Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარნოვისა და სერგეენკოს შელაპარაკება დვანში


დვანი
დვანი
დღეს ხმაური იყო დვანის ცენტრში, სოფლის ამბულატორიაში თბილისიდან ჩასული ექიმები ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევას უტარებდნენ. იქვე იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. სოფელში ჩასული პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ამბულატორიაში შევიდა და ახალი ხელისუფლება დვანელებისთვის სოციალური დახმარების შეწყვეტაში დაადანაშაულა. სერგეენკოსა და ბარნოვის კამათში ექიმებიც ჩაერთვნენ.

კამათი ამბულატორიის ეზოში გაგრძელდა, აქ უკვე სოფლის მოსახლეობაც დაუპირისპირდა ერთმანეთს და იმის გარკვევა დაიწყეს, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი. ბარნოვსა და დვანელებს შორის კამათი ამ თემაზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით ეზოში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოვიდა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სოციალური დახმარება 2013 წლის 1 ივლისიდან ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შეჩერდა.

ამ ბრალდებას ანდრო ბარნოვმა სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დვანს და დვანელებს ყურადღებას არ აქცევს.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილი სურსათი დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა.

დავით სერგეენკომ დვანელების სამედიცინო გამოკვლევის პირველი შედეგების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სტრესის ფონი და ამით გამოწვეული გართულებები მკაფიოდ იკვეთება.

დვანელთა თქმით, ახლა "კინკლაობის დრო არ არის"
please wait

No media source currently available

0:00 0:04:06 0:00
გადმოწერა

დვანელების აზრით, ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკური კინკლაობა გვერდით უნდა გადადონ და გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის დახმარებაზე იზრუნონ. ერთ-ერთი დაზარალებული, მერაბ მეკარიშვილი, აცხადებს, რომ სოფლიდან არსად წასვლას არ აპირებს და აქვე უნდა სახლის აშენება, ამიტომ მისთვის როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

ორი დღეა დვანის მინდვრებში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან, სამუშაოები შეჩერებულია, ღობეებით მათ მიწის ნაკვეთების ნაწილი უკვე შეღობეს. ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ამბობს, ისინი როდის გამოჩნდებიან სოფელში. დვანში კი მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს იქ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩავიდნენ.
XS
SM
MD
LG