Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუსი რაიოტი“ აშშ-ში პოლიციურ სისასტიკეს აპროტესტებს


რუსული პანკ-ჯგუფის - „პუსი რაიოტის“ - პროტესტის ახალი სამიზნე გახდა პოლიციური სისასტიკე აშშ-ში. ჯგუფმა გაავრცელა პირველი ინგლისურენოვანი მუსიკალური კლიპი, რომელიც ეძღვნება ერიკ გარნერს, შეუიარაღებელ აფროამერიკელ კაცს, რომელიც ნიუ-იორკში ივლისში პოლიციელმა გაგუდა.

ვიდეო 18 თებერვალს გავრცელდა. სიმღერის სათაურია „ვერ ვსუნთქავ“ - ბოლო სიტყვები, რომლებიც 43 წლის ერიკ გარნერს აღმოხდა სიკვდილის წინ. პოლიციელის მიერ გარნერის გაგუდვის ამბავმა აშშ-ში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები.

„ეს სიმღერა ეძღვნება ერიკს და ყველა იმ ადამიანს, რუსეთიდან ამერიკამდე და მთელ მსოფლიოში, ვისაც სახელმწიფო ტერორი შეეხო - ვინც მოკლეს, გაგუდეს, ვინც დაიღუპა ომის და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი ძალადობის გამო. ეძღვნება პოლიტპატიმრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ქუჩებში იბრძვის ცვლილებისთვის“, - ამბობს ჯგუფი ვიდეოკლიპის თანმხლებ განცხადებაში და დასძენს, „ჩვენ ერთად ვდგავართო“.

ვიდეოკლიპი მონტაჟის გარეშე, უწყვეტადაა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ მარხავენ ცოცხლად რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმის უნიფორმაში გამოწყობილ მარია ალიოხინასა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვას.

სიმღერაში წამყვანი ხმა ეკუთვნის რუსული ჯგუფის - „ჯეკ ვუდის“ - სოლისტ საშა კლოკოვას. ვიდეოკლიპში ერიკ გარნერის უკანასკნელ სიტყვებს კითხულობს ამერიკული პანკის ერთ-ერთი სიმბოლო - მომღერალი, მწერალი და ბასისტი - რიჩარდ ჰელი.

გარნერის ამოძახილი „ვერ ვსუნთქავ“ იმ საპროტესტო გამოსვლების ლოზუნგად იქცა, რომლებიც მოჰყვა ნაფიც მსაჯულთა მიერ დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას - დამნაშავედ არ ეცნოთ დანიელ პანტალეო - ის პოლიციელი, რომელმაც გარნერი მკლავით გაგუდა.

ვიდეოში მიწაზე დევს სიგარეტის კოლოფი, წარწერით „რუსკაია ვესნა“, ანუ „რუსული გაზაფხული“. ეს ფრაზა კრემლის მომხრე აქტივისტებმა გამოიყენეს რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში უკრაინისგან ყირიმის ანექსირებასა და პრომოსკოვურად განწყობილი სეპარატისტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. „სახალხო რესპუბლიკების“ დაარსებასთან მიმართებით.

პოლიციელმა გარნერი მაშინ გაგუდა, როცა მის დაკავებას ცდილობდა, სიგარეტის ღერებით უკანონოდ ვაჭრობის ეჭვის საფუძველზე.

„პუსი რაიოტის“ წევრები აცხადებენ, რომ ვიდეოკლიპი გადაიღეს ამ ამბავთან დაკავშირებით ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვა ადგილებში გამართული საპროტესტო დემონსტრაციების დროს

„პუსი რაიოტმა“ საერთაშორისო მასშტაბით გაითქვა სახელი, როცა 2012 წლის თებერვალში მოსკოვის საკათედრო ტაძარში, მისი თქმით, „პანკური ლოცვა“ ჩაატარა ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. პუტინმა ცოტა ხნით ადრე გამოაცხადა, რომ პრეზიდენტად აპირებდა დაბრუნებას.

ერთი კვირის შემდეგ ჯგუფის წევრები დააპატიმრეს და „ხულიგნობის“ ბრალდება წაუყენეს. ტოლოკონიკოვა, ალიოხინა და კიდევ ერთი წევრი, ეკატერინა სამუცევიჩი, 2012 წლის აგვისტოში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს. დასავლელი უფლებადამცველი ჯგუფები და ოფიციალური პირები მათ პროცესს გმობდნენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.

სამუცევიჩი 2012 წლის ოქტომბერში თავდებით გაათავისუფლეს, ტოლოკონიკოვა და ალიოხინა კი 2013 წლის დეკემბერში გამოვიდნენ ციხიდან - სოჭის ოლიმპიურ თამაშებამდე შემოღებული ამნისტიის საფუძველზე.

„პუსი რაიოტს“ წარსულშიც ულაპარაკია აშშ-ში პოლიციური სისასტიკის საკითხზე.

მაისში ნიუ-იორკში მყოფმა ტოლოკონიკოვამ და ალიოხინამ ციხეში მოინახულეს სესილი მაკმილანი, „ოქუფაი უოლ სტრიტის“ მოძრაობის აქტივისტი, რომელსაც, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 90 დღით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა.

თავად მაკმილანი აცხადებდა, რომ პოლიციელს იდაყვი ინსტინქტურად ჩაარტყა, მას შემდეგ, რაც ის მას მკერდზე შეეხო.

XS
SM
MD
LG