Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრივილეგირებული მართლმადიდებელი ეკლესია - რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. 2012 წელს ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას ანგარიშში 12 გვერდი აქვს დათმობილი. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წინაშე არსებული არაერთი პრობლემა, რომელიც გასული წლის ანალოგიურ ანგარიშშიც მოხვდა, წელსაც აქტუალურია. განსაკუთრებული ადგილი ახალ ანგარიშში სიძულვილის ენას ეთმობა, ხოლო რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითებად დოკუმენტში გასულ წელს მომხდარი ორი გახმაურებული ფაქტია შეტანილი - სოფელ ნიგვზიანსა და სოფელ წინწყაროში მომხდარი ორი ამბავი, როცა ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას რელიგიური თავისუფლება შეეზღუდა.

რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიშის საქართველოს ნაწილში ვკითხულობთ, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას რელიგიის თავისუფლების კუთხით პოლიტიკა მნიშვნელოვნად არ შეუცვლია. მთავრობა განაგრძობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პრივილეგირებული პირობების შექმნას. რელიგიის თავისუფლება საქართველოში კონსტიტუციით არის დაცული, თუმცა საქართველოს მთავრობასა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატი მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ სტატუსს ანიჭებს - ეს გულისხმობს უფლებებს, რაც სხვა რელიგიურ გაერთიანებებს საქართველოში არ გააჩნიათ. ამას ემატება ისიც, ვკითხულობთ ანგარიშში, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22, 8 მილიონი ლარით ფინანსდება, სარგებლობს გამოკვეთილი საგადასახადო შეღავათებით, რაც არ ვრცელდება სხვა რელიგიურ ჯგუფებზე. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება 3 მილიონი ლარით გაიზარდა და 25 მილიონი ლარი გახდა. ეს ფაქტი თავის დროზე საზოგადოების ერთმა ნაწილმა სპეციალური ვიდეორგოლითაც კი გააპროტესტა.

თუმცა ეთნოსთა შორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი აგიტ მირზოევი იმასაც ამბობს, რომ სამართლებრივი სტატუსის პრობლემა მას შემდეგ, რაც 14 რელიგიურ ჯგუფს პარლამენტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭა, აღარ დგას, თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიას ძველებურად არაერთი პრივილეგია რჩება:

”ეს ისევ და ისევ ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გაწეულ ხარჯებს - ეს მაშინ, როდესაც სხვა რელიგიურ ჯგუფებს მსგავსი კონტრიბუცია სახელმწიფოს მხრიდან არ გააჩნიათ”.

მოხსენიებულია კონკრეტული პიროვნება, ვინც განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი ამ სარბიელზე. ეს არის მურმან დუმბაძე, რომელიც საუბრობდა ისლამის გეოგრაფიის გაფართოების დაუშვებლობაზე...
არის საკითხები, ამბობს სახალხო დამცველის აპარატის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, რომლებიც რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში წლიდან წლამდე უცვლელი რჩება. ეს შეეხება ზოგიერთი რელიგიური გაერთიანებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეულ საკუთრებას, მაშინ როდესაც სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას ყოველწლიურად ამავე ქონებას ან უბრუნებს, ან, სანაცვლოდ, შესაბამის კომპენსაციას სთავაზობს - ეს შეეხება ციხეებში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებისათვის თანაბარი პირობების შექმნას, საგანმანათლებლო სისტემაში რელიგიის ფაქტორს თუ სხვა. თუმცა წლევანდელი ანგარიშის სიახლედ, ბექა მინდიაშვილის შეფასებით, ე.წ. სიძულვილის ენაზე გამახვილებული ყურადღება შეიძლება მივიჩნიოთ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დამოწმებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას პოლიტიკური ლიდერები იყენებდნენ:

”მოხსენიებულია კონკრეტული პიროვნება, ვინც განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი ამ სარბიელზე. ეს არის მურმან დუმბაძე, რომელიც საუბრობდა ისლამის გეოგრაფიის გაფართოების დაუშვებლობაზე, რომ თურქეთის მხარე ამ რელიგიას საკუთარი ნეოიმპერიული მიზნებისთვის იყენებს, რომ აზიზიეს მეჩეთის აღდგენა საქართველოში დაუშვებელია ... ახლა კი შეცვალა მან პოზიცია, როგორც თავად აცხადებს, და თავად ჩაებმება მუსლიმებისთვის მეჩეთის აშენებაში, მაგრამ ეს უნდა იყოს ქართველების მიერ აშენებული მეჩეთიო... თუმცა გვახსოვს მისი ადრინდელი პოზიცია, რომ ზოგადად ბათუმში მეჩეთი არ უნდა აშენებულიყო”...

„მთავრობის უმოქმედობა“ - ასე ჰქვია ანგარიშში ცალკე ქვეთავს, რომელშიც გურიის რაიონის სოფელ ნიგვზიანში განვითარებული ცნობილი მოვლენები შევიდა, როცა ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას სამლოცველო სახლში შესვლისა და რელიგიური რიტუალის ჩატარების უფლება არ მისცეს, ადგილობრივმა მღვდელმა კი განაცხადა, რომ ”სოფლის მცხოვრებნი არ დაუშვებდნენ მასობრივ მუსლიმურ რიტუალებს ამ სოფელში”. იგივე განმეორდა ქვემო ქართლის სოფელ წინწყაროში, სადაც მუსლიმებს მართლმადიდებლები დაემუქრნენ და სალოცავად შეკრება აუკრძალეს, ცალკეული პირები კი ადგილობრივი მუფთის სახლის დაწვით იმუქრებოდნენ.

”ანგარიშში ნათქვამია, რომ არაადეკვატური იყო სახელმწიფოს დამოკიდებულება. მოტანილია ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას პოზიციაც იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს დაცული, რაც არც ადამიანის უფლებების ფილოსოფიას შეესაბამება, არც კანონმდებლობას, რადგან ილახება ყოველთვის ერთი მხარის უფლებები და როცა საუბრობენ იმაზე, რომ უნდა იყოს ქრისტიანული მოსახლეობის უფლებები გარანტირებული, იმ კონტექსტში, რომ თითქოს მეჩეთის აშენება მათ უფლებებს ლახავს, ეს სრული უგულებელყოფაა იმისა, რასაც ადამიანის უფლებები ჰქვია.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ციხეების უმრავლესობაში არის მართლმადიდებლური სამლოცველოები, მაგრამ ძნელად მოიძებნება სალოცავი კუთხე სხვა აღმსარებლობის ადამიანებისათვის; რომ სკოლების საკლასო ოთახებში გამოფენილია მართლმადიდებლური ხატები და სხვა რელიგიური სიმბოლოები. სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესის დროს არა მხოლოდ პროპაგანდას უწევს მართლმადიდებლობას, არამედ აკრიტიკებს და აკნინებს სხვა რელიგიურ აღმსარებლობებს“… ბექა მინდიაშვილი შენიშნავს, რომ ამის გაპროტესტებას მშობელთა უმრავლესობა ერიდება.

ამის დასტურია ნიგვზიანის მაგალითი, ზოგადად ისლამოფობიის არაერთი მაგალითი... რაც უფრო მეტი აგრესიაა ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის მიმართ გამოხატული, მით უფრო რთული იქნება ტოლერანტული კულტურის განვითარება...
აგიტ მირზოევი
საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებებს ქვეყნის საშინაო საქმეებში უაპელაციო ჩარევის გამოხატულებად მიიჩნევს. ეს განცხადება მან საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გააკეთა:

”თავად ის ფაქტი, რომ დეპარტამენტი აღნიშნავს, საგადასახადო შეღავათები შეიძლება ჰქონდეს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში უაპელაციო ჩარევის გამოხატულებად მიმაჩნია".

რელიგიის თავისუფლების სფეროში პრობლემების არსებობას ტოლერანტობის მკვეთრი დეფიციტით ხსნის აგიტ მირზოევი:

”ამის დასტურია ნიგვზიანის მაგალითი, ზოგადად ისლამოფობიის არაერთი მაგალითი... რაც უფრო მეტი აგრესიაა ერთი ჯგუფის მიერ მეორე ჯგუფის მიმართ გამოხატული, მით უფრო რთული იქნება ტოლერანტული კულტურის განვითარება ისეთ მრავალფეროვან საზოგადოებაში, როგორიც საქართველოშია”.

როდესაც უმრავლესობა არალიბერალურია, განსაკუთრებით რელიგიის საკითხებში, ძნელია სახელმწიფომ თანასწორი და სამართლიანი დამოკიდებულება შეინარჩუნოს, ფიქრობს პოლიტოლოგი გია ნოდია. მისი თქმით, დომინანტ ეკლესიას რომ მეტი ფულიც აქვს და პრივილეგიაც, ეს ევროპული დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც არ არის უცხო. აქ მთავარი საფრთხე, მისი აზრით, ის არის, რომ ამ პრივილეგიებმა ეკლესიას თავი კანონზე მაღლა არ აგრძნობინოს:

”კანონის ფარგლებში პრივილეგია ერთია და კანონზე მაღლა დგომა სხვა რამეა. აი, თუნდაც, რაც ჩვენ 17 მაისს ვნახეთ, ეს იყო ეკლესიის მხრიდან ღია და შეუნიღბავი განაცხადი, რომ კანონზე მაღლა დგას. ადრე, იმავე ნიგვზიანის მოვლენების დროს, ასე ღია განაცხადი არ გაკეთებულა”.

სახელმწიფომ კი, თავის მხრივ, უნდა თქვას, თუნდაც რეიტინგის შემცირების ხარჯზე, რომ ეკლესია კანონზე მაღლა ვერ დადგება. გია ნოდიას შეფასებით, ზღვარი, რაც დემოკრატიულ ღირებულებებსა და ხალხის, ამომრჩევლის სურვილებს შორის გადის, არის კონსტიტუციონალიზმი, რომლის არსიც ხალხის სურვილების გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას გულისხმობს. ეს ადვილი არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის, თუმცა, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG