Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ სტრასბურგის სასამართლო და საქართველოს პრეზიდენტი


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, წინასწარი პატიმრობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის და ამ გადაწყვეტილებას ჰყავს უშუალო პასუხისმგებელი პირები სამართალდამცავ და სასამართლო სისტემებში - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებას. პრეზიდენტი, დეტალების გარეშე, შესაბამისი პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი მის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენას ხედავენ. თავის მხრივ, სტრუქტურებს გამოკვეთენ, მაგრამ კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 17 დეკემბრის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას, რომ იმავე წლის 14 დეკემბერს, შუაღამისას, იგი ციხიდან გაიყვანეს, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიიყვანეს და მორალური ზეწოლა განახორციელეს, ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნაში დახმარებისა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების დასახელების მოთხოვნით, პროკურატურა და ყველა სხვა შესაბამისი სტრუქტურა უნდობლად შეხვდა. გამოძიების დაწყების თაობაზე საჯარო განცხადებების მიუხედავად, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია რეაგირების გარეშე დარჩა, თუმცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ, 2016 წლის 14 ივნისს, დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობის საქმეზე დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის ორი მუხლი, მათ შორის მე-18 მუხლი, სწორედ ზემოხსენებულ ფაქტზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სხვა რამდენიმე ორგანიზაციის დარად, 2013 წელსვე მიიჩნევდა, რომ ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და კანონმდებლობა საქმის გამოძიებას ითხოვდა.

სწორედ ამისათვის არის საჭირო გამოძიება, რომ ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით მოხდეს სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაადგინოს...
გოგა ხატიაშვილი

ორგანიზაციის წარმომადგენელი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას ამ საქმის გამოძიების ვალდებულება ახლაც რჩება, მიუხედავად იმისა, რომ დროულად არ იმოქმედა. მისი აზრით, მოკვლევისა და გამოძიების საგანი უნდა იყოს ისიც, ვინ ვერ ან არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება და რა იყო იმის მიზეზი, რომ ფაქტის გავრცელების მომენტში მასზე ადეკვატური რეაგირება არ მოხდა:

“სწორედ ამისათვის არის საჭირო გამოძიება, რომ ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით მოხდეს სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაადგინოს. იქიდან გამომდინარე, რომ თავად პროკურატურის ვალდებულება იყო გამოძიების დაწყება და პროკურატურამ ეს არ განახორციელა, ეს ვალდებულება არ შეასრულა, კანონით დადგენილი ვალდებულება, ალბათ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თავად პროკურატურის სისტემაშიც შესაძლებელია ის, რომ ვეძიოთ პასუხისმგებელი პირები“.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი კი, გიორგი მშვენიერაძე, თავის მხრივ, ფიქრობს, რომ მანამ, სანამ გამოძიება არ გამოკვეთს სამართალდამრღვევ პირებს, ძნელია რამის თქმა:

“ვინც დასახელებულია ორი საჯაროდ, ეს არის დარბაისელი, რომლის შესახებაც ღიად საუბრობდა თავად მაშინ ბრალდებული და დღეს უკვე მსჯავრდებული, და ასევე საუბარი იყო მთავარ პროკურორზე, მაშინდელზე, ბატონ ფარცხალაძეზე, რომელიც მონაწილეობდა ამ შემთხვევაში. მინიმუმ ამ ორმა ადამიანმა, მაღალი თანამდებობის პირმა, იცოდა ამ ფაქტის შესახებ, თუმცა ჩვენ მერე მოვისმინეთ სხვა ადამიანების განცხადებები და ქცევაც, რომელიც ასევე უკანონო იყო და მიზნად ისახავდა ჩადენილი დანაშაულის დაფარვას. ეს იყო უკვე მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ყოფილი პრემიერი“.

გიორგი მშვენიერაძე აქვე იხსენებს საქართველოს სასჯელაღსრულების მაშინდელი მინისტრის, სოზარ სუბარის მიერ სათვალთვალო კამერებზე არსებული ვიდეოჩანაწერის შესახებ გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. იგი ამბობს, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ამსახველი ჩანაწერები განადგურებულიყო. გიორგი მშვენიერაძე აქვე შენიშნავს, რომ, სურვილის შემთხვევაში, გამოძიება სიმართლის დადგენას ახლაც შეძლებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის გია გვილავას შეფასებით კი, პროკურატურა და სასჯელაღსრულების სამინისტროა ის ორი უწყება, რომელთაც ეფექტური გამოძიების ჩატარება ევალებოდათ და, შესაბამისად, სამართალდამცავი სტრუქტურებიდან ყველაზე მკაფიოდ სწორედ მათი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება - მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩათვალა, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი დადასტურებულია.

გია გვილავა
გია გვილავა

საქართველოს პრეზიდენტი კი თავის განცხადებაში, სამართალდამცავი სტრუქტურების გარდა, არსებულ დარღვევებზე პასუხისმგებელ უწყებად სასამართლოსაც ასახელებს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გაგრძელების ფაქტზე. საქართველოს კანონმდებლობით, მოსამართლე მიღებული გადაწყვეტილების გამო არ ისჯება, ამიტომ ამ ნაწილში კონკრეტულად ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, გია გვილავას თანახმად, სისტემურ ხარვეზებზე მინიშნება გასაზიარებელია:

“სასამართლო ხელისუფლებას ვერაფერს ვერ უზამ. შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დასაბუთებული, აქვს გარკვეული ხარვეზები, ამისთვის არსებობს ზედა ინსტანციები. ამიტომაც არსებობს ევროსასამართლო, რომ მონიტორინგი გაუწიოს ამ ყველაფერს. ის, რომ ჩვენ დავამკვიდროთ პრაქტიკა, რომ პირდაპირ მოსამართლემ აგოს პასუხი ამისთვის, ეს იქნება დამღუპველი ზოგადად სისტემისთვის, იმიტომ რომ მოსამართლეს აქვს გარკვეული იმუნიტეტი და ბუნებრივია, რომ ეს იმუნიტეტი მას ტყუილად არა აქვს, დამოუკიდებლობაზე მოქმედებს და დაცულობა უნდა იყოს. მაგრამ ზოგადად ეს გვაძლევს შეფასების საშუალებას, რომ ჩვენს სისტემას, სასამართლო სისტემას, ძალიან ბევრი აქვს სამუშაო მაღალი სტანდარტის მისაღწევად“.

გია გვილავა ფიქრობს, რომ საშუალო სტანდარტს მაინც რომ აკმაყოფილებდეს სასამართლო სისტემა საქართველოში, სტრასბურგის სასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილება ასეთი მკაცრი არ იქნებოდა.

XS
SM
MD
LG