პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფული, ადვოკატთა ასოციაციის მომსახურება და ყოფილი პოლიტპატიმრების სურვილი იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის - ეს სამი რამ არის საჭირო იმ მემორანდუმის ასამუშავებლად, რომელიც 2 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ადვოკატთა ასოციაციასთან გააფორმა.
ამნისტიის შესახებ
- ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა და პარლამენტის შესაბამისი დადგენილების თანახმად, დღეს საქართველოს ჰყავს 190 ყოფილი პოლიტპატიმარი და 25 ყოფილი პოლიტიკური დევნილი.
- სისხლის სამართლის კოდექსში შესული შესწორებებით, პოლიტპატიმრებს 1 ივლისს ეწურებათ ვადა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს თხოვნით, გადაისინჯოს მათი გამამტყუნებელი განაჩენები.
ეს დოკუმენტი ყოფილ პოლიტპატიმრებს შესაძლებლობას აძლევს ადვოკატების დახმარებით პირველ ივლისამდე მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვონ თავიანთი გამამტყუნებელი განაჩენების გადახედვა.
„იმ პირებს, ვინც პოლიტიკურ დევნილებად არიან ცნობილნი, ჩვენ დღეს ვაძლევთ რეალურ მექანიზმს უფლებების აღსადგენად“, -განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2 აპრილს.
პირველ ივლისამდე იმიტომ, რომ, სისხლის სამართლის კოდექსში შესული შესწორებებით, პოლიტპატიმრებს სწორედ ამ დღეს ეწურებათ ვადა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს თხოვნით, გადაისინჯოს მათი გამამტყუნებელი განაჩენები. ამ ვადის გასვლის შემდეგ მათ ეს უფლება ჩამოერთმევათ და აღარც მათი გამამტყუნებელი განაჩენი შეიცვლება.
პრეზიდენტ მარგველაშვილს იმის იმედიც აქვს, რომ ამ საქმეების წამოწევით იმ მოხელეების სახელებიც გახდება ცნობილი, ვინც ხალხს პოლიტიკური ნიშნით იჭერდა და ასამართლებდა.
მემორანდუმის მეორე მთავარი მიზანიც ეს არის, - უთხრა რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ:
„ძალიან დიდი დრო გავიდა საიმისოდ, რომ პოლიტპატიმრების საქმეები გადასინჯულიყო და თითოეულს მისცემოდა იმის შანსი, რომ რიგ შემთხვევებში გამამართლებელი განაჩენიც დამდგარიყო. ჩვენ არ ვიცით არც ერთი შემთხვევა, როდესაც გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებელი განაჩენით შეიცვალა, ან დადგინდა იმ კონკრეტული თანამდებობის პირების დანაშაული, ვინც ამ ხალხის დანაშაული გამოიძია და სასჯელიც შეუფარდა“.
ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა და პარლამენტის შესაბამისი დადგენილების თანახმად, დღეს საქართველოს ჰყავს 190 ყოფილი პოლიტპატიმარი და 25 ყოფილი პოლიტიკური დევნილი. კოჟორიძის განმარტებით, შეუსაბამოა ის ფაქტიც, რომ სახელწიფო პარლამენტის პირით ამ ადამიანებს პოლიტიკურ პატიმრებად აცხადებს, სასამართლოს პირით კი ამბობს, რომ ეს ხალხი დამნაშავეა. პოლიტპატიმრობა, თავისთავად, ადამიანის უდანაშაულობას არ ამტკიცებს, თუმცა მათი საქმეების გადახედვა იმიტომაც არის საჭირო, რომ სიმართლე დადგინდეს, ფიქრობს კახა კოჟორიძე:
„გაირკვეს კონკრეტული პირები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდნენ და უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, თუ პარლამენტს შეეშალა, როცა ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად გამოაცხადა. როგორ უნდა იყო მშვიდად საზოგადოება მაშინ, როდესაც ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებდა და სისტემური დანაშაულის მონაწილე იყო, დღესაც რჩებიან იმავე სისტემის თანამშრომლებად“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს მემორანდუმი პირდაპირ კავშირშია ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებთან“, მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტთან, რომელიც ასევე მიზნად ისახავს იმ მაღალი თანამდებობის პირთა, სამართალდამცავთა გამოვლენას, ვინც ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას, სასამართლოზე ახდენდა ზეწოლას და ა.შ.
შესაძლოა, ყოფილ პოლიტპატიმართა ნაწილს არც კი სურდეს მიმართოს სასამართლოს, თუ მართლაც იყო მათ საქმეში დანაშაულის ნიშნები.ალეკო ცქიტიშვილი
თუმცა „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის ინიციატივასა და ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებულ მემორანდუმს სულაც არ აღიქვამენ თანამოაზრეობად და საერთო საქმედ და ეს ინიციატივა გააკრიტიკეს კიდეც.
იმისათვის, რომ ადვოკატთა ასოციაციის შესაბამისმა კომისიამ პოლიტპატიმრების საქმეზე იმსჯელოს, საჭიროა თავად პოლიტპატიმრების სურვილი - მათ უნდა მიმართონ ასოციაციას საქმის გადახედვის მოთხოვნით. დღეს ამ პოლიტპატიმართა ნაწილის უფლებებს ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ. ერთ-ერთი არის „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. მისი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი, პოლიტპატიმრების არაერთ დღემდე დაუსრულებელ საქმეს იხსენებს, მათ შორის, ე.წ. ყინწვისის საქმესაც, თუმცა უჭირს დაასახელოს ერთი შემთხვევაც კი პოლიტპატიმრების სამართლებრივი რეაბილიტაციისა. ეს, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ჰქონდათ პოლიტპატიმრებს სასამართლოს იმედი და ნდობა. ძნელი სათქმელია, დღეს გამოიყენებენ თუ არა ისინი პრეზიდენტისა და ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი მემორანდუმით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, გვითხრა ალეკო ცქიტიშვილმა:
„შესაძლოა, ყოფილ პოლიტპატიმართა ნაწილს არც კი სურდეს მიმართოს სასამართლოს, თუ მართლაც იყო მათ საქმეში დანაშაულის ნიშნები, რაც ხელახალმა სასამართლომ ისევ შეიძლება დაადასტუროს, თუმცა სამართლებრივი რეაბილიტაცია, შესაძლოა, მაინც იყოს ამ პირის ინტერესის საგანი, იმ გაგებით, რომ არაადეკვატურად მაღალი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, რაც მოიხადა კიდეც. შეუძლია ამ კუთხით იდაოს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, მიმართავს ყველაყოფილ პოლიტდევნილსა და პოლიტპატიმარს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, მიმართონ ადვოკატთა ასოციაციას და დაიცვან თავიანთი უფლებები.