Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი - პატიმარი პოლიტიკოსი თუ პოლიტპატიმარი?


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისათვის 12 000 ევროს გადახდა დადგენილებით, რომელიც 14 ვნისს გამოქვეყნდა. სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ, 2013 წლის 25 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა. სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ დაკავება მისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მოშორების მიზნით მოხდა.

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 14 ივნისს, 12 საათზე, გამოაქვეყნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქმეში "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-18 მუხლები. დადგენილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბერს დაუსაბუთებლად უთხრა უარი წინასწარ პატიმრობაში მყოფ მერაბიშვილს სასამართლომდე გათავისუფლებაზე. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეასრულა ვალდებულება დაესაბუთებინა მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა და განეხილა არასაპატიმრო წინასასამართლო შემაკავებელი ზომების გამოყენების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად სასამართლომ მოსარჩელის პატიმრობა დაადასტურა ერთწინადადებიანი უარით: „არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის გაუქმების შესახებ“. რაც შეეხება დადგენილების კიდევ ერთ პუნქტს, რომელიც შეეხება 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტსა და ამ ფაქტის გამოუძიებლობას, ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა:

„სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბატონ მერაბიშვილის წინასწარი დაკავება არ იქნა გამოყენებული მხოლოდ იმ მიზნით, რომ იგი კომპეტენტური სასამართლო ორგანოს წინაშე წარმდგარიყო საფუძვლიანი ეჭვის ნიადაგზე მის მიერ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო სამსახურში სხვასამართალდარღვევების გამო, რომელშიც მას ბრალი ედებოდა, არამედ მისი დაკავება გამოყენებულ იქნა დამატებით საშუალებად საგამოძიებო ორგანოების მიერ, რათა მიეღოთ დამატებითი ბერკეტები სხვა საქმეების გამოძიებაში - კერძოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან, ასევესაქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაკავება არ უნდა ემსახურებოდეს მიზანს გამოყენებულ იქნეს იგი, როგორც მორალური ზეწოლის საშუალება ბრალდებულზე. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების კომენტირებისას პატიმარ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ, დადგენილებით, სტარსბურგის სასამართლომ მერაბიშვილი პოლიტპატიმრად აღიარა:

„საქართველოსთან მიმართებაში ევროსასამართლოს პირველი გადაწყვეტილებაა, როდესაც დადგინდა ცალსახად, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმარი. ეს არის ევროკონვენციის ყველაზე იშვიათად გამოყენებული მუხლი. სულ ამგვარი საქმე არის ექვსი და ვანო მერაბიშვილი არის მესამე პოლიტიკოსი, იური ლუცენკოსა და იულია ტიმოშენკოსთან ერთად, რომელთან მიმართებაშიც სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. პრაქტიკულად ვანო მერაბიშვილის თავისუფლების პირველი შეზღუდვა, სასამართლოს განმარტებით, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ემსახურებოდა არაევროკონვენციის მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მიზნებს და სასამართლო ამაში საბოლოოდ დაარწმუნა იმან, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა ციხიდან, მასზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, გამოუძიებელი დარჩა“.

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილების ამ ნაწილზე, რომელიც ვანო მერაბიშვილის საკნიდან ღამით გაყვანას უკავშირდება, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომმაშინდელი მთავარი პროკურორი დიდი ხანია აღარ არის თანამდებობაზე, პროკურატურა კი დგას განვითარებისა და პროგრესის გზაზე. თეა წულუკიანი აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი:

„გავასაჩივრებთ, მაგალითად, იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მერაბიშვილის მონაყოლს, რომ მას ჩამოაცვეს თავზე ჯემპრი, გაიყვანეს და აჩვენეს დარბაისელს და ფარცხალაძეს, როგორც თავად ის მოუყვა სტრასბურგის სასამართლოს. სტრასბურგის სასამართლომ გვითხრა ჩვენ, რატომ არ ჩაატარეთ გამოძიებაო. ჩვენ ჩავატარებთ გამოძიებას და დიდ პალატაში ვიდავებთ იმაზე, რომ რეალობა, ალბათ, სხვა იყო და არ უნდა დაეყრდნოს სასამართლო მხოლოდ მომჩივნის განცხადებებს“.

თეა წულუკიანმა არაფერი თქვა იმაზე, თუ რატომ არ ჩაატარა პროკურატურამ საფუძვლიანი გამოძიება სამი წლის წინ, როცა მერაბიშვილმა საკნიდან გაყვანის თაობაზე გააკეთა განცხადება. თეა წულუკიანმა კმაყოფილება გამოთქვა სტრასბურგის სასამართლოს დადგენილების სხვა პუნქტების გამო:

„სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში,ანუ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენთვის მთავარი და ეს მიღწეულია“.

თეა წულუკიანისგან განსხვავებით, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილების იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია წინასწარი პატიმრობის არალეგიტიმური მიზნებისთვის გამოყენებაზე, ქვეყნისთვის უმძიმესი უწოდა გია გვილავამ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც, მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რაც ძალზე იშვიათია:

„ცალსახად თქმა ძნელია, მაგრამ, ჩემი აზრით, შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საქმის წარმოების განახლება, რადგანაც ცხადი გახდა, რომ წინასწარი პატიმრობის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები ჰქონდათ სამართალდამცავ ორგანოებს და ეს მნიშვნელოვანი დარღვევები კონკრეტულად აისახება ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ხოლო თუ ადამიანის უფლებები დარღვეული იყო გარკვეულ ეტაპზე, ეს სასამართლოს პრობლემაა, პირველ რიგში, და, რა თქმა უნდა, პროკურატურისაც. ეს ორი ინსტიტუტია, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს ამ პროცესის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვა, ვერ შექმნეს ამის გარანტია და, უფრო მეტიც, დაარღვიეს ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჰქონდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილს“, უთხრა გია გვილავამ რადიო თავისუფლებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ ვანო მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს 8 ათასი ევრო სასამართლო ხარჯების, 4 ათასი ევრო კი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG