფციულ სქემებზე ლაპარაკობენ. 30 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველომ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცა მასალები, რომლებიც, ამ პოლიტიკური ძალის ინფორმაციით, შეეხება ზურაბ ალავიძის კორუფციულ საქმიანობას. სწორედ ამის შესახებ ილაპარაკა 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ:

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე

„მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პერსონალური ცვლილებები, არამედ იმ მართლაც საოცარი, ზეკორუმპირებული სქემის აღმოფხვრა, რომელიც ბატონმა ალავიძემ დაამკვიდრა თავის ქვემდებარე სტრუქტურებში, მათ შორის - საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ვამბობთ „მათ შორის“, რადგან ჩვენ ჯერ არ გაგვიხმაურებია ყველა ის ინფორმაცია, რაც მის მოღვაწეობას ეხება. აქ არ იმუშავებს პრინციპი, რომ დაგასწარით, მოვხსენით და ახლა თავი დაანებეთ, რადგან ამ ინფორმაციას საზოგადოებასაც მივაწვდით და შესაბამის ორგანოებსაც“.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა. ის 2012 წლიდან იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და „ქართულ ოცნებასთან“ იმთავითვე ძალიან დაახლოებული პირი. ცქიტიშვილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირადაც სახელდება და ამ ფაქტს ეფუძნება ოპონენტთა ნაწილის ვერსია, რომ მთავრობის კაბინეტში კვირიკაშვილის საყრდენის შესუსტებით ბიძინა ივანიშვილი თავისი ზეგავლენების გაძლიერებას ცდილობს. თუკი ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს შევეკითხებით, ის საკადრო ცვლილებების მიღმა საერთო სურათის ცვლილებას ვერ ხედავს. მთელ ამ სურათში მთავარი როლი კვლავ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის:

ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ „ტაიმერები“ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს „ტაიმერი“ მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს...
გიორგი კვირიკაშვილი

„ივანიშვილის გუნდი, ალბათ, არის ყველა, ვინც კი მთავრობაშია (მისი, შესაძლოა, უსიტყვო თანხმობით, მაგრამ მაინც მისი თანხმობით) და ყველა, ვინც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაშია. კვირიკაშვილი თავად არის ივანიშვილის გუნდის წევრი და რომ ვიფიქროთ, მას რაღაც თავისი ცალკე გუნდი ჰყავს, არ ვიცი, ცოტა უცნაურად ჩანს“.

რაც შეეხება ბოლო თვეებში მუდმივად მოარულ ხმებს გიორგი კვირიკაშვილის პოსტიდან ჩამოშორების თაობაზე, პრემიერ-მინისტრმა 30 მარტს დრო ამ საკითხსაც დაუთმო და გარკვეული ნიშნისმოგებით თქვა, რომ მსურველები ამას კიდევ კარგა ხანს ვერ მოესწრებიან:

„ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა ასევე იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულს და დაყენებული აქვთ „ტაიმერები“ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს „ტაიმერი“ მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ... მე მათი საცოდაობით აღარ ვარ“.

პრემიერის ეს განცხადება საყურადღებოდ მიაჩნია ვახტანგ ძაბირაძეს და ისევ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ მას, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვას საქართველოში, მსხვილი საკადრო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე არ წარმოუდგენია. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადების გაკეთებისთვის გიორგი კვირიკაშვილს ადეკვატური საფუძველი უნდა ჰქონდეს:

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

„შესაძლოა, ეს განცხადება მომდინარეობს იქიდან, რომ მასა და ივანიშვილს შორის არის კარგი ურთიერთობა და ეს არის გარანტია იმისა, რომ ის შეინარჩუნებს პრემიერის პოსტს, მიუხედავად იმისა, მის პროტეჟე რომელიმე მინისტრს დატოვებენ მინისტრად თუ ეტყვიან, რომ ეს კაცი უნდა გაუშვა... შესაბამისად, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, გიორგი კვირიკაშვილი უნდა წავიდეს, თუ უნდა დარჩეს, მანამდე ის იქნება პრემიერად“.

რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის მიერ დასახელებულ რამდენიმეწლიან ვადას, ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ამის ზუსტად განსაზღვრა და გარანტირება ძნელია, მით უმეტეს საქართველოს მსგავს არასტაბილურ გარემოში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG