Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ როგორ კითხულობს სტრასბურგის დადგენილებას მერაბიშვილის საქმეზე?


ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი და როგორ უნდა წავიკითხოთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 14 ივნისის დადგენილება? უნდა გათავისუფლდეს თუ არა ის პატიმრობიდან? რას ამბობს კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია და რის გამოც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მიზნით დამაკავესო? - ეს იმ კითხვების მხოლოდ ნაწილია, რომელიც მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა თბილისში. ხელისუფლება და ოპოზიცია ევროპული სასამართლოს ვერდიქტს სხვადასხვაგვარად განმარტავენ.

ევროპული სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად აღიარება ნიშნავს ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარებას, - ასე ფიქრობს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოთარ კახიძე. მისი განმარტებით, ეს არის მუხლი, რომელსაც ევროკონვენცია ყველაზე იშვიათად იყენებს და რომლის დარღვევად აღიარების სულ რამდენიმე მაგალითი არსებობს. კახიძის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი, იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოსთან ერთად, მესამე პოლიტიკოსია, რომელთან მიმართებითაც სასამართლომ კონვენციის მე-18 მუხლი დარღვეულად მიიჩნია:

„ამ შემთხვევაში საუბარია პოლიტიკურ მოტივაციასა და მერაბიშვილის მიმართ ზეწოლაზე, ხოლო ხელისუფლებას აინტერესებდა არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ამოცანები ჰქონდა და ამ ამოცანების შესასრულებლად სწორედ პოლიტიკური მოტივაციით დააპატიმრა ვანო მერაბიშვილი. სწორედ ამიტომ მერაბიშვილის პატიმრობა მისი დაკავების პირველივე დღიდან არის პოლიტიკურად მოტივირებული და მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი“.

სასამართლომ არ მიიჩნია ეს მიმართვები დასაბუთებულად, ამიტომ ამ საკითხზე მან არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო. ამიტომ სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ პოლიტპატიმრად ცნო ვანო მერაბიშვილი, უბრალოდ, არ არის სწორი...
ვახტანგ ხმალაძე

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილებაში არსად წერია მერაბიშვილის პოლიტპატიმრობასა და ხელისუფლების ვალდებულებაზე გაათავისუფლოს მერაბიშვილი. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე შენიშნავს, ასეთი დავალება საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია და ამ საკითხით ოპოზიციის სპეკულირება მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ ვანო მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს 8 ათასი ევრო სასამართლო ხარჯების, 4 ათასი ევრო კი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. 14 ივნისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, რომ საქმეში "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-18 მუხლები. დადგენილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეასრულა ვალდებულება დაესაბუთებინა მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა და განეხილა არასაპატიმრო წინასასამართლო შემაკავებელი ზომების გამოყენების შესაძლებლობა. რაც შეეხება დადგენილების კიდევ ერთ პუნქტს, რომელიც შეეხება 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტსა და ამ ფაქტის გამოუძიებლობას, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება „გამოყენებულ იქნა დამატებით საშუალებად საგამოძიებო ორგანოების მიერ, რათა მიეღოთ დამატებითი ბერკეტები სხვა საქმეების გამოძიებაში - კერძოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაკავება არ უნდა ემსახურებოდეს მიზანს გამოყენებულ იქნეს იგი, როგორც მორალური ზეწოლის საშუალება ბრალდებულზე. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში“.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ რადგან სტრასბურგის სასამართლოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა მასალები ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, საჭიროა საგამოძიებო ორგანოებმა ამ ფაქტზე დამატებითი გამოძიება ჩაატარონ და შედეგები სტრასბურგის სასამართლოს აცნობონ, თუმცა, მისი თქმით, მთავარი სასამართლოს დადგენილებაში სხვა რამ არის:

„კონვენციის 5.1 მუხლი, რაც ნიშნავს პატიმრობის გამოყენების კანონიერებას, ევროპული სასამართლოს დადგენილებით არ დარღვეულა და თქვა, რომ მერაბიშვილს პატიმრობა კანონიერად შეეფარდა“.

სტრასბურგის გადაწყვეტილების კონტექსტში ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მერაბიშვილის სასჯელი უნდა გადაიხედოს და მერაბიშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს...
გოგა ხატიაშვილი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე კი განმარტავს, რომ სასამართლომ დასაშვებად არ მიიღო სარჩელის ის ნაწილი, სადაც მერაბიშვილის პოლიტპატიმრობაზე იყო საუბარი:

„სასამართლომ არ მიიჩნია ეს მიმართვები დასაბუთებულად, ამიტომ ამ საკითხზე მან არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო. ამიტომ სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლომ პოლიტპატიმრად ცნო ვანო მერაბიშვილი, უბრალოდ, არ არის სწორი“.

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე კი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურის არაკვალიფიციურმა მუშაობამ ამ საკითხზე უკვე გააჩინა კითხვები დასავლეთში საქართველოს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ხოლო თავისთავად დღეს მიმდინარე პროცესმა, მისი თქმით, შესაძლოა ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაც კი მოიტანოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელს, გია გვილავას, რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, თუ რა გახდა სასამართლოს მიერ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად მიჩნევის საფუძველი, რა ფაქტორებმა განაპირობა ეს:

„გადამწყვეტი ფაქტორი იყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ამბავი დეკემბერში, რომელიც სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა. რატომ? იმიტომ რომ აქ, საქართველოში, არ წარიმართა ეფექტური გამოძიება და მაშინვე აშკარად ჩანდა, რომ არც პროკურატურას, არც სასჯელაღსრულებას არ სურდა ამ საქმის გამოძიება, არ გაასაჯაროეს ის ვიდეომასალა, რომელიც ძალიან მძიმედ არის შეფასებული და იმავეს ვამბობდით ჩვენც მაშინ. ასევე შიდა გამოძიება იყო ფორმალური და ბუნდოვანი და რეალურად არავის არაფერი გამოუძიებია. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო მხოლოდ ერთი მხრიდან მასალები და არაფერი - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა კი ვრცელი განმარტება გააკეთა „ნეტგაზეთთან“ საუბარში. მან თქვა, რომ დადგენილებაში ვერსად ნახა სასამართლოს მითითება იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მისივე განმარტებით, მართალია, სასამართლომ დარღვევად მიიჩნია წინასწარი პატიმრობის კანონიერების საკითხი და თქვა, რომ მოსამართლემ დაუსაბუთებლად მიიღო მისთვის პატიმრობის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება, მაგრამ ამის გამო სახელმწიფო ვალდებული არ არის გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი, რადგან ის დღეს აღარ არის წინასწარ პატიმრობაში, არის გასამართლებული და მსჯავრდებული. საიას იურისტმა გოგა ხატიაშვილმაც აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მერაბიშვილის ბრალთან დაკავშირებით არაფერს ამბობს და ის ვერ იქნება ორგანო, რომელიც იტყვის, რომ მერაბიშვილის სასჯელი უნდა გადაიხედოს:

„სტრასბურგის გადაწყვეტილების კონტექსტში ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მერაბიშვილის სასჯელი უნდა გადაიხედოს და მერაბიშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, როგორიცაა შეწყალების ან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, ეს ზოგადი მექანიზმები შესაძლოა გავრცელდეს მერაბიშვილის სასჯელთან დაკავშირებითაც ზუსტად ისე, როგორც სხვა მსჯავრდებულების მიმართ ვრცელდება სასჯელის შეღავათის პირობები - ამნისტია, შეწყალების აქტი და ა.შ. ასეთივე რეჟიმში მოექცევა მერაბიშვილის სასჯელიც“.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG